
კვირის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი განცხადება მოსკოვიდან - რუსეთის საგარეო დაზვერვა ამტკიცებს, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავენ, თუმცა ექსპერტები ამ ინფორმაციას ფსიქოლოგიური ომისა და გავლენის ოპერაციის ნაწილად აფასებენ.
„ლონდონი და პარიზი კიევის ბირთვული ბომბით შეიარაღებისთვის ემზადებიან. ბრიტანული და ფრანგული ელიტა მარცხზე შეგუებისთვის მზად არ არიან. თვლიან, რომ უკრაინას „ვუნდერვაფით" აღჭურვა სჭირდება და კიევი საომარი მოქმედებების დასრულებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობების მოთხოვნას შეძლებს, თუ მას ბირთვული ბომბი ან სულ მცირე, ე.წ. „ბინძური" ბომბი ექნება. ლონდონსა და პარიზში სურთ, რომ კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა დამალონ და გამოაცხადონ, რომ იგი კიევმა თავად შეიმუშავა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
- რუსეთის დაზვერვა: „ლონდონი და პარიზი კიევის ბირთვული ბომბით შეიარაღებისთვის ემზადებიან."
ასევე, უწყების ცნობით, გერმანიამ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის გეგმაში მონაწილეობაზე უარი თქვა: „ბერლინმა ამ სახიფათო ავანტიურაში მონაწილეობის მიღებაზე გონივრული უარი თქვა."
ამას მალევე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევიც გამოეხმაურა: „ეს ინფორმაცია სიტუაციას რადიკალურად ცვლის. ეს ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ბირთვული იარაღის პირდაპირ გადაცემაა. ასეთ შემთხვევაში, რუსეთი იძულებული გახდება, რომ უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ ნებისმიერი იარაღი, მათ შორის არასტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენოს."
მისი თქმით, რუსეთი ბირთვულ იარაღს „საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ქვეყნების წინააღმდეგაც გამოიყენებს, რადგან ისინი კონფლიქტის მხარეები გახდებიან".
„ეს სიმეტრიული პასუხი იქნება, რისი უფლებაც რუსეთის ფედერაციას აქვს", - აცხადებს მედვედევი.
ჯერჯერობით, საპასუხო განცხადებები არც ფრანგულ და არც ბრიტანულ მხარეს არ გაუკეთებია.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია დარწმუნებულია, რომ ეს ინფორმაცია ფსიქოლოგიური ომის კლასიკური მაგალითის ლუსტრაციაა.„ამას ეწოდება დეზინფორმაცია, რუსეთი ამ მხრივ იყენებს „ბასრ ძალას", არის ასეთი ტერმინი „ბასრი ძალა", სადაც ბუნებრივია შედის გავლენის ოპერაციები, რომელიც, ფაქტობრივად, წარმოადგენენ ფსიქოლოგიუერი ომის სამხედრო პოლიტიკურ განზომილებას.
- მაისაია: „ეს კლასიკური ფსიქოლოგიური ომის კლასიკური ვარიანტია-ამას ეწოდება დეზინფორმაცია."
„აი, ასეთი ტიპის გავლენის ოპერაციების კონტექსტში უნდა განვიხილოთ ესეც. რუსეთს ჩაუვარდა სადაზვერვო დივერსიული ოპერაცია. მოგეხსენებათ, უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს ის დაქირავებული მკვლელები, რომელთან უნდა მოეკლათ უკრაინის გამოჩენილი და გავლენიანი სამხედრო პოლიტიკური ელიტის წარმოამდგენლები. ახლა რუსები ცდილობენ მოახდინონ ამის კომპენსაცია ე.წ გავლენის ოპერაციების ანუ ფსიქოლოგიური ომის სამხედრო პოლიტიკური საშუალებებით, ეს მაგალითი კი წარმოადგენს ამის კარგ ლუსტრაციას."
მაისაია ვარაუდობს, რომ შესაძლოა კიდევ უფრო სერიოზული კიბერდივერსიული ოპერაციებიც განხორციელდეს.
„ალბათ, ამას ამ კუთხით უფრო მძაფრი გავლენის ოპერაციების ჩატარება და სერიოზული კიბერდივერსიული ოპერაციები მოჰყვება, რაც რუსეთის ხელწერაა."
კითხვაზე, თუ დავუშვებთ ალბათობას, რომ რუსეთის სადაზვერვო ინფრომაცია სიმართლის ელემენტებს შეიცავს, რას მოუტანს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ამ ქვეყნებს, გვპასუხობს:
„ჩემი აზრით, ასეთ ნაბიჯს არავინ გადადგამს, რუსებმა არ იციან, ვისკენ გადასწიონ ისარი, ეს რომ ყოფილიყო ამერიკისკენ, ჰიპოთეტურად კიდევ შეიძლებოდა, იქნებოდა დამაჯარებელი, რადგან საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს ამ ეტაპზე თვითსაკამარისი, მინიმალური, ბირთვული ქობინები და შეიარაღების კომპონენტები გააჩნიათ.
„როგორც ბირთვული უსაფრთხოების სპეციალისტი, გეუბნებით, ჰიპოთეტურად საფრანგეთმა და ბრიტანეთმა რომც გადასცენ უკრაინას, დავუშვათ, სულ მცირე 20 -30 ერთეული ბირთვული ქობინი, მაშინ ისინი საკუთარ ეროვნული სტრატეგიული თავდაცვის მინიმალურ დონეს დარტყმის ქვეშ დააყენებენ. ამერიკა რომ ყოფილიყო, ამერიკას გააჩნიია 5000 ბირთვული ქობინი, კიდევ შეიძლებოდა დაჯერების იმიტაცია ყოფილიყო," - განაცხადა მაისაიამ.