
აშშ-სა და ირანს შორის ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაშლილია. შაბათს, 28 თებერვლის დილას ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში დაიწყეს, რასაც საპასუხო დარყტმები უკვე მოყვა. დასავლურ მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, ირანზე საჰაერო დარტყმები ოთხ დღეს გაგრძელდება და მოვლენების შემდგომი განვითარება სწორედ ამის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს აშშ-მა და ისრაელმა უკვე განახორციელეს მასშტაბური იერიში ირანის ბირთვულ ობიექტებზე, თუმცა მაშინ დაპირისპირებული მხარეები მხოლოდ საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლენ.
რაც შეეხება ახლანდელ გამწვავებას, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ისრაელის მთავარი სამიზნე ისრაელოს ბირთვული პროგრამის ობიექტები და სამხედრო საზღვაო ფლოტია. გარდა ამისა, კეთდება განცხადებები ირანში რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაზე.
- დონალდ ტრამპი: „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას მოგიწოდებთ, რომ იარაღი დაყაროთ. თქვენ სამართლიანად მოგექცევიან ან გარდაუვალი სიკვდილის წინაშე აღმოჩნდებით".
საგანგებო მიმართვით გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას მოგიწოდებთ, რომ იარაღი დაყაროთ. თქვენ სამართლიანად მოგექცევიან ან გარდაუვალი სიკვდილის წინაშე აღმოჩნდებით".
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხსაც მიმართა და ისინი გააფრთხილა, რომ „უსაფრთხო ადგილას დარჩნენ, რადგან ბომბები ყველგან ჩამოცვივდება". მანვე ირანის მოსახლეობას მოუწოდა თავად აიღონ ხელში ძალაუფლება.
ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ამ მოვლენებისას აშშ-საც შესაძლოა ჰქონდეს დანაკარგები.
ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ოპერაციას „ლომის ღრიალი" ეწოდება და მისი მიზანი ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრაა.
„47 წლის განმავლობაში აიათოლას რეჟიმი გაჰყვიროდა „სიკვდილი ისრაელს" და „სიკვდილი ამერიკას". მან ჩვენი სისხლი დაღვარა, მრავალი ამერიკელი მოკლა და საკუთარი ხალხი დახოცა. არ შეიძლება ამ მკვლელ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, რათა კაცობრიობას დაემუქროს", - აცხადებს ნეთანიაჰუ.
საპასუხო დარტყმების გჰანხორციელება ირანმაც დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის მიმართულებით 30 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
„ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირა", - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
მოულოდნელი დარტყმა
ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ შაბათ დილით მოულოდნელი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ირანული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქ თეირანში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.
თვდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ისრაელის პრევენციული დარტყმები იყო. თუმცა, მოგვიანებით აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ დარტყმებში შეერთებული შტატებიც მონაწილეობდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოპერაციის დაწყების პარალელურად ქვეყნის მოსახლეობას ეროვნული გაფრთხილება გაუგზავნეს და მოუწოდეს, დარჩენილიყვნენ დაცულ სივრცეებთან ახლოს.
„ეს არის პრევენციული გაფრთხილება, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის მომზადებას იმ შესაძლებლობისთვის, რომ ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით შესაძლოა რაკეტები გაეშვას," - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ამასთან, თავდასხმის დაწყების შემდეგ „მოსადმა" განცხადება გაავრცელა და ირანის მოქალაქეებს მიმართა.
„ირანელო ძმებო და დებო. თქვენ მარტო არ ხართ! ერთად ირანს დიდებულ დღეებს დავუბრუნებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა „ნიუ იორკ თაიმსს" განუცხადეს, რომ ეს თავდასხმა, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე ვაშინგტონის ოპერაცია ირანის ბირთვულ ობიექტებზე 2025 წლის ივნისში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს საგანგებო მიმართვაში აღნიშნა, რომ ოპერაციის მიზანი ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განადგურებაა.
„ამ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. კიდევ ერთხელ ვამბობ - მათ ბირთვული იარაღი არასდროს ექნებათ", - აღნიშნავს ტრამპი.
ამ ოპერაციისთვის ახლო აღმოსავლეთში 500-ზე მეტი ამერიკული თვითმფრინავი და ათობით სამხედრო ხომალდი, მათ შორის ორი ბირთვული ძრავით აღჭურვილი ავიამზიდი განლაგდა.
გამოცემა „როიტერსი" წერს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ირანში არ იმყოფება და უსაფრთხო ლოკაციაზეა გადაყვანილი.
ასევე, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის რეზიდენცია იყო, რასაც პრეზიდენტი შესაძლოა ემსხვეპლა კიდეც. თუმცა, მოგვიანებით ირანულმა მედიამ გაავცრელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტი „სრულიად ჯანმრთელია და მას არანაირი პრობლემა არ შექმნია".
ამჟამად ისრაელის საჰაერო სივრცე მთლიანად დაკეტილია. ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების ფონზე ქვეყნის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ფრენებისთვის დაიხურა.
„საზოგადოებას ვთხოვთ, რომ აეროპორტებში არ მივიდნენ", - ნათქვამია ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
წინაისტორია
სიტუაცია ირანის გარშემო 2025 წლიდან თანდათანობით იძაბება. დასავლური წყაროების ცნობით, ირანი აგრძელებდა ურანის გამდიდრებას 60%-მდე და ზღუდავდა საერთაშორისო ინსპექტორების წვდომას ბირთვულ ობიექტებზე.
ისრაელი არაერთხელ აცხადებდა, რომ „არ დაუშვებს" ირანის ბირთვულ შეიარაღებას და ამზადებდა პრევენციულ სცენარებს. ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობდა მოლაპარაკებების აღდგენას, მაგრამ პროგრესი მინიმალური იყო.
რამდენიმე დღის აშშ-მა და ირანმა განაახლეს მოლაპარაკებები ჟენევაში, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
დაძაბულობის ფონზე აშშ-მა რეგიონში „ფ-22" ტიპის ავიაგამანადგურებლებისა და სხვა შეიარაღების გადასროლა დაიწყო. ამის პარალელურად, 25-26 თებერვალს, ირანმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები და ბალისტიკური რაკეტების დემონსტრირება ჩაატარა.
27 თებერვლიდან უკვე შეინიშნებოდა მოახლოებული დაპირისპირების ნიშნები. აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში გარკვეულ დიპლომატიურ პერსონალს მისცა ქვეყნის დატოვების რეკომენდაცია და ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საგანგებო სხდომა გამართა.