ნატალია ჯვარიძე
28.02.2026

აშშ-სა და ისარელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული მასშტაბური სამხედრო ოპერაცია შესაძლოა დიდი ომის საფუძველი გახდეს. ანალიტიკოსები უკვე განიხილავენ სხვადასხვა ვერსიებს და გამოყოფენ ორ მთავარ ასპექტს, რომელსაც არა მხოლოდ რეგიონალურ, არამედ გლობალურ დონეზე მოყვება ცვლილებები - ორმუზის სრუტის მოსალოდნელი ბლოკირება და ლტოლვილთ ახალი დიდი ნაკადი.

ორმუზის სრუტეს ირანი აკონტროლებს და სწორედ ამ მარშრუტით ხდება მსოფლიო ნავთობის 20%-ის ტრანსპორტირება. სპეციალისთა შეფასებით, მისი ბლოკირება მთელს მსოფლიოში ენერგორესურსებზე ფასების მყისიერ და მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს და ფაქტობრივად ჩამოშლის რისკის ქვეშ დააყენებს ნავთობით ვაჭრობას. ამას კი მკვეთრად ნეგატიური გავლენა ექნება მსოფლიო ეკონომიკაზე.

მეორეს მხრივ კი, არსებობს საფრთხე, რომ საბრძლო მოქმედებების ინტენსივობისა და მასშტაბების ზრდის შედეგად ახლო აღმოსავლეთში ქაოტური ვითარება შეიქმნება და რეგიონიდან სხვადასხვა მიმართულებით დაიძრება ლტოლვილთა დიდი ნაკადები.

ამ და სხვა მიზეზების გამო ახალი გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სამხრეთ კავკასია, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ირანს.

  • ვახტანგ მაისაია: „ალბათ, ეს ოთხი დღე იქნება ყველაზე აქტიური ფაზა... ჯერჯერობით ჩვენს რეგიონში რაღაც მნიშვნელოვან პროცესებს არ უნდა ველოდოთ, რადგან ახლა დაიწყო პირველი ფაზის საბრძოლო მოქმედებები."

შაბათს, 28 თებერვლის დილას ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში დაიწყეს, რასაც საპასუხო დარყტმები უკვე მოყვა. ირანმა თავის მხრივ იერიში მიიტანა არა მხოლოდ ისრაელზე, არამედ რეგიონში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. დასავლურ მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, ირანზე საჰაერო დარტყმები ოთხ დღეს გაგრძელდება და მოვლენების შემდგომი განვითარება სწორედ ამის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

რა საფრთხე ემუქრება კავკასიას

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია სავარაუდო სცენარებზე საუბრობს და იმას განიხილავს, თუ რა ახალი გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს სამხრეთ კავკასია და მათ შორის საქართველო.

„რთულია საუბარი იმაზე, აღმოჩნდებიან თუ არა ამ ომში ჩათრეული სომხეთი და აზერბაიჯანი. ირანმა განახორციელა თავდასხმა იმ ქვეყნებზე, სადაც ამერიკელი სამხედრო ბაზებია, მათ შორის ერაყსა და იორდანიაში. ჯერჯერობით თურქეთში ამერიკის ბაზებზეც არ არის დარტყმა მიყენებული. როგორც ჩანს, ირანი პოლიტიკურ კონტექსტში ამას არ აკეთებს.

„ალბათ, ეს ოთხი დღე იქნება ყველაზე აქტიური ფაზა. მერე მინელდება და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დასრულდება პირველი ფაზის მოვლენები. ჯერჯერობით ჩვენს რეგიონში რაღაც მნიშვნელოვან პროცესებს არ უნდა ველოდოთ, რადგან ახლა დაიწყო პირველი ფაზის საბრძოლო მოქმედებები.

