
ტელეკომპანია „იმედი“, ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიისთვის სანქციების დაწესებას განცხადებით ეხმაურება:
„როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანიისთვის სანქციების დაწესების შესახებ. 22 წელიწადზე მეტია, ტელეკომპანია „იმედი“ ემსახურება საქართველოს და სიტყვის თავისუფლებას ჩვენ ქვეყანაში. ტელეკომპანია „იმედს“ უკან არ დაუხევია მაშინაც კი, როდესაც საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდა და ამხელდა მის ყველა მანკიერებას, რაც ტელეკომპანიაში შემოჭრით და მისი მიტაცებით დასრულდა.
ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცებაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. მეტიც, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას.
ამ ფონზე, ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს. ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. სწორედ ამ ნდობის წყალობით, უკვე მრავალი წელია, ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის სტატუსს საქართველოში. შესაბამისად, მომავალშიც ვიმოქმედებთ მაღალი პასუხისმგებლობით ქართული საზოგადოების წინაშე და ტელეკომპანია „იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას, რათა ქართული საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა სრულად გავამართლოთ“, - აღნიშნულია ტელეკომპანიის განცხადებაში.