
ზამთრის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში პოლიტიკურად აქტიური პერიოდი იწყება და ამისთვის ემზადება როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიცია. „ქართული ოცნება" ახალ შემზღუდავ კანონებს იღებს და ძველს ამკაცრებს, ოპოზიცია კი ახალი ერთობის შექმნას ცდილობს, რომელსაც „ლელო - ძლიერი საქართველოსთვის" უკვე გაემიჯნა, ენმ კი ჯერჯერობით ყოყმანობს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლება იგივე პოლიტიკას აგრძელებს, რაც 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაიწყო და რადგან ამან საპროტესტო მუხტი ვერ ჩააქრო, არ გამორიცხავენ უფრო გამკაცრდეს შემზღუდავი მექანიზმები.
რაც შეეხება ოპოზიციას, ანალიტიკოსთა შეფასებით, თუ ხელისუფლების რეალურ ალტერნატივას ვერ შექმნის და ვერ მოიზიდავს იმ შუაშისტ ამომრცეველს, რომელსაც არც ენმ უნდა და არც „ოცნება", ისე ერთობას აზრი არ აქვს. ამისთვის ანალიტიკოსთა ნაწილი ოპოზიციას სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას ურჩევს, რათა სტრატეგია სწორად დასახოს.
ზოგადად კი ექსპერტები გაზაფხულზე პოლიტიკური პროცესების გააქტიურებასა და საპროტესტო მუხტის გაზრდას ელოდებიან, თუმცა ეს განსაკუთრებით დამოკიდებული იქნება გარე ფაქტორებზე და ამასთან იმაზე, თუ რამდენად სწორად დასახავს გეგმას ოპოზიცია.
როგორ ემზადება ხელისუფლება
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლება იგივე პოლიტიკას აგრძელებს, რაც 2024 წლის მიწურულიდან დაიწყო.
„ხელისუფლება იგივე პოლიტიკას აგრძელებს, რაც 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო - დაპირისპირება დასავლეთთან, ქვეყნის შიგნით კი რეპრესიული ხაზი, თუმცა, ვერ შეძლო საპროტესტი ჩაეხშო. ხელისუფ;ებამ იცის, რომ თუ ვითარება გამწვავდა, თუნდაც ათკაციანი პროტესტი მიზიდულობის ცენტრი გახდება და დიდ ტალღაში გადაიზრდება.
„რადგან ამ დრომდე ხელისუფლებამ შედეგი ვერ მიიღო, გადავიდა იმაზე, რომ საკანონმდებლო ბაზა მთლიანად ავტორიტარულ სისტემას მოარგოს. ბოლო კანონების მიღებით ცდილობს პროტესტი რამენაირად დაასრულოს.
„ხელისუფლებას კანონის მიღება არ უჭირს, საკანონმდებლო ბაზა თანდათან რეპრესიული ხდება, მაგრამ ამის ცხოვრებაში გატარებას რამდენად შეძლებს, ეს იმაზეა დამოკიდებული, საზოგადოება როგორ მიიღებს", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ „ოცნებამ" კანონები კიდევ უფრო გაამკაცროს.
- რამაზ საყვარელიძე: „რეპრესიული გადაწყვეტილება ზოგჯერ რევოლუციას ხელს უწყობს, მაგრამ თუკი ოპოზიციას ძალა არ აქვს, მაშინ რეპრესია რევოლუციას აქრობს. ახლა ოპოზიციას ძალა არ აქვს".
„ომში ჩაბმიდან დაწყებული, ხელისუფლების შეცვლით დამთავრებული - ყველა ის მიზანი, რაც ულტრალიბერალებს ჰქონდათ საქართველოსთან დაკავშირებით, ისევ ძალაში რჩება. ლიბერალური ჯგუფები გზებს ეძებენ, რომ ოპოზიცია დააფინანსონ. ეს პოლიტიკური ბრძოლაა და ომის პირობებში, როგორც წესი, კანონები მკაცრდება როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის მხრივ. არ გამოვრიცხავ ხელისუფლებამ უფრო გაამკაცროს, გააჩნია შედეგიანობა როგორი იქნება.
„ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ მაქსიმუმ არჩევნებამდე ოპოზიციური ძალები საიმისოდ არ ამოძრავდნენ, რომ რევოლუცია მოაწყონ. შეიძლება იმ გადაწყვეტილებებმა, რაც აქამდე მიიღეს, რევოლუციური სცენარი თავიდან აირიდოს. რეპრესიული გადაწყვეტილება ზოგჯერ რევოლუციას ხელს უწყობს, მაგრამ თუკი ოპოზიციას ძალა არ აქვს, მაშინ რეპრესია რევოლუციას აქრობს. ახლა ოპოზიციას ძალა არ აქვს", - განაცხადა საყვარელიძემ.
როგორ ემზადება ოპოზიცია
ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ უმჯობესია ოპოზიციამ სოციოლოგიური კვლევა ჩაატაროს, რათა გაიგოს ამომრჩევლის რა სეგმენტზე აქვს სამუშაო.
„ხელისუფლების მსგავსად, არც ოპოზიციის სტრატეგია და ტაქტიკა შეცვლილა. ხან ზურაბიშვილთან რაღაც ტრაქტატებს აფორმებენ, ხან რაღაც შეთახმებას დებენ, თუმცა შედეგი არ აქვს, რადგან ეს ოპოზიციურ ელექტორატთან ბმაში არაა. ახალ ინიციატივას ჯერჯერობით არც ენმ და არც „ლელო" არ უერთდება. მხოლოდ დოკუმენტის შედგენა არსებულ რეალობას ვერ ცვლის. გაერთიანებას მაშინ აქვს აზრი, თუ ელექტორალური ბაზა იზრდება.
