მეწარმეები და იმპორტიორები თვეობით და ხანდახან წლობითაც ვერ იბრუნებენ მარკეტებიდან თანხას
თამარ ვეფხვაძე
25.02.2026

პარლამენტში, სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. ამჯერად, დისტრიბუტორებს მოუსმინეს და აქამდე ცნობილ პრობლემებს, რაც პროდუქციის მაღალ ფასს იწვევს, კიდევ ერთი დაემატა. მართალია, მწარმოებლების მსგავსად, ქსელური მარკეტების დაწესებული „ქეშბექის“ მაღალი პროცენტი დისტრიბუტორებსაც აწუხებთ, მაგრამ დღეს გაირკვა, რომ ბაზრის მსხვილი მოთამაშეები, ანუ დიდი მარკეტები დისტრიბუტორებს საბრუნავ თანხას დაგვიანებით ურიცხავენ, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს იწვევს. ექსპერტები სრულად იზიარებენ მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების პრობლემებს და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სამართლებრივი მექანიზმი უნდა გაამკაცროს - საჭიროა შესაბამის კანონში გარკვეული ცვლილებები. 

სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელმა, ლევან პაპიაშვილმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებულია, მარჟას დაამატოს ქსელურ მაღაზიასთან „ქეშბექზე“ დასაბრუნებელი თანხა, რათა შეძლოს მუშაობის გაგრძელება: „პროდუქტის მიწოდებისას, ქსელური მაღაზიების უმრავლესობას აქვს ეს პირობა ჩადებული, რომ თუ პროდუქციას დარჩენილი აქვს შენახვის ვადა 50%-ზე ნაკლები, ჩვენ ვერ შევიტანთ ამ პროდუქციას. უნდა იყოს 60-70% და მეტი“, - განაცხადა ლევან პაპიაშვილმა. 

სადისტრიბუციო კომპანია „მზიურის“ დირექტორის, ლაშა გოცირიძის განცხადებით, 10-ლარიან პროდუქტზე, 43%-იანი ფასნამატი გამოდის. მისი თქმით, აქედან 21% არის „რითეილის“ გადასახადები, 19% - საოპერაციო ხარჯი, ხოლო 3% - სადისტრიბუციო კომპანიის მოგება.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა დღევანდელ სხდომაზე ქსელური მაღაზიების მიერ მწარმოებლებისა და დისტრიბუტორებისთვის თანხის დაგვიანების საკითხზე ისაუბრა, რაც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს მთელ სექტორს. ბერეკაშვილის განცხადებით, ქსელური მარკეტები თანხის დაგვიანებით გადახდით, ერთი მხრივ, აზიანებენ  მწარმოებლებისა და დისტრიბუციის სექტორს, ხოლო მეორე მხრივ, სარგებლობენ აღნიშნული გამოთავისუფლებული ფულადი სახსრებით, ფართოვდებიან და ხსნიან ახალ მაღაზიებს.

„სამწლიან დინამიკას რომ შეხედოთ, ქსელებმა გააუარესეს გადახდის დღეები, თუ სამი წლის წინ, 45 დღე იყო გადახდის, შემდეგ ავიდნენ 60-სა და 80-ზე. როდესაც დიდი ქსელი გაქვს, თვეში ბრუნვა 100 000 000-ია და მომწოდებელთან გადასახდელია 80 000 000, ამას 45 დღის განმავლობაში უნდა აკეთებდე, პროდუქციის მიღებიდან. ერთი დღით რომ გადასწია, უკვე 2.5 მილიონი გამოთავისუფლდა, 10 დღით რომ გადასწია - 25 000 000 გამოუთავისუფლდა. ამ თანხით ხდება შემდეგ გაფართოება, ამან დაამძიმა სექტორი, მეორე და მესამე რგოლი. ვისაც მეტი რესურსი აქვს გადარჩება, ვისაც არ აქვს, ეს იწვევს პროდიქციის გაძვირებას, ერთგვარი სპირალია. ჩვენი მიზანია, ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ, რომ ეს პროცესი გავაჩეროთ, დავშალოთ, რომ სექტორი მუშაობდეს ისე, როგორც არის ნორმალური“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის თავმჯდომარემ, ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას, სწორედ ამ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, არათუ სამი და ოთხი თვით, ხშირ შემთხვევაში, წლობით აჩერებენ და სპეციალურად აგვიანებენ გადახდას. 

