
დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა" და „პოსტივის" დასანქცირებას მმართველი გუნდი უსამართლოდ მიიჩნევს, მაშინ როცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. ოფიციალური ლონდონი ტელევიზიებს რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, „იმედი" კი პასუხობს, რომ სანქციებს „არანაირი ფასი არ აქვს". სოციალურ ქსელში მოვლენები უკვე დიდ აჟიოტაჟს იწვევს.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული მთავრობის ცნობით, „იმედსა" და „პოსტივის" სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს". სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს.
სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორი ტელეარხი „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი".
„ეს მხარს უჭერს იმ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს ან ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ კონტენტს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის მარიონეტია, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ, უკრაინა და დასავლეთი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობენ", - ნათქვამია სანქციების დოკუმენტში.
საინტერესო დეტალია, რომ „იმედის" დირექტორმა პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა.
იმედის პასუხი
მალევე ვრცელი განცხადება ტელეკომპანია „იმედმაც" გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ არხისთვის „ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს"
ტელეკომპანიის შეფასებით, „დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას".
„ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ ტელეკომპანია „იმედის" მიტაცებაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. მეტიც, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას.
„ამ ფონზე, ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს. ტელეკომპანია „იმედისთვის" ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. სწორედ ამ ნდობის წყალობით, უკვე მრავალი წელია, ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის სტატუსს საქართველოში. შესაბამისად, მომავალშიც ვიმოქმედებთ მაღალი პასუხისმგებლობით ქართული საზოგადოების წინაშე და ტელეკომპანია „იმედი" კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას, რათა ქართული საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა სრულად გავამართლოთ", - აღნიშნულია „იმედის" განცხადებაში.
„ლელოს" საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ეს არხები „უფრო ადრეც უნდა დაესანქცირებინათ".
„ვფიქრობ, ისინი უფრო ადრეც უნდა დაესანქცირებინათ, მაგრამ მივესალმები ახლა მათ დასანქცირებას. ეს ამავე დროს, ძალიან მკაფიო გზავნილია ყველა სხვადასხვა მხარისთვის, რომ ისინიც გაიზიარებენ იმავე ბედს, ვინც კვლავ აფილირებულია ამ რეჟიმთან
„გაერთიანებული სამეფო, ევროპული კავშირის სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები მყარად დგანან და იდგებიან იმ ცივილიზაციური მონაპოვრის დაცვის სამსახურში, რასაც წარმოადგენს თანამედროვე პროგრესული ღირებულებები - მშვიდობა, კეთილდღეობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ანუ ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნების" რეჟიმი და მარიონეტები ხელაღებით უარყოფენ", - განაცხადა გეგელიამ
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ტელეკომპანიებში მომუშავე ყველა ადამიანი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა.
„ახლა უკვე გასაგები გახდა თუ რატომ მოიცილა ირაკლი რუხაძემ „იმედი". ვფიქრობ, რომ ქართულ ბიზნესს ესმის თუ რას ნიშნავს სანქცირება და ამის შემდეგ ამ არხებზე დაფინანსებისა და რეკლამის მიტანა. განსაკუთრებით ეს ბანკებს ეხება და მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც საერთაშორისო რეპუტაცია გააჩნიათ.
- დეკანოიძე: „ახლა უკვე გასაგები გახდა თუ რატომ მოიცილა ირაკლი რუხაძემ "იმედი"
შესაძლოა მათ რეპუტაციულადაც და ფინანსურად დიდი ზიანი მიადგეთ. ასევე, „იმედისა" და „პოსტივის" სანქცირება ნიშნავს, რომ ყველა ის პირი, რომლებიც ამ არხზე მუშაობს, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან. მათ გაუჭირდებათ მოგზაურობა. ასევე, გაუჭირდებათ სხვადასხვა გასართობი გადაცემების, სერიალების ყიდვა. ეს კი იმის შედეგია, რომ ეს ადამიანები რუსულ შხამსა და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ საქართველოში", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ოცნების" პოზიცია
თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ბრიტანული სანქციები არასამართლიანი დამოკიდებულებაა.
