მარიამ ვეკუა
22.02.2026

სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის მასშტაბურ გადამოწმება იწყება. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სიაში საკმაოდ ბევრია ფინანსურად გაძლიერებული ოჯახები, „ოცნების" დეპუტატები კი აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ბევრმა ადამიანმა დასძლია სიღრიბე და ახლა საია გადახედვას საჭიროებს. ოპოზიცია ხელისუფლების ამ ინიციატივას პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აფასებს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ აქვთ სოციალური დახმარების აუცილებლობა. მინისტრის განცხადებით, გადამოწმების წარმართვისთვის მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში ოჯახები გადამოწმდებიან სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით. პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც მაღალია ალბათობა, რომ არ აკმაყოფილებენ შემოწეობის მიღების პირობებს.

„დღეისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს, ჯამში, 710 000-ს. ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი (ჯამში, დაახლოებით 1 300 000 პირი). მათგან ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით", - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.

„რაოდენობა არ არის ცოტა, თუმცა ძირითად შემთხვევაში სახეზეა ოჯახები, რომელთაც ამ დროის განმავლობაში გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი, რომ სახელმწიფომ დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმების მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც, დღეისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა.

  •  მიხეილ სარჯველაძე: „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში".

„ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად. დროა, წერტილი დაესვას ასეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს", - განაცხადა სარჯველაძემ.

არგუმენტები და კონტრარგუმენტები

ოპოზიცია აღნიშნულ განცხადებას „ოცნების" ხელისუფლების დაგვიანებულ აღიარებად აფასებს. კრიტიკოსების მტკიცებით, სოციალური დაუცველის სტატუსი წლების განმავლობაში ხშირად არა რეალური საჭიროების, არამედ პოლიტიკური ერთგულების ნიშნით გაიცემოდა, რაც, მათი თქმით, გავლენას ახდენდა ელექტორალურ მხარდაჭერაზე.

პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ტატა ხვედელიანმა „ოცნების" ეს ნაბიჯი ძალაუფლების გამყარების მორიგ ნაბიჯად შეაფასა.

„რეფორმა ჩვენს ქვეყანაში „ოცნებას"ისე ესმის, რომ რეფორმის შედეგად ის აძლიერებს საკუთარ ძალაუფლებას, პოლიტიკურ ბერკეტებს და ამ ყველაფერს საკუთრი სარგებლისთვის იყენებს. შესაბამისად, აქაც იბადება ეჭვი, რომ ამ სფეროშიც და ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ გამოყენებული იქნება პოლიტიკური ნიშნით ეს ცვლილებები", - განაცხადა ხვედელიანმა.

„ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მახაშვილის აზრით ბევრმა ოჯახმა დაძლია ის ზღვარი, რომელიც იყო გათვალისწინებული სახელმწიფო შემწეობებისთვის, შესაბამისად, დღეს სოციალურად დაუცველთა პროგრამის გადახედვის საჭიროება დგას.

„დღეს დგას იმის საჭიროება, რომ არსებითად გადაიხედოს ეს პროგრამა და სახელმწიფოს ეს დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებს, მხოლოდ იმ ადამიანებისკენ მიემართოს, რომლებიც კრიტიკულად საჭიროებენ ამ დახმარებას. სხვებმა ბოროტად არ უნდა ისარგებლონ და არ უნდა გამოიყენონ სახელმწიფოს ეს სახსრები, ფინანსები, თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა. სწორედ ამას მოემსახურება გადახედვის რეფორმა.

„გარდა ამისა, ჩვენ გვესმოდა სპეკულაციები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. 2020 წლის შემდგომ მორატორიუმი იყო გამოცხადებული, არ ხდებოდა ამ სიებიდან არავის ამორიცხვა იმიტომ, რომ სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე, სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში უნდა დასდგომოდა ოჯახებს - პანდემია იყო, ინფლაცია, თუ სხვა პრობლემები, ასეთ დროს სახელმწიფო გვერდში მდგარიყო.

„დღეს კი აბსოლუტურად სხვა სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა და დღეს უკვე სახელმწიფოს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მხოლოდ იმ ოჯახებზე მიმართოს სახელმწიფო შემწეობები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ სახელმწიფოს გვერდში დგომას", - განაცხადა მახაშვილმა.

ვისი არგუმენტებია უფრო დამაჯერებელი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ ეს ინიციატივა დაგვიანებულიც კია და ამის დაკავშირება პოლიტიკური ძლაუფლების შენარჩუნებასთან წმინდა წყლის სპკეულაციაა.