„ელექტორალური ბაზა სამად იყოფა - „ოცნების" მხარდამჭერები, ენმ-ის მხარდამჭერები და ისინი, ვისაც არცერთი არ უნდა. სწორედ ეს ბოლო ნაწილი ქმნის უპირატესობას, თუ ვის მიეხმრობა. კარგი იქნება, თუ ოპოზიცია სოცილოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს (მაგალითად იაგო კაჭკაჭიშვილს დაუკვეთონ) და ოპოზიციურ ელექტორატს გამოიკვლევს იმ მიმართულებით, თუ რა სეგმენტი უჭირავს ნეოტრალურ ამომრჩეველს. თუ ნაწილი უმნიშვნელოდ დაბალია, გაერთიანება შეიძლება, თუ 20-25%-ის ფარგლებშია, მაშინ გაერთიანებას აზრი არ აქვს. თანაც ეს ის ხალხია, ვინც ადრე „ონებას" უჭერდა მხარს.
„კვლევა სჭირდება არა რომელიმე ცალკეულ პარტიას, არამედ მთლიანად ოპოზიციას. ამასთან, აუცილებელია ოპოზიციური ტელევიზიების პროგრამები შეირჩეს და გაკეთდეს არა ისე, რომ მხოლოდ ოპოზიციური ამომრჩეველი უყურებდეს, არამედ როგორ მოხდეს პროპაგანდის გავრცელება იმ სეგმენტზე, რომლებიც ამ არხებს არ უყურებს", - განაცხადა ძაბირაძემ.
რამაზ საყვარელიძე კი გვეუბნება, რომ ოპოზიცია ხელისუფლების რეალურ ალტერნატივას ვერ ქმნის.
„ენმ ყოველთვის ყოყმანობდა და ხშირ შემთხვევაში გაერთიანებას ეთიშებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ხმების დიდი ნაწილი მას მოაქვს და ლოგიკურიცაა. ეს საკითხი ყოველთვის დგას, როცა მონაწილეები თანაბარი ძალის არ არის. შეუთანხმებლობის ერთ-ერთი მიზეზი ესაა და მეორე - რისთვის ერთიანდებიან, ხელისუფლება რომ გადმოაგდონ? ეს საკმარისი არაა, რადგან რეალური ალტენატივა ვერ მწიფდება, ქუჩა ალტერნატივის შემთავაზებელი არაა.
„მაინც მგონია, რომ ოპოზიცია არჩევნებისკენ წავა. აქციები არჩევნებს ხელს არ უშლის ხოლმე, უბრალოდ გადამწყვეტი ვერაა, როცა რევოლუციური კლიმატი მომწიფებული არაა", - განაცხადა საყვარელიძემ.
რას ველოდოთ გაზაფხულზე
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, „ოცნების" მიმარტ კრიტიკულად განწყობილი ხალხის რაოდენობა იზრდება, თუმცა ოპოზიციის ნდობა არ აქვს და თუ გარე ფაქტორებმა შიდა პროტესტზე დეტონატორის როლი ითამაშა, ეს ყველაზე ცუდად იმოქმედებს.
„ოპოზიციური ბაზა იზრდება, ხელისუფლების ნაბიჯები თუნდაც განათლებასთან დაკავშირებით ყველა ფენაში უკმაყოფილებას იწვევს. უარყოფითი მუხტი იზრდება და იზრდება სწორედ იმ მესამე სეგმენტში. ოპოზიციამ ამ სეგმენტზე უნდა იმუშაოს, ნდობა უნდა მოიპოვოს. ადამიანის უფლებებზე ის ხალხი ლაპარაკობს, ვინც თავის დროზე ამ უფლებებს ფეხქვეშ თელავდა, ეს კი არ მუშაობს და ესეც გადასახედია და კრიტიკულადაა გასააზრებელი, თორემ გაზაფხულზე ვითარება დაიძაბება, ძალიან მძიმე წელი გვექნება, ოღონდ აქ საგარეო ფაქტორებია, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ. ამან შეიძლება დეტონატორის როლი შეასრულოს შიდა პროცესებზე, რომელმაც შეიძლება ძალიან ცუდად იმუშაოს არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ მთლიანად პოლიტიკურ სპექტრისა და ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა ძაბირაძემ.
- ვახტანგ ძაბირაძე: „ადამიანის უფლებებზე ის ხალხი ლაპარაკობს, ვინც თავის დროზე ამ უფლებებს ფეხქვეშ თელავდა, ეს კი არ მუშაობს".
რამაზ საყვარელიძეც ფიქრობს, რომ საპროტესტო მუხტის გაზრდა დასავლეთზეა დამოკიდებული.
„საპროტესტო მუხტი დასავლეთზეა დამოკიდებული, თუ იქ რა ტენდენცია წავა. მუხტის გაზრდას დიდად არ ველოდები, თუმცა, გაზაფხული ყოველთვის ააქტიურებს ნებისმიერ მუხტს.
„ადრე მიაჩნდათ, რომ დასავლეთი რასაც ამბობდა ყველაფერი სწორი და კარგი იყო, დღეს უკვე ეს დამოკიდებულება აღარაა, თუმცა შიდა და გარე ვითარება ერთმანეთთან სინთეზშია და ამას ვერ გავექცევით",- განაცხადა საყვარელიძემ.