რეზონანსი
24.02.2026

თბილისის საკრებულოს სხდომაზე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც 2026 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება. როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ოდიშარიამ ამისთვის საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ძალიან ბევრ განცხადებას ვისმენთ, თითქოს მიმდინარეობს არაბიზაცია და ასე შემდეგ. წარმოდგენილი ცვლილებებით დასტურდება ქართული სახელმწიფოს და მმართველი გუნდის სწორი ეროვნული პოლიტიკა. ამ პოლიტიკის მიხედვით, არც არაბიზაცია და არცერთი ნაციონალობის ექსპანსია ჩვენს ხალხს და ქვეყანას არ ემუქრება. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ამ მხრივ მშვიდად უნდა იყოს. შრომითი მიგრაციის კანონის მიხედვით, ბიზნესი ვალდებული ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე ვაკანსია სულ მცირე ათი სამუშაო დღით ადრე განათავსოს შრომის მართვის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში და თუ ამ პერიოდში არ მოიძებნა საქართველოს მოქალაქე, მხოლოდ მაშინ აქვს მას უფლება, რომ დაასაქმოს უცხო ქვეყნის მოქალაქე და ამაზე სპეციალური განაცხადი გააკეთოს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ნორმებს, ეს გამოიწვევს როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებული უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს. რაც კარგია და მისასალმებელია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ განისაზღვრა კვოტები შემდეგ პროფესიებსა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობებზე:

ა) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა 0; ბ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა 0; გ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა 0; დ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტა 200.

აქედან გამომდინარე, პირველი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა აღარ შეეძლებათ. აკრძალვა მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელებს შეეხება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს მთავრობას მიგრაციის სამსახურის გაძლიერებისთვის.

ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×