თამთა ჩაჩანიძე
25.02.2026

საბჭოთა ოკუპაციის დღე, დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - "იმედისა" და "პოსტივის" დასაქნცირება, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების განცხადება, ევროკავშირ-რუსეთს შორის ვაჭრობა, საქართველოს პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში, ყულევის პორტი და ფასების შემცირება - ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოჯორში ისაუბრა ჟურნალისტებთან.

პრემიერმა 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას მიაგო პატივი.

რაც შეეხება სანქციების საკითხს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა" და "პოსტივი"-ს სანქციები დაუწესა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, აღნიშნულ ტელეკომპანიებს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს".

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ტელეკომოანიები „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი".

ირაკლი კობახიძის შეფასებით, "დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც „იმედში", ისე "პოსტივი"-ში - ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა გააგრძელოს ორივე კომპანიასთან თანამშრომლობა".

საბჭოთა ოკუპაციის დღე

პრემიერის თქმით, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბრძოლა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვისთვის.

„პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას. ისინი გმირულად იბრძოდნენ და მათ დაგვიტოვეს გმირობის ჭეშმარიტი მაგალითი. ჩვენი ვალია მათთვის პატივის მიგება.

ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვისთვის. ჩვენი გმირები გვაძლევენ სწორედ ამის მაგალითს და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ზუსტად ასეთი მაგალითით, როდესაც საქმე ეხება ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას", - განაცხადა პრემიერმა.

სანქციები

კობახიძემ კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის მიერ "იმედისა" და "პოსტივის" დასანქცირებაზე.

"დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც ტელეკომპანია „იმედში", ისე "პოსტივი"-ში, ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა, პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია", - თქვა პრემიერმა.

  • კობახიძე: " ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა გააგრძელოს ორივე კომპანიასთან თანამშრომლობა".

მისი თქმით, "დიდ ბრიტანეთში აღარაფერი აღარ ფასობს, არც მედიის თავისუფლება და არც ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები".

ამბობს, რომ ყველა სახელმწიფო და კერძო კომპანიამ უნდა გააგრძელოს ორივე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა. მისი თქმით, "ფურცელზე ეს არის, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი".

"2012 წლამდე ამ ქვეყანაში იყო შელახული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის შელახული იყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, სრული მონოპოლია იყო ჩამოყალიბებული და 2012 წელს სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ არავის შევალახვინებთ ამ ძირითად უფლებას",- განაცხადა პრემიერმა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველა სახელმწიფო კომპანიამ და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა გააგრძელოს ორივე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა.

"ახლა არ დაგვჭირდება 5 წელი, დაგვჭირდება მაქსიმუმ 5 დღე იმისთვის, რომ სრულად უზრუნველვყოთ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვა როგორც ტელეკომპანია „იმედისთვის", ისე „პოსტივისთვის". ყველა სახელმწიფო კომპანიამ და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა გააგრძელოს ბუნებრივია ორივე კომპანიასთან თანამშრომლობა",- განაცხადა კობახიძემ.

ელჩების განცხადება

საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩებმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სანქციების ეფექტიან აღსრულებასა და რუსეთის მხარდაჭერის არდაშვებაში, პრემიერმა ამ საკითხზეც ისაუბრა.

"რასაც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას და რაზეც ვიღაცები ამბობდნენ, თითქოს ეს არ მომხდარა, დღეს უკვე ღიად დაიწყეს ამაზე საუბარი. ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოგვიწოდეს სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.

"მინდა, შეგახსენოთ, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც ისინი აცხადებენ პროდასავლურად, ანტირუსულად. ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები, არცერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება. აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი, აქედან ჩანს, რომ კონკრეტული ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა კობახიძემ.

ევროკავშირ-რუსეთს შორის ვაჭრობა

კობახიძის თქმით, "რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ამაზე თვითონ ევროპული ბიუროკრატია საუბრობს".

„ასეთ დროს ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, ვაწარმოებთ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ამ მიზეზით არ დაწესდა სანქციები, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში

პრემიერის თქმით, საქართველო ათასამდე სხვადასხვა ტიპის აქტს შეუერთდა ამ 4 წლის განმავლობაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას. მისი თქმით, რეზოლუციას სახელწოდებით „უკრაინაში მყარი მშვიდობის მხარდაჭერა", 107-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ, გარკვეულმა ქვეყნებმა კი თავი შეიკავეს, რომლებიც არიან გამოცხადებული "პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად".

"რამდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, თავადაც ხედავთ. ჩვენი პოლიტიკა მკაფიოა, ათასამდე სხვადასხვა ტიპის აქტს შევუერთდით ამ 4 წლის განმავლობაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას, ამ ფონზე ეს ორმაგი სტანდარტები თავის თავზე მოქმედებს",- აღნიშნა პრემიერმა.

რასა იუკნევიჩიანეს პროექტი

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში განიხილავენ საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. კობახიძის თქმით, "აქ ობიექტურობაზე საუბარი ძნელია".

"ვიცით ვინც არის რასა იუკნევიჩიანე, რა სტანდარტები აქვს მას. შესაბამისად, სრულიად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს. არის მარტივი კოორდინაცია ევროპულ ბიუროკრატიაში, რომლის მიზანია, რაღაცნაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვხედავთ, რომ ამას პრინციპულად ვერ ახერხებენ", - განაცხადა კობახიძემ.

ყულევი

გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის პორტიც იყო შეტანილი, თუმცა უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს და პაკეტი ვერ მიიღეს. კობახიძის თქმით, ოპონენტებს "იმედები გაუცრუვდათ".

  • პრემიერი: "ყულევი არ დასანქცირდა. აქაც იმედები გაგიცრუვდათ. სრული ინფორმაცია გავუზიარეთ ევროკავშირს, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევში არ ირღვევა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა"

"ყულევი არ დასანქცირდა. აქაც იმედები გაგიცრუვდათ. ჩვენ სრული ინფორმაცია გავუზიარეთ ევროკავშირს იმასთან დაკავშირებით, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევში არ ირღვევა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. საბოლოდ პროექტის რევიზიამდეც კი არ მივიდა საქმე. პროექტისთვის აღარ გადაუხედავთ. იმთავითვე პროექტი იყო განწირული ჩავარდნისთვის. მთლიანი პაკეტი განწირული იყო ჩავარდნისთვის, თვითონ პროექტის რევიზია აღარ გაკეთებულა. რა თქმა უნდა, არ არის ამოწურული რისკი, რა ინფორმაციასაც მოგვთხოვენ, ყველა ინფორმაციას გავუგზავნით",- თქვა კობახიძემ.

ფასების შემცირება

„სამუშაო პროცესი პარლამენტში აპრილის ბოლომდე დასრულდება, თუმცა მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, მათ შორის, ჩვენთვის მთავარია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს",- განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×