რეზონანსი
24.02.2026

გლობალური ძალა არა მხოლოდ უნდა აცხადებდეს, რომ არის გლობალური  — ის კიდეც  უნდა იქცეოდეს ასე.

ინდოეთი დღეს რამდენიმე რთულ გზაჯვარედინზე დგას, პრობლემები გლობალური ხასიათისაა, თუმცა, ზოგ შემთხვევაში ისინი ქვეყნისავე პოლიტიკიდან გამომდინარე წარმოიშვა.

გეოპოლიტიკურად, ის მოწმეა აშკარად ტრანზაქციული მსოფლიო წესრიგისა, კონფლიქტურ ჯგუფებს შორის მყიფე ბალანსით. ყოველ კვირას ახალი ომი იწყება, ახალი კონფლიქტი ჩნდება — რაც საგარეო პოლიტიკის ექსპერტებს აიძულებს გაამყარონ თავიანთი მყიფე პოზიციები, რომლებიც ნაკარნახევია „ნეიტრალიტეტითა“ და „სტრატეგიული ავტონომიით“.

ეკონომიკის თვალსაზრისით, ინდოეთს კვლავ ჰყავს დიდი მოსახლეობა, რომელზეც უნდა იზრუნოს, მაგრამ ისევ განიცდის ინფრასტრუქტურულ დეფიციტს, შემოსავლების უთანასწორობასა და „სუსტ კერძო ინვესტიციებს“ — ეს ყველაფერი გაძლიერებულია გლობალური ღირებულების ჯაჭვების გვერდითი უარყოფითი ეფექტებით, სულ უფრო მეტად ჰეგემონური მსოფლიო წესრიგის პირობებში, რომელსაც ძალაუფლების მქონე ოლიგარქების კაბალა მართავს.

დიპლომატიურად, ინდოეთის ბალანსირება რთულ ვითარებაშია — სადაც ქვეყნის სტრატეგიული ავტონომია და მისი ინტერესების გატარების სუვერენული უფლება რეგულარულად უპირისპირდება სამყაროს, რომელიც პოლარიზებულ პოზიციებს მოითხოვს.

სოციალურად და პოლიტიკურად, ქვეყანა ინარჩუნებს დივიდენდებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის იდენტობა სეკულარული ან პლურალური რესპუბლიკის სახით, რომლის ზრდა საფრთხის ქვეშაა.

თუმცა დღეს, როდესაც ინდოეთი მოქმედებს როგორც მსოფლიოს მეოთხე უმსხვილესი ეკონომიკა და მზარდი გლობალური ძალა, მისი არყოფნა, როგორც გადამწყვეტი ხმის გლობალურ განვითარებაში არის თვალსაჩინო და შეშფოთებას იწვევს.

სიჩუმე დამაყრუებელია

დღევანდელი მსოფლიო რეგიონული, ეთნიკური, გეოპოლიტიკური და ეკოლოგიური კონფლიქტების დენთის კასრად იქცა. ინდოეთი მრავალ ფრონტზე ლიდერობს, განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის მხარდაჭერის მობილიზებაში ისეთ საერთო პრობლემებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, კლიმატის დაფინანსება და ნახშირბადის დაბეგვრა. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ, როგორც ჩანს, ვერ მიაღწია სასურველ შედეგს ერთ გადამწყვეტ სფეროში: მშვიდობის მშენებლობაში. 

განვიხილოთ ჩვენი დროის ძირითადი გეოპოლიტიკური კონფლიქტები, სადაც ინდოეთის დუმილი — ან არყოფნა — სამშვიდობო დისკურსში ზედმეტად მნიშვნელოვანი გახდა საიმისოდ, რომ უგულებელვყოთ. მიუხედავად იმისა, რომ მედიაციის ფარულ არხებსა და კულუარული დიპლომატიისა თავისი წილი შეაქვს დაძაბულობის განმუხტვაში, ინდოეთის აშკარა და მკაფიო ჩართულობის ნაკლებობა გლობალური კონფლიქტების მშვიდობის მშენებლობის პროცესებში მიუთითებს არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში მედიაციის ხელოვნების დეფიციტზე, არამედ გლობალურ საქმეებში გავლენის, პოზიციებისა და დიპლომატიური ოსტატობის დაკარგვაზეც. 

ინდოეთის პოზიცია ყველა ძირითად კონფლიქტში გათვლილი და გაზომილი იყო, ზოგჯერ ზედმეტად დიპლომატიურიც კი, მისი თანასწორი ქვეყნები ხშირად უფრო ხმამაღალნი და შესამჩნევნი იყვნენ.

აუხდენელი  ბედისწერა

2023 წელს საუდის არაბეთსა და ირანს შორის ჩინეთის შუამავლობით მიღწეულმა „განმუხტვამ“ გააძლიერა ჩინეთის გლობალური მშვიდობისმყოფელის როლი. მისი გამოჩენა საერთაშორისო დიპლომატიის სამშვიდობო პროცესში, რომელიც რამდენიმე წლის წინათ გლობალური ჩრდილოეთის სამფლობელოდ რჩებოდა. იმ ფონზე, როდესაც ამერიკა პოზიციებს თმობს, ჩინეთი, ცდილობს შესთავაზოს მსოფლიოს სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა დაფუძნებული დიპლომატიასა და საერთაშორისო წესრიგზე. 