„არანაკლებ სერიოზული პრობლემაა ის, რაზეც არ უსაუბრიათ დღევანდელ შეხვედრაზე, მაგრამ ნამდვილად არსებობს და ეს არის წლების მანძილზე დაგროვილი გადაუხდელი თანხები. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოთხი თვით აჩერებენო, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ საერთოდ არ იხდიან ქსელური მარკეტები. ამაზე მიმართვიანობა სასამართლოშიც საკმაოდ დიდია, მაგრამ სასამართლოს სხვა პრობლემაც აქვს - კიდევ უფრო აჭიანურებს პროცესს ერთი, ორი და ზოგჯერ სამი წლითაც კი. პრაქტიკულად, ამ ხნის მანძილზე, ქსელურ მარკეტებს უფასო ფული აქვთ. 

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ხელშეკრულებით, ოთხი თვე აქვს გადახდის ვადა, მეხუთე და მეექვსე თვეს ხომ ვერ წავა მეწარმე ან დისტრიბუტორი სასამართლოში, ამ ფულის ამოსაღებად? წავა უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, როდესაც სრული უიმედობის ზღვარზე მივა. ამიტომ, სასამართლოს ორ-სამ წელს კიდევ რამდენიმე წელი ემატება და გამოდის, რომ ოთხი-ხუთი წლის მანძილზე, ამ ქსელებს უფასო ფული აქვთ, თანაც ყოველგვარი გადასახადებისა და პროცენტის გარეშე“, - განუცხადა „რეზონანსს“ ოთარ ანგურიძემ. 

რაც შეეხება „ქეშბექის“ მაღალ პროცენტს, ეკონომისტმა ხაზი გაუსვა, რომ საგადასახადო კოდექსი, სამწუხაროდ, არ განსაზღვრავს „ქეშბექის“ დაბეგვრას. შესაბამისად, გამოდის, რომ ის „ქეშბექი“, რასაც ქსელური მარკეტები იღებენ დისტრიბუტორებისგან და მწარმოებლებისგან, წმინდა მოგებაა  მათთვის.

„სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ საგადასახადო კოდექსში გარკვეული სახის ცვლილებები განხორციელდეს, რადგან გამოიკვეთა, რომ ამ საკითხს სამართლებრივი რეგულირება სჭირდება და სახელმწიფოს აქტიური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. იმასაც ვხედავთ, რომ სახელმწიფოს უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, რომლებიც აცხცადებენ, რომ არ უნდა ერეოდეს კერძო ბიზნესში, მაგრამ თუ საზოგადოებებს შორის ურთიერთობებში არ ჩაერევა, მაშინ ველურ სამყაროს მივიღებთ, სადაც მხოლოდ ძლიერები განსაზღვრავენ თამაშის წესებს. დღეს სწორედ ეს სიტუაცია გვაქვს, როდესაც ძლიერები განსაზღვრავენ პროდუქტებზე ფასებს და იმასაც, თუ ვინ უნდა შეიტანოს ქსელში პროდუქცია და ვინ - არა. 

დღესდღეობით წვრილი და საშუალო კომპანიების დიდი ნაწილი საერთოდ ვერ შედის ქსელურ მარკეტებში. ეს იმიტომ, რომ შესვლის მოსაკრებელი ყოფილა ძალიან მაღალი. მთავრობას მოუწევს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, ასევე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს კიდევ უფრო გაძლიერება, რომ ამ უწყებას ბაზარზე ჩარევისა და მოქმედების მეტი ბერკეტი ჰქონდეს“, - აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.   

