
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატ გია ბენაშვილთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
საუბრისას გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ინიციატივებსა და სასწავლო პროგრამის შინაარსის განვითარებაზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების რეფორმის მთავარი მიზანია სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული, ინკლუზიური და შედეგზე დაფუძნებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება.
საუბარი შეეხო სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ამ მიმართულებით დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, განათლების რეფორმის კონცეფციის გაცნობის მიზნით, სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.