 ინდოეთის ჩრდილოეთით, მას შემდეგ, რაც ავღანეთი და პაკისტანი ადრინდელი დაპირისპირების შემდეგ დიპლომატიური კავშირების აღდგენაზე შეთანხმდნენ, ჩინეთი კვლავ მოგვევლინა საერთო დამაკავშირებელ რგოლად, რომელიც ამ ორ ერს დიპლომატიასა და დიალოგში აერთიანებს — მიუხედავად ხშირი დაბრკოლებებისა. გარდა ამისა, ჩინეთი სათავეში ჩაუდგა მედიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOMED), „მსოფლიოში პირველ სამთავრობათაშორისო იურიდიულ ორგანიზაციას“, რომლის მიზანია მედიაციის საერთაშორისო დავების ცენტრში მოქცევა „მსოფლიო მშვიდობისა და საერთაშორისო წესრიგის სტაბილურობის შემდგომი ხელშეწყობისთვის“.

ინდოეთი, მიუხედავად მისი თვითაღიარებული „56-დუიმიანი“ გლობალური მნიშვნელობისა, სხვა კონფლიქტების დროსაც არ ჩანდა.

რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტში, ინდოეთის პოზიცია რჩება ნეიტრალური და დაბალანსებული, კონფლიქტის ორივე მხარესთან ჩართულობით. მიუხედავად ფრთხილი ლოზუნგებისა, როგორიცაა “მშვიდობის მხარეს” და “არა ომის ეპოქა,” ინდოეთმა ვერ შეძლო თავისი ორპარტიული კეთილი ნების გარდაქმნა ინდოეთის მიერ წარმართულ სარწმუნო დიალოგად, რომ აღარაფერი ვთქვათ სამშვიდობო პროცესის შუამავლობაზე. პირიქით, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, გაერთიანებულ ერებთან ერთად, პროაქტიულად მიიღეს მონაწილეობა რუსეთსა და უკრაინას შორის ‘რეზოლუციის’ მსგავსი რაღაცის შუამავლობაში, განსაკუთრებით შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის (BSGI) მეშვეობით 2022 წელს, რამაც ხელი შეუწყო საკვები და სასუქი პროდუქტების ექსპორტს. წარსულში თურქეთი, წარუმატებლობების მიუხედავად, ასევე ითხოვდა ცეცხლის შეწყვეტას კონფლიქტში.

უფრო ახლოს, დასავლეთ აზიაში, ომანი, ქვეყანა, რომელიც გეოგრაფიული ზომით ბევრად მცირეა ინდოეთზე, ჩუმად იმყოფებოდა დიპლომატიისა და დიალოგის შუამავლობის წინა პლანზე ამერიკასა და ირანს შორის ამ უკანასკნელის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. დღეს ომანი უფრო მეტს წარმოადგენს, ვიდრე უბრალო ფარულ არხს აშშ-სა და ირანს შორის. იგი გახდა სარწმუნო მედიატორი და ფასილიტატორი ამ ორს შორის. 2015 წლის ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაში (JCPOA) მისი საწყისი როლიდან დაწყებული, რომში დიპლომატიის ბოლო რაუნდამდე, ომანის მზადყოფნა ხაზს უსვამს მის ერთგულებას მშვიდობის ხელშეწყობისადმი მის სამეზობლოსა და მის ფარგლებს გარეთ.

ინდოეთის აღმოსავლეთით, ინდონეზიამ გამოავლინა მზადყოფნა მშვიდობის მშენებლობის ღონისძიებების მხარდაჭერაში. ყოფილი პრეზიდენტის, ჯოკო ვიდოდოს მმართველობის პერიოდში, ინდონეზია გახდა პირველი აზიური ქვეყანა, რომელიც ჩაერთო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ორივე მხარესთან, რაც ხაზს უსვამს მის ერთგულებას მშვიდობისა და დიალოგისადმი, როგორც უფრო მეტს, ვიდრე უბრალო დიპლომატიურ თავაზიანობას. 2024 წლის ოქტომბერში ინდონეზიამ გააძლიერა მხარდაჭერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან, ASEAN-ისგან, ევროკავშირისა და მიანმარის ეროვნული ერთიანობის მთავრობისგან (NUG), რათა ეძია სამოქალაქო ომისა და 2021 წლის არმიის მიერ განხორციელებული გადატრიალების გადაწყვეტის გზები. ჩინეთმაც დაიმკვიდრა თავი ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობაში მიანმარში, თუმცა მოკრძალებული წარმატებით.

