
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანთან დაკავშირებით კონგრესმენებისთვის საიდუმლო ბრიფინგი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს. მარკო რუბიომ დახურული შეხვედრა გამართა ე.წ. რვას ჯგუფთან, რომელშიც შედიან წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ორივე პარტიის წამყვანი ლიდერები, და ასევე წარმომადგენელთა პალატისა და სენატის დაზვერვის კომიტეტების თავმჯდომარეები და წამყვანი წევრები.
აღნიშნული ჯგუფი საიდუმლო ინფორმაციას იღებს თეთრი სახლისგან დაზვერვის საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვან საომარ ქმედებებისთვის მომზადებასაც შეიძლება მოიცავდეს.
კანონმდებლების ამ ჯგუფთან რუბიოს ბოლო შეხვედრა 5 იანვარს გაიმართა, მეორე დღეს მას შემდეგ, რაც აშშ-მა წარმატებით დააკავა ნიკოლას მადურო ვენესუელაში.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ ტრამპი ირანზე სამხედრო დარტყმისთვის ემზადება. მისივე აზრით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ხუთშაბათს ირან-ამერიკის მოლაპარაკება.
„ხუთშაბათს ამერიკა-ირანის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. ირანელებმა თავიანთი გეგმა შეიმუშავეს - როგორ შეიძლება ამ კონფლიქტის მოგვარება და თავისთავად, ამერიკას თავისი სტრატეგია აქვს. ყველა ელოდება ხვალინდელ დღეს. თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდება, როგორც ჩანს ტრამპს გადაწყვეტილი აქვს, სამხედრო ზეწოლა მოახდინოს ირანზე. იქამდე სავარაუდოდ, მარკო რუბიოს ეს საიდუმლო შეხვედრა სასინჯ ქვასავით იყო",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".