თამთა ჩაჩანიძე
24.02.2026

მთავრობის ადმინისტრაციაში შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, ღონისძიებას, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტების რექტორებიც ესწრებოდნენ. მისი შეფასებით, შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ ყოველწლიურად უნივერსიტეტებში 14 400-მდე სტუდეტი უნდა აბარებდეს.

პრემიერის თქმით, მთავრობამ შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ეტაპობრივად უნდა იზრუნოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე;

განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაიხვეწოს პროფესიული განათლება და ამაღლდეს ხარისხი, შრომის ბაზრის ანალიზმა კი აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60%-ს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე.

შრომის ბაზრის ანალიზი

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრომ, განათლების სამინისტროსთან ერთად და ბიზნეს ასოციაციის ჩართულობით, კერძო და საჯარო სექტორში კვლევა ჩაატარა, რომლის მთავარი მიზანი იყო უნივერსიტეტებში კვოტების განსაზღვრა და მათი სპეციალობების მიხედვით გადანაწილება. მასშტაბური კვლევის ფარგლებში შემთხვევითობის პრინციპით გამოიკითხა 12 500 საწარმო, აქედან 470 იყო მსხვილი, 1 752 საშუალო, 10 278 კი მცირე ზომის, რომლებიც შეირჩა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოკითხვის ჩატარებაში მთავრობას საქსტატი დაეხმარა.

პრემიერის შეფასებით, ამასთან, 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა საჯარო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის კვლევა, რომელმაც მოიცვა „უკლებლივ ყველა სახელმწიფო უწყება, ორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი" და ამ კვლევამაც მოიცვა, როგორც კერძო სექტორი მასშტაბურად, ასევე - უკლებლივ ყველა უწყება და ორგანიზაცია საჯარო სექტორში. ცალკე განისაზღვრა აკადემიურ სფეროში მოთხოვნა, რომელიც ასევე შრომის ბაზრის ნაწილია, სადაც იგულისხმება როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები.

„ინტერვიუების ჩატარებასთან ერთად, ბუნებრივია, განხორციელდა სტატისტიკის შეფასებაც, მათ შორის, შესწავლილ იქნა შრომის ბაზარზე არსებული პროფესიული განაწილება, სექტორების მიხედვით სად, რამდენი ადამიანია დასაქმებული დღევანდელი მოცემულობით. ასევე, შესწავლილ იქნა სამუშაო ძალის ჩანაცვლების სტატისტიკა, ესეც სექტორების მიხედვით. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ბაკალავრის საფეხურზე ჩარიცხულთა, კურსის დამთავრებულ სტუდენტთა ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემები, დეტალური ანალიზი განხორციელდა ამ მიმართულებითაც."

საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებისთვის უმაღლესი განათლების სამუშაო ძალაზე მოთხოვნა 64 095-ს შეადგენს. 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში, ხოლო 21 779-ის საჯარო სექტორში.

„ლიდერობს შემდეგი პროფესიები: საშუალო სკოლის მასწავლებლები 6149; გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები 4761; ექთნის დამხმარე სპეციალისტები 2781, ექიმი სპეციალისტები 2701, მშენებლობის მენეჯერები 1710, პროგრამისტები 1691, პროფესიული განათლების მასწავლებლები 1655, მშენებლობის ზედამხედველები 1299, ელექტროტექნიკოსები 1124, მომარაგების და დისტრიბუციის მენეჯერები 1008. ანუ კვლევამ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ პროფესიებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა შრომის ბაზარზე", - განაცხადა კობახიძემ.

მკვეთრი დეფიციტი და მკვეთრი სიჭარბე სპეციალობებში

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე. შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა 5-წლიან პერსპექტივაში შეფასდა და სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შესწავლილ იქნა „კემბრიჯ ეკონომეტრიკის" მიერ საქართველოსთვის შემუშავებული შრომის ბაზრის პროგნოზირების მოდელით.

  • კობახიძე: „პრაქტიკულად, ვწირავდით სტუდენტებს - გაივლიდნენ კონკრეტულ კურსს, მიიღებდნენ დიპლომს და ვერასდროს შეძლებდნენ საკუთარი დიპლომის შესაბამისად დასაქმებას. ამის თავიდან არიდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა".

პრემიერის თქმით, სამართლის ფაკულტეტზე ჩარიცხვების საშუალო წლიური რაოდენობა 5 წლის განმავლობაში 3600 იყო, კურსდამთავრებული კი 2047. კვლევამ გამოავლინა, რომ წელიწადში საშუალოდ გვჭირდება 678 იურისტის შესვლა შრომით ბაზარზე.

„ჩვენ პრაქტიკულად ვწირავდით სტუდენტებს იმისთვის, რომ გაივლიდნენ კონკრეტულ კურსს, მიიღებდნენ უმაღლესი განათლების დიპლომს და ვერასდროს შეძლებდნენ საკუთარი დიპლომის შესაბამისად დასაქმებას. ბუნებრივია, ამის თავიდან არიდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა შრომის ბაზრის ანალიზი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ. ვხედავთ, რომ იურისტების შემთხვევაში დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920. ანუ, 2920 ჩარიცხული სტუდენტი განწირულია, რომ იურისტის დიპლომს ვერასდროს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში. ჩვენი მიზანია ამის თავიდან არიდება."

განათლების რეფორმის მიზანი

პრემიერის თქმით, შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დღეს დასაქმებულთაგან მხოლოდ 60%-ს სჭირდება დიპლომი საკუთარ სამუშაო ადგილზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას.

„რეალურად ეს ადამიანები, 40% საჭიროებს პროფესიულ განათლებას, ამიტომ შესაბამისი მიმართულებით არის დასაქმებული. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში იყო სერიოზული პრობლემები პროფესიული განათლების მიმართულებით. ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პროფესიული განათლება დაიხვეწოს ქვეყანაში და ამაღლდეს შესაბამისი ხარისხი. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენთან ერთად, განვიხილოთ ამ კვლევის დეტალები თუ არის შეკითხვები, მზად ვართ, ვუპასუხოთ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გადაუდებელი იყო ამ ანალიზის ჩატარება იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი აბიტურიენტების, ახალგაზრდების, სტუდენტების ინტერესები და სწორი მიმართულება მივცეთ მათ საკუთარი პროფესიული გზის არჩევისას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×