
მცირე გაიაფების შემდეგ ოქრო ნელ-ნელა იბრუნებს პოზიციას და ერთი უნციის ღირებულებამ უკვე 5200 დოლარს მიაღწია. როგორც ჩანს, გაურკვევლობა მსოფლიო ბაზარზე დიდია, რაც, ძირითადად, გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება, განსაკუთრებით კი ირანში შექმნილ სიტუაციას. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ამ დროისთვის ოქრო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური აქტივია. ის განსაკუთრებით მაშინ ფასობს, როდესაც გლობალურ ბაზრებზე საფრთხის ნიშნებია და არსებობს შიში, რომ ფულმა შეიძლება ძალა დაკარგოს.
25 თებერვალს 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებამ 5 190-ს მიაღწია, რაც ერთ დღეში 0.65%-იან გაძვირებას ნიშნავს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 89.84 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 3.76%-ით მომატებული ფასია.
ბოლო პერიოდში ოქრო უმნიშვნელოდ გაიაფდა საქართველოში. 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 453 ლარია, 750-სინჯიანი - 340 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 265 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.33 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.67 ლარად არის შესაძლებელი.
კომპანია ,,ზარაფხანას" დირექტორის თორნიკე სამხარაძის ინფორმაციით, თვის დასაწყისიდან დღემდე ერთი გრამი ოქრო საქართველოში დაახლოებით 60 ლარით არის გაძვირებული ვერცხლის ფასმა კი 4,50 ლარით მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი ძვირდება ,,ზარაფხანა" არსებულ ფასს ჯერჯერობით ინარჩუნებს. ამ ეტაპზე კორექცია არ იგეგმება.
,,არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ ვიფიქროთ, ოქროს ფასი მოკლევადიან პერიოდში შემცირდება. დღესდღეობით ოქრო ყველაზე მოთხოვნადი ხდება მსოფლიოს მასშტაბით. ამას ემატება გეოპოლიტიკური გამოწვევები. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ოქროს ფასი კიდევ გაიზრდება და ახალ რეკორდებს უნდა ველოდოთ.
ცხადია, მწარმოებლებისთვის საკმაოდ რთული მდგომარეობაა. შარშან მოგვიწია, რომ 2-ჯერ გაგვეზარდა ფასი. ჯამურად, წლის ჭრილში პროდუქცია დაახლოებით 12-13%-ით გაძვიდა. ამჯერად კი ცვლილებას არ ვგეგმავთ.
რაც შეეხება გეოპოლიტიკურ ვითარების გავლენას, ნებისმიერი ინვესტორი ოქროს ძალიან სანდო და უსაფრთხო აქტივად მიიჩნევს. შეიძლება ვალუტა გაუფასურდეს, მაგრამ ოქროს ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში უცვლელი რჩება. მცირე არასტაბილურობის გამოც კი შეიძლება ფასმა მნიშვნელოვნი ცვლილება განიცადოს, ვინაიდან ინვესტორები მაშინვე ოქროს შესყიდვაზე გადადიან. ასევე ვხედავთ, რომ არ სრულდება რუსეთ-უკრაინის ომი. ყველა ჩაშლილი მოლაპარაკება მოქმედებს ინვესტორებზე და საბოლოოდ ოქროზე ფასების ზრდას იწვევს", - აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.
რაც შეეხება გაყიდვის დინამიკას, საქართველოში ოქროს ნაკეთობები ისევ რჩება მნიშვნელოვან სასაჩუქრე და საინვესტიციო აქტივად. შესაბამისად, რეალიზაციის დინამიკა ნარჩუნდება.
ბაზრის პერსპექტივასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება და რა სახეს მიიღებს იგი, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება მდგომარეობა ირანში და რამდენად შეასრულებას ამერიკა მუქარას ამ ქვეყნის მიმართ.
,,ოქროს ფასი მაღალ ნიშნულს ისევ შეინარჩუნებს. მსოფლიო ბაზრებზე დიდი დაძაბულობაა და ოქროს მიმართავენ, როგორც ერთ-ერთ საიმედო და უსაფრთხო აქტივს. მეორე აქტივი იქნება ნავთობი, რომელიც ასევე გაძვირდება, თუმცა როგორც კი დასტაბილურდება ვითარება ირანის მიმართულებით, ოქროს ფასი დაიწევს, მაგრამ თუ ამერიკა დაარტყამს ირანს და დაიწყება საომარი მოქმედება, ოქრო ბაზარზე აგრესიულად გაძვირდება. ინვესტორები უფრო შიშის გამო ყიდულობენ. ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ სიტუაცია არ დარეგულირდება. საომარი მდგომარეობა თუ დაიწყება, დოლარი დაიწყებს გაუფასურებას და ერთ-ერთი საიმედო აქტივი სწორედ ოქრო იქნება.
ფასის სწრაფი ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დაიწყო და აღარ გაჩერებულა. ოთხწლიან ომს დაემატა არასტაბილური მსოფლიო, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა და სხვა.
ცოტა ხნის წინ ფასმა თითქოს დაიკლო, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი კორექციაა. ზოგადად ირანში არსებული სიტუაციის გამო მსოფლიო ბაზრებზე დაძაბულობაა. ირანის ფაქტორის გარდა, მოქმედებს უკრაინის, პაკისტან-ავღანეთის და სხვა ფაქტორებიც, სანამ ეს მოცემულობაა გეოპოლიტიკაში, ოქროს ფასი აღებულ დინამიკას არ შეცვლის", - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
გლობალურ ბირჟებზე არსებული სიტუაციის შეფასებისას ნიკა შენგელიამ ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ ამ პროცესის პარალელურად კრიპტოვალუტის მიმართაც შეიცვლება მოცემულობა და მისი ფასიც გაიზრდება, რაც დოლარის პოზიციას სამომავლოდ შეასუსტებს.
,,ოქროს ფასმა სტაბილური ზრდა ჯერ კიდევ დაიწყო 2022 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო. როგორც ვნახეთ, მისი ღირებულება მუდმივად აღმავალ მდგომარეობაშია. საერთოდ, დოლარი, ოქრო, ნავთობი ერთმანეთთან გარკვეულ კორელაციაშია.
რადგან ვიცით, რომ ოქროს ფასი იმატებს, ახლა უნდა დავაკვირდეთ კრიპტოვალუტებში რა ხდება. განსაკუთრებით ბიტკოინმა, მსოფლიო ბაზარზე, ფაქტობრივად, ოქროს ფუნქცია შეიძინა. ასე რომ, ოქროს გაძვირება და კრიპტოვალუტის მაღალი ღირებულება ქმნის საფუძველს, რომ დოლარის პოზიცია შესაძლოა, ძალიან შესუსტდეს. მოკლედ რომ ვთქვა, ლარი შედარებით გამყარდება და დოლარი გაუფასურებისკენ წავა, თუკი აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი გაღრმავდება“, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ "რეზონანსთან" საუბრისას.
ოქროს გაძვირების კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ არა მხოლოდ ინვესტორებმა, არამედ ძალიან ბევრმა ეროვნულმა ბანკმა ოქროს შესყიდვა დაიწყო. ამჟამდ აშშ-ს 8 ათას ტონაზე მეტი ოქროს რეზერვი აქვს, გერმანიას - 3 ათას ტონაზე მეტი, ხოლო რუსეთს, ჩინეთს, იტალიასა და საფრანგეთს - დაახლოებით 2300-2500 ტონა. 900 ტონამდე რეზერვი აქვს ინდოეთს.