
აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს. ინფორმაციას „ასოშიეიტედ პრესი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა გაერო-ს ისტორიაში, როცა პირველი ლედი უშიშროების საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იქნება.
მოსალოდნელია, რომ მელანია ტრამპი სხდომას 2 მარტს, აშშ-ის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის, მაიკ უოლცის ნაცვლად უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ მარტში, როტაციის წესით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე აშშ გახდება. სხდომა, რომელსაც მელანია ტრამპი უხელმძღვანელებს, მიეძღვნება მსოფლიოში განათლებისა და ტოლერანტობის განვითარების საკითხებს.
როგორც „ასოშიეიტედ პრესი“ წერს, მელანია ტრამპმა თავისი მოღვაწეობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების პრობლემა აქცია. მან გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წერილიც კი მისწერა და მოგვიანებით მადლობა გადაუხადა, რადგან რამდენიმე უკრაინელმა ბავშვმა, რომელიც უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე იყო გაყვანილი, მშობლებთან დაბრუნება შეძლო.