ნატალია ჯვარიძე
24.02.2026

პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობები და საგარეო საქმეთა მინისტრის ევროპაში მოხშირებული ვიტიზები შეფასა და აღნიშნა, რომ ვინც გადაწყვეტილების მთავარი მიმღებია, „ქართულ ოცნებას" მხარს არ უჭერს. ამიტომ ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხა. ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ მათი გაერთიანება თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან დღევანდელ პოლიტიკურ პარტიებს სრულიად განსხვავებული ინტერესები აქვთ.

  • იგორ კვესელავა: „მე ბევრჯერ ვთქვი, რომ ევროპასთან საქართველოს ურთიერთობები დამთავრებული აქვს. ფაქტობრივად, არანაირი ურთიერთობა აღარ არსებობს. დასავლეთი ოპოზიციასთან არის, მაგრამ ხელისუფლებასთან არა"

იგორ კვესელავა: საქმე იმაშია, რომ ევროკავშირი გადამწყვეტი სტრუქტურაა, მაგრამ არსებობს ისეთი ორგანოები, რომლებიც გადამწყვეტ სიტყვას ვერ ამბობენ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თქვენ იცით, რომ ევროსტრუქტურტებში „ქართულ ოცნებას" გარკვეული პირები მხარს უჭერენ, მაგრამ მთლიანობაში მხარდაჭერა არა აქვთ. იმ იდეოლოგიით, პოლიტიკით და სტრატეგიით, რაც ხელისუფლებას გააჩნია, შორს ვერ წავა.

მე ბევრჯერ ვთქვი, რომ ევროპასთან საქართველოს ურთიერთობები დამთავრებული აქვს. ფაქტობრივად, არანაირი ურთიერთობა აღარ არსებობს. დასავლეთი ოპოზიციასთან არის, მაგრამ ხელისუფლებასთან არა.

„რ": რას ფიქრობთ ოპოზიციის გეგმებზე? „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის იდეა ერთობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სისრულეში ვერ მუყვანია. რატომ ვერ ახერხებენ გაერთიანებას?

ი.კ: საქართველოში სხვადასხვა იდეოლოგიის, პოლიტიკისა და სტრატეგიების პარტიებია. რა თქმა უნდა, „ლელო", გახარიას პარტია, „ნაცმოძრაობა" და სხვები უფრო მყარები არიან და მეტი მხარდამჭერებიც ჰყავთ, თუმცა როცა გაერთიანებაზეა საუბარი, ეს რაღაც პრინციპის საფუძველზე ხომ უნდა მოხდეს?!

არჩევნები რომ ჩატარდეს, მაგალითად ჩამოთვლილი ეს პარტიები ბარიერს გადალახავენ, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც ვერა. ამიტომ ფიქრობენ, რატომ უნდა ვიყოთ ერთნაირები? ჩვენ ხომ ძლიერები ვართ? ეს არის მთავარი პრობლება - ვერ ერთიანდებიან, რადგან ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ამიტომ გაერთიანება ასე მარტივად ვერ მოხდება. თუ ერთობა შედგა, იქნება ვალდებულებების გარეშე. ეს საერთოდ სხვაა - თემატური გაერთიანებაა, პოლიტიკური ერთობის მიღწევა კი რთულია. ერთი, რაც შეიძლება უკეთესი გამოსავალი იყოს, კოალიციური მთავრობაა.

„რ": საკონსტიტუციო სასამართლოში „ოცნებამ" სამი პარტიის აკრძალვაზე სარჩელი შეიტანა, თუმცა უკვე ოთხი თვეა საკითხი შეჩერებულია. როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი?

ი.კ: სხვათაშორის, არამარტო ოპოზიციას, არამედ ხელისუფლებასაც აქვს თავისი გეგმა. პარტიების აკრძალვა ასე მარტივი არ არის. ეს არის დიპლომატიური სვლა - ცოტა ხნით შეჩერდნენ, რადგან იციან, თუ აკრძალავენ, არ იქნება მართებული გადაწყვეტილება. ამიტომ ჯერჯერობით თავს იკავებენ და პროცესებს აკვირდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×