
ოპოზიცია ისევ სიმბოლურ თარიღებს ირჩევს დიდი აქციების დასაგეგმად. თუ აქამდე შედარებით მრავალრიცხოვანი მსვლელობები თბილისში მხოლოდ შაბათობით იმართებოდა, ამჯერად, 25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს, მასშტაბურ საპროტესტო აქცია-მსვლელობას აანონსებენ ლოზუნგით - „არ შევეგუებით ოკუპაციას". რა დონეზეა საპროტესტო მუხტი და რამდენად მოსალოდნელია 25-ში მასშტაბური გამოსვლა?
გეგმის თანახმად, აქციის მონაწილეები ვერის პარკთან შეიკრიბებიან, საიდანაც პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.
„თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს..." - ეს დეპეშა მოსკოვში 1921 წლის 25 თებერვალს გაიგზავნა. იმ დღეს საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა, მაგრამ არ დაუკარგავს თავისუფლების წყურვილი. 100-ზე მეტი წელი გავიდა, თუმცა ის ბრძოლა, რომელიც იუნკერებმა კოჯორსა და ტაბახმელაში დაიწყეს, ჯერაც არ დასრულებულა. ოკუპაციის ხაზი დღესაც გადის ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ვალია, ეს ისტორიული წყვეტა გამარჯვებით დავასრულოთ.
„ჩვენ არ ვართ მხოლოდ დამკვირვებლები. ჩვენ ვართ 21-ის მემკვიდრეები.
„25 თებერვალს, ვიკრიბებით, რათა: პატივი მივაგოთ მათ, ვინც ბოლო ტყვიამდე დაიცვა დედაქალაქი; ხმამაღლა ვთქვათ, რომ ოკუპაცია დროებითია, ხოლო ჩვენი წინააღმდეგობა - მარადიული; ვაჩვენოთ, რომ მათი დაწყებული საქმე ჩვენს ხელშია და მას ბოლომდე მივიყვანთ", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- ზაალ ანჯაფარიძე: „როცა კალენდარში რაღაც მნიშვნელოვანი თარიღი გაჩნდება, საპროტესტო გამოსვლას ყოველთვის ამთხვევენ. თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს ტაქტიკა არც თუ ისე წარმატებულია."
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ პროტესტის მასშტაბი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ის არც 25 თებერვლის გამოსვლაზე ელოდება დიდი რაოდენობის ხალხს.
„მე ვფიქრობ, რომ საპროტესტო მუხტი იგივე დონეზეა დარჩენილი, რაც ადრე იყო. შეიძლება რაღაც ახალი თანხები მიიღეს ამ საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის და ოდნავ გაზარდეს პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა, მაგრამ არც ისე დრამატულად, რომ ამან ხელისუფლებას რამე პრობლემა შეუქმნას.
„რაც შეეხება 25 თებერვლის აქციას, ეს დღე საქართველოს გასაბჭოების თარიღია და უნდათ აქცია დაამთხვიონ. მათ უყვართ ასეთი სიმბოლური თარიღები და ცდილობენ ამით ხაზი გაუსვან - აი, საქართველო რუსეთისკენ მიდის და ა.შ. ჩემი აზრით, ძალიან იაფასიანი მეთოდია, მათი კრეატულობა ამის იქით ვერ მიდის. ალბათ, დააორგანიზებენ რაღაც აქციას, რომელიც იქნება ადრინდელი გამოსვლების მსგავსი.
„გამოვა თუ არა უფრო მეტი ხალხი, ვიდრე შაბათობით, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. 100 კაცით მეტი, ან ნაკლები თუ იქნება, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ 400 დღეზე მეტია მიმდინარეობს ოპოზიციის აქციები სხვადასხვა მიზეზებით, მოტივებითა და ლოზუნგებით, მაგრამ ეს არანაირ გავლენას არ ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ერთადერთი, რასაც აღწევენ, ამაზე ინფორმაციებს ავრცელებენ სხვადასხვა საშუალებებით და ევროპაში აჩვენებენ, რომ წინააღმდეგობა გრძელდება. ეს არის მათი მთავარი მიზანი, რადგან ხალხს არავითარ რეალურ ალტერნატივას ვერ სთავაზობენ. აქციასაც თუ დააკვირდებით, გაცვეთლი ლოზუნგები აქვთ. არსებობს საპროტესტო ელექტორატი, რომელთა ნაწილი ამ აქციებში მონაწილეობს. სავარაუდოდ, მათი დიდი ნაწილი საზღაურის ფასად. დამერწმუნეთ, ამას შემთხვევით არ ვამბობ, ამის თაობაზე გარკვეული ინფორმაცია მაქვს.
„სიმბოლურ თარიღებზე აქციების გამართვა ცვლილება არ არის, ეს არის მათი ტაქტიკა. როცა კალენდარში რაღაც მნიშვნელოვანი თარიღი გაჩნდება, საპროტესტო გამოსვლას ყოველთვის ამთხვევენ. თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს ტაქტიკა არც თუ ისე წარმატებულია.
სავარაუდოდ, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ რაღაც ემოციური მუხტი გააღვიძონ. ქუჩაში რომ გახვიდეთ და ხალხს ჰკითხოთ, მათ შორის ახალგაზრდებს, რა არის მათთვის 25 თებერვალი, შეიძლება ყველა მათგანმა ვერ გიპასუხოთ, რადგან რაღაცნაირად მივიწყებას მიეცა ეს თარიღი. შეიძლება მე და ჩემს თაობას გვახსოვს, მაგრამ არ მგონია ახალგაზრდებისთვის იყოს მნიშვნელოვანი. ცდილობენ ყველა საშუალება გამოიყენონ, რომ აქციებს გამართლება მოუძებნონ და სიმბოლური თარიღებით უფრო მეტი ადამიანი გამოიყვანონ ქუჩაში", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".