რეზონანსი
26.02.2026

22 თებერვალს, გამთენიისას, 5 საათზე, ექიმებმა კლინიკის საპირფარეშოს კარი შეამტვრიეს - ადგილზე უმძიმესი სურათი დახვდათ. 35 წლის სანიტარი რამდენიმე წუთის ნამშობიარები იყო, ახალშობილი კი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული.

ახალშობილი ბიჭია, მას სხეულზე ჭრილობები აქვს, მათ შორის, ყელის არეში. ჩვილს თავის ქალა აქვს გატეხილი. რა საგნით მიაყენა დედამ შვილს დაზიანებები, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

ეს უმძიმესი დანაშაული ბათუმში, კლინიკა "მედინაში" მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სანიტარი საპირფარეშოში იყო ჩაკეტილი. საავადმყოფოს თანამშრომლებმა 35 წლის ქალს კარის გაღება არაერთხელ მოსთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

დანაშაულის დეტალებზე კლინიკაში საუბარს თავს არიდებენ. სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა "კურიერთან" საუბრისას მხოლოდ ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. ჩვილი რეანიმაციაში რჩება.

ახალშობილის დედა პოლიციამ იმავე დღეს, კლინიკაშივე დააკავა. სამართალდამცველებმა ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. დანიშნულია ექსპერტიზა.

35 წლის სანიტარი ახალშობილი შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა ბრალდებული. ადვოკატს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გასაჯაროება არ სურს.

პროკურატურის შუამდგომლობით, 35 წლის ქალი სასამართლომ 2-თვიან პატიმრობაში დატოვა. 21 აპრილს წინასასამართლო სხდომაა დანიშნული.

დედას, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, ახალშობილი შვილის მკვლელობა სცადა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×