ნატალია ჯვარიძე
24.02.2026

ოპოზიციის ნაწილმა ახალი კამპანია დაიწყო და „ქიმიური მოწამვლის" შესახებ ინფორმაციას აგროვებენ. პარტიები მოუწოდებენ გასული წლის პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს და მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება კითხვარის მეშვეობით, რომელსაც ფეისბუქზე აქვეყნებენ. ვარაუდი, რომ შესაძლოა აკრძალური ნივთიერება ხელისუფლებამ აქციების დასარბევად გამოიყენა, თავდაპირველად ბრიტანულმა მაუწყებელმა, ბიბისიმ გაავრცელა.

პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „დროა", „ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „თავისუფლების მოედანი" იდენტურ განცხადებებს ავრცელებენ სოციალურ ქსელში, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.

პარტიები მოუწოდებენ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს და მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.

„ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა (IFEG) შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.

  • ედიშერ გვენეტაძე: „ეს არის მათი უცხოელი პატრონების დაკვეთა, ვინადან სხვა ყველაფერი წყალში ჩაუვარდათ. ეს მაშინ კეთდება, როცა მათი დასავლელი პარტნიორები უმძიმეს მდგომარეობაში არიან."

„მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ.

„წინამდებარე კითხვარის შევსებით თქვენ გვეხმარებით დავადგინოთ სიმართლე ქიმიური მოწამვლის შესახებ. მადლობა ნდობისთვის", - წერია გაცხადებაში, რომელსაც პარტიები ფეისბუქზე ავრცელებენ და ურთავენ კითხვარის ბმულს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ ეს ხელისუფლების ტყუილ-უბრალოდ გაშავების მორიგი მცდელობაა.

„წყალწაღებული ხავსს ეკიდებაო, ამათ მოსდით, რადგან, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი წელი გავიდა მას მერე და ეძებენ ამ ადამიანებს, რომლებიც ვითომდა ქიმიური ნივთიერებით მოიწამლნენ. ეს არის მათი უცხოელი პატრონების დაკვეთა, ვინადან სხვა ყველაფერი წყალში ჩაუვარდათ. ეს მაშინ კეთდება, როცა მათი დასავლელი პარტნიორები უმძიმეს მდგომარეობაში არიან - უკრაინაში ომი მთავრდება მათთვის კატასტროფული მდგომარეობით, რადგან მარტო მორალურად და ეკონომიკურად კი არ აგებენ, არამედ სულ მალე სამართლებრივადაც. ამიტომ უნდათ, რომ ომი გაგრძელდეს. ეს ერთ-ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ როგორმე საქართველო ომში ჩააბან, არიონ სიტუაცია, ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეცვალონ და ა.შ. ეს ელემენტარული სვლაა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში საქართველო არ წამოეგება. ეს უბადრუკი მცდელობაა, მეტი არაფერი", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს:

„შესაძლებელია ამ საკითხის გამოკვლევა, რადგან ამის დამადასტურებელი ფაქტები და მოწმეთა ჩვენებები არსებობს. თვითონ ბიბისიც კი ეყრდობა ამ ფაქტებს. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, გამოძიების ჩატარება აუცილებელია. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამ საკითხზე მუდმივად უნდა აპელირებდეს, რომ კიდევ ერთხელ ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, „ქართულმა ოცნებამ" აქციების დასარბევად და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერება გამოიყენა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×