„ახლა გადაწყვიტა, მე ვიტყოდი ცოტა გვიან გადაწყვიტა, იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური დახმარებების პაკეტი პრობლემურია მსოფლიო მასშტაბით. ეს არის დასავლეთშიც, როცა არაკეთილსინდისიერი ადამიანები, ცალკეული სახელმწიფო მოხელეების მონაწილებით, ახერხებენ, რომ მიიღონ სახელმწიფოსგან დახმარება, ამ დროს კი წარმოადგენენ საშუალო ან შედარებით დაბალ ფენას, მაგრამ არა შეჭირვებულ კლასს.

„ამ მავნე პრაქტიკას საკმაოდ დიდი ხანია ებრძიან როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაშიც და დადგა ის დრო, როცა საქართველოს ხელისუფლებამაც მიხედოს სიიდან იმ ადამიანების ამოგდებას, რომლებსაც ძვირადღირებული ქონება გააჩნიათ და მაინც თავხედურად იღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას.

  •  გია აბაშიძე: „ნებიმისმიერი ინიციატივას, რომელიც „ოცნებიდან" მოდის, წინ ეღობება უარგუმენტო რიტორიკა, როცა შეიძლება ამას დაუპირისპირდე ციფრებით, სტატისტიკით და არა ყავლგასული ლოზუნგებით და ტრაგიკომიკური შეძახილებით".

„ეს არის სოციალური პაკეტის გაცემის ოპტიმიზაცია. აქ პოლიტიკური მდგენელი თუ რაღაც ხელისუფლების შენარჩუნებაზე ნარატივები არის წმინდა წყლის სპეკულაცია და მეტი არაფერი, „ოცნებას" ნუ ეუბნებიან წინა რეჟიმის წარმომდგენლები იმას, რომ სოციალურ დახმარებებში არის ხელმომჭირნე და არ აფართოვებს ამ პაკეტებს. საყოველთაო ჯანდაცვა და სხვა პაკეტები, რომელიც არის როგორც სახელმწიფო დონეზე, თუნდაც თბილისის მუიციპალიტეტის დონეზე, ყველაფერს ამას ლაპარაკობს. ამიტომ, მე ასე ვუყურებ - ნებიმისმიერი ინიციატივას, რომელიც „ოცნებიდან" მოდის, წინ ეღობება უარგუმენტო რიტორიკა, როცა შეიძლება ამას დაუპირისპირდე ციფრებით, სტატისტიკით და არა ყავლგასული ლოზუნგებით და ტრაგიკომიკური შეძახილებით", - განაცხადა აბაშიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კი საუბრობს მთავარ მიზანზე, თუ რა დგას ამ ინიციატივის უკან.

  • ფრაზა - არჩილ გამზარდია: „რამდენიმე ათწლეულის წინ არის მიღებული ქონების გადასახადი წელიწადში 40 000 ლარის შემოსავალზე, რომელიც რეალურად 32 000 ლარს გულისხმობს. ამ ადმიანებს ჰქვიათ მდიდარი და ქონების გადასახადებს იხდიან. აი, ამის გადახედვას ხელისუფლება არ აწარმოებს..."

„მე ბოლო პერიოდში „ოცნების" შეფასებით თეზისებს ხშირად ვეთანხმები, მაგრამ მოტივაციასა და მიზნებთან უკვე განსხვავებული შეხედულებები მაქვს. ზოგადად, შეფასების სისტემები უნდა გადაიხედოს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში, ეს გასაგებია, თუმცა, ჩვენთან ყველაფერი, როგორც ყოველთვის, უკუღმა იწყება. ხელისუფლება აანონსებს, რომ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ უნდა შემოწმოს სოციალური შეფასები სისტემა და რეალური მოცემულობა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე არაფერს ამბობს."

„მოგეხსენებათ, რამდენიმე ათწლეულის წინ არის მიღებული ქონების გადასახადი, რიცხულ 40 000 ლარზე წელიწადში, რომელიც რეალურად 32 000 ლარს გულსიხმობს. ამ ადმიანებს ჰქვიათ მდიდარი და ქონების გადასახადებს იხდიან ასეთი ადამიანები. აი, ამის გადახედვას ხელისუფლება არ აწარმოებს, მაგრამ ამბობს, რომ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ არსებული მდგომარეობა გადამოწმებას საჭიროებს.

„ახლა პრინციპი რაშია - ხელისუფლება ხომ ცდილობს ჩვენთან შექმნას ეკონომიკური წარმატების ილუზიცა, თუკი ხელისუფლება სოციალურ შეფასების სისტემას გადახედავს მხოლოდ სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისათვის, მათი რაოდენობა, დამერწმუნეთ, გადახედვის შემდგომ შემცირდება. ანუ გამოდის, რომ ამას როგორც კი ხელიუფლება სათვისოდ დააკორექტირებს კვლავ გამოიყენებს პროპგანდისათვის", - განაცხადა გამზარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×