„ფაქტობრივად, ეს სამხედრო კონფლიქტი მიდის მეოთხე თაობის ომის სცენარის ფორმატში - საჰაერო და შორ მანძილზე დარტყმები, ასევე კიბერშეტები და ა.შ. ამას პლუს, ალბათ მალე ამოქმედდება დივერსიული ჯგუფები ორივე მხრიდან. პრინციპში, ირანმა „ჰუსიტები" უკვე აამოქმედა, რომელმაც პირველსავე პერიოდში ისარელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ასევე, გამორიცხული არ არის ირანმა „ჰეზბოლასა" და „ჰამასის" დაჯგუფებები აამოქმედოს; გარდა ამისა, შიიტური ჯგუფები ერაყში ამერიკული ბაზების წინააღმდეგ და ასევე იორდანიაშიც.

„შესაძლოა ირანმა სპეციალური დივერსიული ჯგუფებიც აამოქმედოს, თუმცა ამას ვამბობ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება გახდა, ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. მოკლედ, კავკასიაში რაიმე საფრთხე ახლა არ არსებობს, მხოლოდ შესაძლებელია შემთხვევით შემოფრინდეს რამე, რადგან დიაპაზონი საკმაოდ დიდია.

„ლტოლვილების საკითხი ჯერ არ დგას, მაგრამ თუ დადგა, პირველ რიგში აზრბაიჯანს შეეხება. თუმცა, ეს ქვეყანა საკმაოდ განვითარებულია და შეუძლია მიიღოს. საქართველოს ამ მხრივ ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. თუ ირანში სახელმწიფო მართვის სისტემები მოიშლება და ქაოსი დაიწყება, მაშინ შესაძლებელია ლტოლვილების დიდი რაოდენობა წარმოიშვას და მათ შორის საქართველოშიც შემოვიდნენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რას ვარაუდობენ უცხოელი ექსპერტები

ბაქოში მოღვაწე რუსი ანალიტიკოსის, ნიკიტა სმაგინის თქმით, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან იმით, რომ შესაძლოა ლტოლვილების დიდი ნაკადი სწორედ ამ ქვეყნებისკენ წავიდეს:

„აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, რომლებიც შედარებით მცირე ზომის არიან, შეიძლება მთელი ქვეყნის სტაბილურობას ადვილად შეექმნას საფრთხე".

  • ირანი ორმუზის სრუტის გასწვრივ მდებარეობს, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის. მცირე ზეწოლამაც კი შეიძლება ფასების მატება, საწვავის ინფლაცია და გლობალური ბაზრების რყევა გამოიწვიოს".

საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ირანის პროექტის ხელმძღვანელმა ალი ვაეზმა კი განაცხადა, რომ შესაძლოა საბრძოლო მოქმედებები ფართომასშტაბიან ესკალაციაში გადაიზარდოს, რადგან ირანი ამ კონფლიქტისთვის ემზადებოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ომმა შეიძლება ენერგორესურსებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს:

„ირანი ორმუზის სრუტის გასწვრივ მდებარეობს, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის. მცირე ზეწოლამაც კი შეიძლება ფასების მატება, საწვავის ინფლაცია და გლობალური ბაზრების რყევა გამოიწვიოს".

მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ანვარ იბრაჰიმმა დაგმო ირანზე განხორციელებული დარტყმები და განაცხადა, რომ შესაძლოა კონფლიქტის ესკალაციამ ახლო აღმოსავლეთი „კატასტროფის ზღვარზე" მიიყვანოს.

ირანზე აშშ-სა და ისრაელის მიერ დარტყმების განხორციელებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთმა დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა:

„თუ შეერთებული შტატები დარტყმას განახორციელებს, ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს და კრიზისი მთელ რეგიონში გავრცელდება, ორმუზის სრუტე დაიბლოკება და მისი მოკავშირეები იმოქმედებენ.

„ირანში არსებული ქაოსი გავლენას მოახდენს თურქეთსა და ევროკავშირზე, რაც პოტენციურად ლტოლვილთა მასობრივ შემოდინებას გამოიწვევს", - განუცხადა AFP-ს დიპლომატიურმა წყარომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×