პრემიერ-მინისტრისის საგრძნობლად შეკვეცილი რაოდენობა აკადემიკოსმა ზურაბ ვახანიამ კიდევ 2/3-ით შეამცირა
რეზონანსი
24.02.2026

შრომის ბაზრის ანალიზის მიხედვით, უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, დაახლოებით, 14 400 აბიტურიენტი უნდა აბარებდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე შრომის ბაზრის კვლევა წარადგინა, რომელიც განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმას უნდა დაედოს საფუძვლად. როგორც გაირკვა, დასაქმებულთა მხოლოდ 60%-ს სჭირდება დიპლომი, 40%-ს კი - პროფესიული განათლება. დარგის სპეციალისტები ამ კვლევას სრულად იზიარებენ და ამბობენ, რომ შრომის ბაზრის კვლევაზე დაფუძნებული განათლების რეფორმა უმნიშვნელოვანესია.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, რეალურად 14 400 აბიტურიენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში, თუმცა, როდესაც კვოტები გადანაწილდა, 5-წლიანი პერსპექტივა გათვალეს და დღეს არსებული რეალობაც მხედველობაში მიიღეს. შედეგად, თუ სამართლის ფაკულტეტზე 3 600 აბიტურიენტი აბარებს, რეალურად, მოთხოვნა 700 იურისტზეა. პრემიერის განცხადებით, ეს რაოდენობა 3 600-დან 700-მდე მკვეთრად კი არა, ეტაპობრივად შემცირდება. 

"გადავწყვიტეთ ეტაპობრივად, წლიდან წლამდე მივიყვანოთ ჩარიცხულთა რაოდენობა ოპტიმალურ მაჩვენებლამდე. ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლებიც გვეუბნება, რომ საჭიროა 14 400 სტუდენტის ჩარიცხვა უნივერსიტეტებში, მაგრამ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რაზეც ვსაუბრობდი, საბოლოო ჯამში 21 300 სტუდენტზე გამოცხადდება მიღება, შესაბამისად 50%-ით ვაჭარბებთ იმ ოპტიმალურ მაჩვენებელს, რაც მოგვცა ჩვენ შრომის ბაზრის ანალიზმა. ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ სრულ დაახლოებაზე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აკადემიკოსი ზურაბ ვახანია სრულად ეთანხმება პრემიერს და შრომის ბაზრის კვლევის ამ ანალიზს, ოღონდ მცირეოდენი განსხვავებით. „რეზონანსთან“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ გამოთვლილი აქვს სტუდენტების რეალური რაოდენობა, რამდენიც ნამდვილად გვჭირდება, ამიტომ ეტაპობრივად კი არა, საჭიროა მყისიერად შეიკვეცოს და პრობლემაც მოგვარდება.   

„20 წელია, სულ ამას ვამბობ, რომ არაა საჭირო ამდენი სტუდენტი. რეალურად, სტუდენტების ოჯახები ღატაკდება და კიდევ უარესი, ზოგ სტუდენტს საკუთარი თავი იურისტი, ზოგს - დიპლომატი ჰგონია. ამის გამო, საქმეს აღარ აკეთებენ, ელოდებიან, როდის დაასაქმებენ, მაგრამ ვინ უნდა დაასაქმოს ათასობით იურისტი და დიპლომატი? საშინელება იყო, რაც ხდებოდა და ძალიან კარგი, რომ შეიკვეცება, მაგრამ მცირე შეკვეცა არ შველის. 

მე გამოთვლილი მაქვს კვოტების რეალური რაოდენობა. კომუნისტების დროს, ყოველწლიურად, მისაღები ადგილი იყო 8000. მაშინ ახალგაზრდები, სულ ცოტა, ორჯერ მეტნი იყვნენ, ვიდრე დღეს არიან, თან დასაქმება იყო - ყველა კურსდამთავრებული იწყებდა მუშაობას და ამ პირობებში იყო 8000-იანი კვოტა. აქედან გამომდინარე, დღეს 5000 მაქსიმუმია, მეტი უკვე არარეალურია - არც ბაზარს  სჭირდება მეტი და ვერც დასაქმდება. რაც მთავარია, უმრავლესობა სტუდენტობისთვისაც არ არის მზად. ის, ვინც მისაღებ გამოცდებს ვერ აბარებს რაღაც დონეზე, განსაკუთრებით, ზოგადი უნარების ტესტს, რომელიც მსოფლიოში აღიარებული კრიტერიუმია, ის მზად არ არის სტუდენტობისთვის - მაინც ვერ ისწავლის, ტყუილია, მისი ოჯახი ფულს ტყუილად იხდის“, - განუცხადა „რეზონანსს“ ზურაბ ვახანიამ.  

მისი თქმით, უამრავი სტუდენტი ამთავრებს უმაღლეს, იღებს ფარატინა ქაღალდს - დიპლომის სახით, გაიკრავს კედელზე, ოჯახი კი ღატაკდება, რადგან შვილის სწავლის გადასახადის გამო, ბანკიდან სესხი აიღო. სწორედ ამიტომ, უმაღლესი განათლების ამ სისტემას ზურაბ ვახანია „სავაჭრო დახლად“ მიიჩნევდა. „რეზონანსის“ კითხვაზე, როგორ და რა ფორმით უნდა ჩაერიოს სახელმწიფო შრომის ბაზარზე ისე, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა ბოლომდე მივიდეს, აკადემიკოსმა გვიპასუხა - მხოლოდ და მხოლოდ აკრედიტაციის საშუალებით. 