„დეზინფორმაცია რა იყო, რომელიც აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს? შეგიძლიათ მითხრათ? არაფერს ნიშნავს ეს ჩემთვის, დიდი ბრიტანეთი რას მიიჩნევს და რას - არა. წლების წინ, მახსოვს, როცა უცხოელი ბიუროკრატი რამეს იტყოდა საქართველოზე, რაც არ უნდა სისულელე ეთქვა, ეს იყო სრული ჭეშმარიტება. დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაში, ქვეყნის შიგნითაც, მსოფლიოშიც, ხედავთ რა პროცესებიც მიდის. არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს... დაგისვით შეკითხვა და ვერ გამეცით პასუხი. მითხარით ერთი კონკრეტული მაგალითი."
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია ფეისბუქზე წერს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება მედიის თავისუფლებას ხელყოფს.
„სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ერჩივნა, საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედა, რომელთა ჩამონათვალი ძალზე ვრცელია - დაწყებული ბოლო წლების ეკონომიკური სტაგნაციით და დამთავრებული უმძიმესი მიგრაციული პრობლემებით. მოვლენები ისე ვითარდება, რომ მაღალი ალბათობით, დიდი ბრიტანეთიდან მალე აღარც „დიდი" დარჩება და აღარც „ბრიტანეთი", რის გამოც განსაკუთრებულ შეშფოთებას და სინანულს გამოვხატავთ.
- კირცხალია: „სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ერჩივნა, საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედა
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი თამამად აცხადებს, რომ მის სახელმწიფოს დღეს "დიფ სთეითი", ანუ ის ძალა აკონტროლებს, რომლის მიერ მართული ხელისუფლება 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოში ტელეკომპანია „იმედში" შეიჭრა."
რეაქცია სოცქსელებში
სოციალურ ქსელში ოპოზიციური მედიის ჟურნალისტები აღნიშნულს ბედნიერების ყიჟინით შეხვდნენ.
„ვაშაა! დიდმა ბრიტანეთმა იმედი და პოსტ ტვ დაასანქცირა", ახლა გხვდებით ყველაზე ჭკვიანი ვირთხა, ირაკლი რუხაძე რატომ გაიქცა?" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე.
ფეისბუქზე ვრცელ პოსტს ავრცლებს ვახო სანაიაც: „მიხვდით, რატომ არ შეიძლება ,,დებატებში" მონაწილეობა?! არ დაგვისანქციროთ ტელევიზიები, აგერ დებატები გვაქვს, ყველა აზრი ისმის და ა.შ. როცა დან...ლი აქვთ და აქედან მათ თამაშში შედიხართ, არ შეიძლება. სწორედ ეს იგულისხმება ნორმალიზების მცდელობაში. იზოლირებულებს სივრცე არ უნდა დავუტოვოთ, მაქსიმალურად უნდა ჩავაჭიროთ, სადაც ტკივათ, არათუ ,,ვედებატოთ". კარგი იყო ყველას გამოსვლა, მაგრამ არ ღირს ამად. იოტისოდენა შანსიც არ დავუტოვოთ ამ იზოლაციიდან თავის დაღწევის. გმადლობთ."
„დიდმა ბრიტანეთმა იმედი და პოსტ-ტვ დაასანქცირა. ახლა გასაგებია რატომ გაიქცა არხიდან ირაკლი რუხაძე," - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს შალვა რამიშვილიც: „როგორ გაფარჩაკდა დასავლეთი: ბრიტანეთი გვასანქცირებს რადგან არ ვამბობთ რომ უკრაინა რუსეთს უგებს. ანუ დაასანქცირეს რუსი პოლიტიკოსები, გენერლები, სამხედრო წარმოება, უდიდესი ბანკები და... იმედი და პოსტვ. მეფე ჩარლზის ძმის პედოფილობის გადასაფარად ქნეს უეჭველი (თავშიავარდნისსმაილი)" | წერს ოცნების პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში."