ნატალია ჯვარიძე
22.02.2026

თითქმის 4 თვე გავიდა, რაც „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე სარჩელი შეიტანა, თუმცა ეს საკითხი ადგილიდან არ დაძრულა. რატომ წელავს დროს საკონსტიტუციო სასამართლო და რამდენად შესაძლებელია, რომ ეს საქმე საერთოდ თაროზე შემოდონ? ანალიტიკოსებს ამაზე განსხვავებულო მოსაზრებები აქვთ.

„ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით გასული წლის 31 ოქტომბერს მიმართა. მმართველი პარტია ითხოვს, რომ აიკრძალოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან სამი: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი", „დროა" და „ძლიერი საქართველო - ლელო".

„ქართული ოცნების" მტკიცებით, ეს პარტიები „არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში" იყვნენ ჩართული და „წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ".

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ 4 თვე გასაკვირი არ არის, რადგან საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და შეიძლება ითქვას უპრეცედენტოც კი, ამიტომ საჭიროა მტკიცებულებებით გამყარება. საბოლოო ჯამში ეს საქმე შემოიდება თუ არა თაროზე, მამრაძეს საუბარი უჭირს.

  • პეტრე მამრაძე: „4 თვეც არ არის დიდი ვადა, რადგან აუცილებელია ყოველი მტკიცებულება უაღრესად კრიტიკულად შაფასონ - ასაკრძალია თუ არა პარტია."

„ჩემი გამოცდილებით, სამართლებრივად რთული საკითხია და სწორედ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ამის დასტურია, რადგან ერთია, ცალკეული პიროვნებებზე ბრალდების წაყენება, როცა მათი დანაშაული დადგენილია და სხვა არის, როცა მთლიანად პარტიაზე ვლაპარაკობთ. ეს პრეცედენტი საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ხომ არ ყოფილა? ამიტომ მე არ მიკვირს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობა მიმდინარეობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ. მტკიცებულებებია საჭირო, რომ დანაშაულებებს პარტია ჩადიოდა. ასე რომ, 4 თვეც არ არის დიდი ვადა, რადგან აუცილებელია ყოველი მტკიცებულება უაღრესად კრიტიკულად შაფასონ - ასაკრძალია თუ არა პარტია.

„მე, რასაც ვისმენ მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებებია და არ მაქვს დამატებითი მტკიცებულებები. თუმცა, მე რაც ვნახე, ვფიქრობ საკმარისია იმისათვის, რომ ეს პარტიები აიკრძალოს. ეს ისეთი მასშტაბის დანაშაულებია, რომ ყოფნის ამ კანონის მიღებას. თუმცა აქ დგება წმინდა სამართლებრივი საკითხი - ეს ცალკეული ადამიანების ჩვენებები მტკიცებულებად გამოდგება? ერთია, რომ მოწმეები ჩვენებებს იძლევიან და მეორეა, როცა ეს ჩვენებები სასამართლოსთვის საკმარისს მტკიცებულებად ჩაითვლება. აქ მიჭირს საუბარი.

„მე 4 თვე არ მიკვირს, მაგრამ საბოლოო ჯამში რა იქნება, ამაზე მეძნელება ლაპარაკი. ჩემი აზრით, ეს პარტიები აკრძალვას ნამდვილად იმსახურებენ და ცალკეული ადამიანები - სააკაშვილი, ახალაია და სხვები - საერთოდ უვადო პატიმრობაში უნდა გაუშვან", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

  • ნიკა ჩიტაძე: „გამორიცხული არ არის ეს საქმე საერთოდ თაროზე შემოდონ, მაგრამ ჯერჯერობით არა. პირიქით, სულ იქნება მუქარა, რომ გააუქმებენ, რადგან ეს პოლიტიკური ვაჭრობისთვის სჭირდებათ".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას" ეს საკითხი დასავლეთთან პოლიტიკური ვაჭრობისთვის სჭირდება, ან შესაძლოა ფიქრობს, რომ ამ პარტიების აკრძალვას უკვე აზრი არ აქვს, რადგანაც მათი რეიტინგი მნიშნელოვნად დაეცა.

„რატომაც გაიწელა დროში, ერთ-ერთი ვარიანტი არის ის, რომ „ოცნებას" ეს პოლიტიკური ვაჭრობისთვის სჭირდება დასავლეთთან - გვაღიარეთ და ჩვენ არ გავაუქმებთ პოლიტიკურ პარტიებს. მეორე ვარიანტია, რომ „ქართული ოცნების" გათვლით, ამ პარტიების რეიტინგი დაცემულია და მაინცდამაინც დიდ კონკურენტებს არ წარმოადგენენ, რადგან არ მოხერხდა მათ შორის კონსოლიდაცია. თუმცა, მე მაინც პირველი ვარიანტი უფრო რეალისტური მგონია.

„გამორიცხული არ არის საერთოდ ეს საქმე თაროზე შემოდონ, მაგრამ ჯერჯერობით არა. პირიქით, სულ იქნება მუქარა, რომ გააუქმებენ, რადგან, როგორც ვთქვი, ეს პოლიტიკური ვაჭრობისთვის სჭირდებათ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×