
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ ემსახურება იმას, რომ „აბსურდული ბრალდებები“ საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან აღნიშნა, ქვეყნის რეალური საბოტაჟი არის "ოპოზიციის ჯგუფური გასამართლება".
"ასეთი პროცესის დახურვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს აბსურდული ბრალდებები, რომელსაც ახლა ვხვდებით სასამართლო პროცესზე. ჩემი აზრით, რეალურად, ასეთი პროცესი არის ქვეყნის და სახელმწიფოს საბოტაჟი. თუკი რაიმე შეიძლება იყოს საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოსი, არის ეს პროცესი და ოპოზიციის ჯგუფური გასამართლება. სხდომის დახურვა კიდევ ერთხელ ამყარებს ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ეს არის სახელმწიფოსთვის ძალიან საზიანო პროცესი, რომლის შეფასება ძალიან ძნელია - ზიანის, რომელსაც შეიძლება პროცესი აყენებს ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას. დღევანდელი სხდომაც ვფიქრობ, სწორედ იმის კარგი დემონსტრირებაა, რომ კარგად არ აქვთ გაცნობიერებული ამ პროცესის მონაწილეებს, თუ რაოდენ დიდი ზიანი ადგება ჩვენ ქვეყანას ამ პროცესით. დახურვა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დამატებითი ზიანის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოსთვის", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.