„ჩემი აზრით, აკრედიტაცია აუცილებელია. სახელმწიფომ უხარისხო სასწავლებელს აკრედიტაცია არ უნდა მისცეს, რომელიც ახალგაზრდების მოტყუებასა და ოჯახების გაჩანაგებაზეა ორიენტირებული. სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, პირობითად, რამდენი იურისტი სჭირდება და იმაზე მეტ სპეციალობას არ უნდა მიანიჭოს აკრედიტაცია, რომელიც ოფიციალურად, სახელმწიფოს ხელშია და ესაა მნიშვნელოვანი ბერკეტი. 

როგორც გითხარით, კვოტების მცირედით შეკვეცა საკმარისი არ არის, დღეს 35 000 ადგილია აკრედიტებული, ჩემს გამოთვლილ 5000-სს რაოდენობა შვიდჯერ აჭარბებს. ძალიან მკვეთრი შემცირებაა საჭირო და აკრედიტაცია წესიერად უნდა ჩატარდეს. დღევანდელი აკრედიტაცია ბიუროკრატიული პროცედურაა და არაფრის მომცემია. ეს ჩემი მოგონილი კი არ არის, მსოფლიო პრაქტიკაა - ეს არის ხარისხის კონტროლის ძირითადი, საერთაშორისო მეთოდი“, - განუცხადა "რეზონანასს" ზურაბ ვახანიამ.  

რაც შეეხება შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს, რომლებიც ამავე კვლევის მიხედვითთ გამოვლინდა, აკადემიკოსის განცხადებით, საქართველოში უმუშევრობა კი არ არის პრობლემა, არამედ - სპეციალისტების დიდი ნაკლებობა. ამავე პოზიციას იზიარებს საქართველოს ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე. მისი აზრით, შრომის ბაზრის კვლევა და ამ კვლევაზე დაფუძნებული განათლების სისტემა უმნიშვნელოვანესია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე - ბიზნესსექტორისა და განათლების სისტემისთვის:

„ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. წლებია, გვესმის საზოგადოებისა და ბიზნესისგან, რომ ერთი მხრივ, მათ აქვთ კვალიფიციური კადრების დეფიციტი, ხოლო მეორე მხრივ, უმუშევრობა ჩამოსცდა ორნიშნა მაჩვენებელს. ერთგვარი პარადოქსია, როდესაც გვაქვს უმუშევრობის მაღალი დონე და იმავდროულად, ბიზნესი ითხოვს კადრებს. გამოდის, შრომის ბაზარზე, მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის. მართალია, სამუშაოს ბევრი მაძიებელი გვყავს, მაგრამ მათ არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, რომ დასაქმდნენ და მოერგონ იმ პირობებს, რაც ბიზნესს აქვს. ამიტომ, ძალიან სწორია, რომ მთავრობამ შრომის ბაზრის შესწავლა გადაწყვიტა და ამის შესწავლის საფუძველზე, განათლების სისტემა შეიცვლება. 

იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოოდ, განათლების ისეთი სისტემა გვექნება, რომ ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს სტუდენტების მოთხოვნას, ხოლო მეორე მხრივ, გაზრდის ისეთ კვალიფიკაციურ კადრებს, რომლებიც შეძლებენ მალე დასაქმებას და ბიზნესს კადრების დეფიციტი აღარ ექნება. ეს პარადოქსი, რომელიც ქვეყანაშია, ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულდეს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გიორგი კაპანაძემ. 

შრომის ბაზრის ამავე კვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ რეალურად, დიპლომი სჭირდება მხოლოდ დასაქმებულთა 60%-ს, 40%-ს კი არ სჭირდება. ეს ის 40%-ია, რომლებიც სხვადასხვა სპეციალობებს უნდა ეუფლებოდნენ. კვლევის მიხედვით, ლიდერობს შემდეგი პროფესიები: საშუალო სკოლის მასწავლებლები; გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები; ექთნის დამხმარე სპეციალისტები; ექიმი სპეციალისტები; მშენებლობის მენეჯერები; პროგრამისტები; პროფესიული განათლების მასწავლებლები; მშენებლობის ზედამხედველები; ელექტროტექნიკოსები; მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები. 

გიორგი კაპანაძის განცხადებით, ისედაც ნათლად ჩანდა, რომ იმაზე ბევრი სტუდენტი გვყავდა, ვიდრე ბაზარს სჭირდებოდა. შედეგად, მათ ძალიან უჭირდათ დასაქმება არა მარტო საკუთარი სპეციალობით, ზოგადად, სამუშაოს პოვნა. საბოლოოდ კი, კადრების დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში. 

"პროფესიული განათლება, რომელიც არ იყო მოდური წლების მანძილზე და პირიქით, დამამცირებლადაც ითვლებოდა, ევროპაში მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეს იმიტომ, რომ პროფესიული განათლებით, ადამიანებს ძალიან მოკლე დროში შეუძლიათ მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პროფესიები შეიძინონ, რაც შემდგომ ბევრად უფრო მაღალანაზღაურებადი იქნება. 

ამიტომ, სწორია, უნდა მოხდეს პროფესიული განათლების კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობა, საზოგადოებაში უნდა გაქრეს ის სტერეოტიპი, თითქოს, რაღაცით დამამცირებელია პროფესიის დაუფლება. ერთი მხრივ, ხელოვნურად არ უნდა შეიზღუდოს სტუდენტთა რაოდენობა, თუმცა უნდა ამაღლდეს პროფესიული განათლების დონე და წამოვიდეს ისეთი კადრები, რომლებიც რეალურად მოთხოვნადია“, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×