თამთა ჩაჩანიძე
24.02.2026

„ოცნებაში" კვლავ საუბრობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მე-4 წლისთავზეც „გარკვეულ ძალებს" საქართველოს ომში ჩართვა სურთ. ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ დღემდე მმართველ პარტიას არ დაუკონკრეტებია და არც ფაქტები მოუყვანია, თუ ვის აქვს ასეთი სურვილი, ამიტომაც ესაა „მოგონილი ლეგენდა". ნაწილი კი ფიქრობს, რომ დასავლეთში ძალიან კარგად იციან, რომ თუნდაც მოსკოვისთვის სანქციების დაწესება რუსეთთან ომს ნიშნავს და ამისკენ მოუწოდებენ საქართველოს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს. რომ ევროკავშირი, რომელიც „ოცნების" სავარაუდო სამიზნეა, პირიქით, აქ მშვიდობისთვის იღვწის და მათთვის ომის გაჩაღების სურვილის დაბრალება უსინდისობაა.

„ოცნება" სამი წელია ლაპარაკობს, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, დღემდე არ დაუკონკრეტებია, ვის უნდა. არავის ომში ჩვენი ჩართვა არ უნდა. მეტიც, ჩვენ ევროკავშირის წევრი არ ვართ და ამის მიუხედავად, 2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს ტერიტორიაზე დგას.

„ევროკავშირი მუდმივად ცდილობს საქართველოს ტერიტორიაზე ომი არ დაუშვას. ყველას გვინახავს მათი თეთრი ავტომობილები, განსაკუთრებით შიდა ქართლში - ისინი სპეციალურად დადიან, რომ სამხედრო ტექნიკის გადაადგილება არ იქნას დაშვებული. სადამკვირვებლო მისია სახანძროს სიგნალივითაა, „ოცნება" კი უსინდისოდ მინიშნებას ევროკავშირზე აკეთებს და არავითარი გვარები, სახელები, ჩანაწერები, განცხადებები არ მოაქვთ.

„მოლდოვა უკრაინის ფრონტის ხაზზეა და იქაც კი არ ლაპრაკობენ, რომ მათი ომში ჩართვა უნდათ. ესა წმინდა წყლის შეთხზულ-შეთითხნილი, მოგონილი ლეგენდაა მათი ამომრჩევლისთვის.

„აპრილში უნგრეთში არჩევნები ტარდება, ორბანიც კობახიძინაირად ლაპარაკობს - უნგრეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრია, გამორიცხული და აბსურდულია ის ომში ჩართონ, მიუხედავად ამისა, თავის მიამიტ ამომრჩეველს ამუშავებს. ესაა ბოდვა.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „ქუთაისში არჩევნებში რომ ვმონაწილეობდი, ვეკითხებოდი, „ქართულ ოცნებას" ხმას რატომ აძლევთ-მეთქი. მპასუხობდნენ, ომი არ გვინდა იყოსო. არადა ვხედავ, ხმას გაჭირვების გამო აძლევს, მაგრამ არ გეტყვის, რადგან ამაყია."

„ოცნების" ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად კიდევ მზადაა ამ ტყუილების მოსასმენად. ამ დროს სახელმწიფო ნატო-სა და ევროკავშირს სცილდება, რითაც კონსტიტუციას არღვევენ.

„ოცნების" ამომრჩევლის დიდ ნაწილს ეს იმდენად არ სჯერა, რამდენადაც აწყობს, რომ სჯეროდეს. მათი უმრავლესობა გაჭირვებულია, ზოგს ოჯახის წევრები ციხეში ჰყავს, ზოგი ნარკომანია, უამრავი პრობლემები აქვთ და სახელმწიფოსგან შემწეობა-დახმარება უნდათ, მათ უნდათ თავის ხელისუფლებას ერთგულება დაუდასტურონ. „იმედს" იმიტომ კი არ უყურებენ, რომ მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ იმას ეუბნება, რაც უნდა თქვას. ეს საბჭოთა გადმონაშთია, ამდენი სოც-ქსელია და ტელევიზიაა, მაგრამ არა! საბჭოთა კავშირში „ამერიკის ხმას" ვუსმენდით, მაგრამ იყო ხალხი, ვინც პრინციპულად არ უსმენდა, მათ არ სჭირდებოდათ ამერიკისგან ჩამოწოდებული სიმართლე.

„არის ადამიანთა კატეგორია, ვისაც თავისი გაჭირვების რეალიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობით უნდა. ქუთაისში არჩევნებში რომ ვმონაწილეობდი, ვეკითხებოდი, „ქართულ ოცნებას" ხმას რატომ აძლევთ-მეთქი. მპასუხობდნენ, ომი არ გვინდა იყოსო. არადა ვხედავ, ხმას გაჭირვების გამო აძლევს, მაგრამ არ გეტყვის, რადგან ამაყია და არგუმენტად მოჰყავს, რომ ომი არ მინდა იყოსო. „ომი იქნება" - ეს იმდენად სიმართლე არაა, რამდენადაც არგუმენტი. დღეს არავინ იხსენებს არც „გლობალური ომის პარტიას", არც „გარეჯი საქართველოას" (გავიხსენოთ, ამაზე რამხელა კამპანია იყო, ორი უდანაშაულო ადამიანი ციხეში გაუშვეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ილუზია შეექმნათ). 2020 წლის შემდეგ ალიევი და კობახიძე რამდენჯერ შეხვდნენ და სიტყვა „გარეჯი" არ უხსენებიათ. ასეთივე დემაგოგიაა, რომ ვიღაცას ომი უნდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს დღესაც ითრევენ ომში.

„არავის ეჭვი აღარ ეპარება, რომ ეს ასეა. გავიხსენოთ გერმანიის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ელჩების ერთობლივი განცხადებები, რომლებიც მოგვიწოდებენ, რუსეთს სანქციები დაუწესეთო. დღეს უკრაინაში ომის სრულდება და სრულდება უკრაინის სრული განადგურებით. არსებობენ ძალები, რომლებიც ამ ომის გაგრძელებას უჭერენ მხარს და ამაში უზარმაზარ ფულს აკეთებენ. ომი დასასრულისკენ მიდის, მაგრამ ამ ომის დამთავრება არ სურთ, ამიტომ ახალი პროვოკაციები უნდათ და ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რუსეთის წინააღმდეგ საქნციები შემოიღოს. ძალიან კარგად ვიცით, რომ სანქციების შემოღება რუსეთთან ომს ნიშნავს.

  • ედიშერ გვენეტაძე: „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მთელი დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია, ჩეხეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის გარდა იქითკენაა ამუშავებული, რომ საქართველოს ომში ჩაებას."

„ამის დამადასტურებელია კიდევ ერთი ფაქტი - ნახეთ ბრიტანეთის ხელისუფლებამ რა გააკეთა? „იმედი" და „პოსტივი" დაასანქცირა, ის არხები, რომლებიც ხელისუფლებისა და ხალხის პოზიციას ახმოვანებენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათი ბოლო გაბრძოლებაა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მთელი დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია, ჩეხეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის გარდა, იქითკენაა ამუშავებული, რომ საქართველო ომში ჩაებას,"- განაცხადა გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×