აფრიკის კონტინენტზე, სადაც ინდოეთს აქვს მასშტაბური ინტერესები როგორც ეკონომიკურ, ისე ინფრასტრუქტურულ განვითარებაში, მისი ყოფნა რჩება ფრთხილი და შეზღუდული. ინდოეთი აფრიკის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია, რომლის სავაჭრო კალათა დაახლოებით 83,34 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტზე მძვინვარებს კონფლიქტები, აჯანყებები და სამოქალაქო ომები — რაც ქმნის ჰუმანიტარული კრიზისის მორევს - ინდოეთის როლი მტკივნეულად თავშეკავებული დარჩა, გარდა მისი მონაწილეობისა გაეროს სამშვიდობო მისიებში, შესაძლებლობების გაძლიერებასა და მშვიდ დიპლომატიურ ყოფნაში.

ისრაელ-ირანის კონფლიქტში, ინდოეთის გათვლილი დისტანცირება SCO-ს მიერ 2025 წელს ირანზე ისრაელის თავდასხმის დაგმობისგან, ფართოდ იქნა აღქმული, როგორც ინდოეთის დაბალანსების მცდელობა იმ ორ ქვეყანას შორის, რომლებთანაც ინდოეთს მეგობრული კავშირები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა შეშფოთება მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით, ინდოეთის „სტრატეგიულმა გაურკვევლობამ“ კიდევ ერთხელ შეამცირა მისი შესაძლებლობა კონფლიქტის მოგვარებაში.

ღაზაში მიმდინარე მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ფონზე, ინდოეთის ისტორიულმა პოზიციონირებამაც განიცადა მასშტაბური ცვლილებები. პალესტინელ ხალხთან ანტიკოლონიური სოლიდარობის წარსული პოზიციისგან დაშორებით, ინდოეთი ახლა გადავიდა „დე-ჰიფენირებულ“ ურთიერთობაზე როგორც ისრაელთან, ისე პალესტინასთან, ისრაელთან უფრო ღრმა სამხედრო, ეკონომიკური და ტექნოლოგიური კავშირებით. ეს აისახება მის განმეორებით თავშეკავებაში გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებისგან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაშინაც კი, როდესაც ქვეყანა აგრძელებდა ღაზაში მცხოვრები ხალხის მხარდაჭერას ჰუმანიტარული დახმარებით, დაახლოებით „135 ტონა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, მათ შორის 81,5 ტონა მედიკამენტებითა და სამედიცინო მასალებით“.

ასეთი მჭიდრო ბალანსირების აღქმა, საბოლოო ჯამში, სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას იწვევს. ზოგიერთი მას ინდოეთის მორიგ „ორ სკამზე ჯდომის“ (fence-sitting) მაგალითად მიიჩნევს, სხვები კი კითხულობენ, აირჩევს თუ არა ოდესმე ინდოეთი რომელიმე მხარეს? შესაბამისად, ჩნდება კითხვა, არსებობს თუ არა ოქროს შუალედი, „madhaym marg“, „ალიანსსა“ (alignment) და „ჩახლართულობას“ (entanglement) შორის?

დაბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი

ინდოეთის გაზომილი არყოფნა გლობალური მშვიდობის დისკურსში განპირობებულია ისტორიული და პოლიტიკური მემკვიდრეობის, უსაფრთხოების იძულებითი გარემოებებისა და სტრატეგიული ავტონომიის რთული ურთიერთქმედებით სულ უფრო პოლარიზებულ გლობალურ პოლიტიკაში.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, ინდოეთსაც არ მართებს რაიმე ცალსახა პასუხის გაცემა გლობალურ კონფლიქტებზე — მით უმეტეს განხეთქილებებსა და იდეოლოგიურად შექმნილ ნაპრალებზე, რომლებიც არ უკავშირდება მის ძირითად ინტერესებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინდოეთის საგარეო პოლიტიკის დამახასიათებელი ნიშანი ყოველთვის იყო, და სამართლიანადაც, უარი იდეოლოგიური ბლოკური პოლიტიკის სიმკაცრით ნაკარნახევ ქმედებებზე. ამას თავისი უპირატესობები აქვს.

თუმცა, ნიუ-დელიში საჭიროა უფრო ღრმა თვითრეფლექსია იმის შესახებ, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს იგი თავისი თავშეკავებული დუმილით. ინდოეთის პოლიტიკის დამგეგმავებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კონფლიქტების დროს მშვიდობის მშენებლობის პროცესში ხილული მონაწილეობა განსხვავდება რომელიმე მხარის მხარდაჭერისგან ან დაუკავშირებელ კონფლიქტებში ჩაბმისგან, და რომ კონფლიქტების დროს მშვიდობის მშენებლობა შესაძლებელია სტრატეგიული ავტონომიის დაკარგვის გარეშე.

სამომავლოდ, თუ ინდოეთს სურს ჩამოიშოროს ჩუმი გიგანტის იმიჯი, რომელიც ხანდახან „ორ სკამზე მჯდომის“ იმიჯამდე დადის, მან იმაზე მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე უბრალოდ განაცხადოს: „ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ“. მან უნდა აჩვენოს სანდო ერთგულება მისი მშენებლობისადმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×