ამავე პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება ანალიტიკოსმა დავით ჩიხელიძემ, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბარი ერთ-ერთი დისტრიბუტორის განცხადებით დაიწყო. ეს იყო მისთვის ყველაზე მეტად დრამატული განცხადება, რაც დღევანდელ სხდომაზე მოისმინა:

„ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რამდენიმე მსხვილი ქსელური მარკეტი მისთვის დამღუპველია და არ შედის ამ ქსელებში, რადგან დიდი გადასახადია და მას ამის საშუალება არ აქვს. დაასახელა „ორი ნაბიჯი“, „სპარი“ და რამდენიმე მარკეტი. იცით, ეს რას ნიშნავს? საქართველოში, სასურსათო და ქსელური მარკეტების ბაზარი არასწორად განვითარდა. რეალურად, ქსელური მარკეტი მწარმოებლისთვის დიდი სიხარული უნდა იყოს, რომ მას საშუალება ეძლევა, საკუთარი პროდუქცია გაყიდოს, მაგრამ ჩვენთან იმდენად გაფუჭებულია ეს სფერო, რომ გვყავს მაწარმოებლები, რომლებისთვისაც ქსელურ მარკეტში შესვლა დამღუპველია! ეს იყო ჩემთვის დღევანდელი სხდომის საკმაოდ ტრაგიკული ფრაზა. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია, იფიქრო განვითარებაზე, რადგან შესაბამისი პირობები არ გაქვს და პირიქით, ხელს გიშლიან. 

რაც შეეხება „ქეშბექს“, ეს ყველგან არსებობს, მაგრამ აუცილებელია, რომ გარკვეულ საზღვრებში ჯდებოდეს. „ქეშბექი“ საქართველოს „ნოუ-ჰაუ“ არ არის, ყველგან არის, მაგრამ მიზნობრივ მაჩვენებელს არ სცდება, ჩვენს შემთხვევაში კი, რეალურად ვხედავთ, რომ „ქეშბექის“ "დამსახურებით" პროდუქტებზე ფასი 70% და ზოგჯერ 80%-ით იზრდება. რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენლად დიდი ფასნამატია. საწყის ეტაპზე, „ქეშბექი“ დაბალ ნიშნულზე იყო, თუმცა ქსელურმა მარკეტებმა, ფაქტობრივად, ბაზრიდან გააქრეს მცირე და საშუალო მოთამაშეები. მას შემდეგ, რაც საფუძვლიანად გაიმყარეს პოზიციები და ყოველ ფეხის ნაბიჯზე გახსნეს თავიანთი მაღაზიები, ერთმანეთში გარიგდნენ, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა „ქეშბექის“ ეს მახინჯი პროცენტი, რომელიც საკმაოდ მაღალია. როდესაც მყარად გაიდგეს ფესვები და დაიმკვიდრეს თავი საქართველოს მასშტაბით, უკვე მაღალ პროცენტზე დაიწყეს მუშაობა და მწარმოებლებს ალტერნატივა არ დაუტოვეს. 

ქვეყანაში მონოპოლი ჩამოყალიბდა და რაც არ უნდა დაბალი ფასი შესთავაზოს მწარმოებელმა, ფაქტია, პროდუქტზე ფასს ადგენს ქსელური მარკეტი. თუმცა, „ქეშბექის“ გარდა, მათ მრავალი სხვადასხვა გადასახადი აქვთ, რათა კომპანიამ პროდუქციის განთავსება მოახერხოს, ანუ თარო რომ დაუთმოს, შესაბამისად, სწორედ ამის გამო იზრდება ფასი ხელოვნურად. 

ორი პრობლემა იკვეთება - რეალურად პროდუქცია ძვირია და ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ მეორე ის არის, რომ ეს თავკომბალა სტრუქტურა, ანუ ქსელური მარკეტების მონოპოლია საფრთხეს უქმნის და არ აძლევს განვითარების საშუალებას მცირე და საშუალო საწარმოებს. ქსელური მარკეტების მფლობელებს მოვუწოდებ, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად და ნუ გამოეკიდებიან ამ თანხებს, რომლებსაც ისინი ქართველი ხალხის ხარჯზე აკეთებენ“, - განუცხადა „რეზონანსს“ დავით ჩიხელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×