რეზონანსი
19.02.2026

ყველას არ აქვს საშუალება, რომ იყიდოს ახალი მანქანა, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტია ისეთი მოწესრიგებული რეგიონებში, როგორც ეს შეიძლება თბილისში იყოს, ასე რომ, ეს მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

წამყვანმა მას მისი თანაპარტიელის დიმიტრი ხუნდაძის ხელისუფლებისადმი კრიტიკაზე ჰკითხა, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ავტოპარკის განახლების მიმართულებით.

„ეს არის საკითხი, რომელშიც ჩვენ ერთიანები ვართ, უბრალოდ საკითხი არის საკმაოდ რთული. ორი სიკეთე დგას სასწორზე. ერთის მხრივ, ნამდვილად გვჭირდება სუფთა ჰაერი, ნაკლები გამონაბოლქვი და თანაც ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება. პირველ რიგში მთავარი ჯანმრთელობაა, მაგრამ მეორეს მხრივ, [ავტოპარკი] ფინანსურად ძვირი ჯდება. ზედმეტი დაავადება ზედმეტ მკურნალობასაც ნიშნავს. ამ მხრივ ავტოპარკის გაჯანსაღება და განახლება ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემს სოფელში, ჭუბერში, სოფლის დასაწყისიდან ბოლომდე 11 კილომეტრია მანძილი. მეზობელ სოფელში რომ გადახვიდე, უნდა გაამრავლო ორზე, ან 80 კილომეტრია რაიონულ ცენტრამდე - მესტიამდე. ბუნებრივია ყველას არ აქვს საშუალება, რომ იყიდოს ახალი მანქანა, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტია ისეთი მოწესრიგებული რეგიონებში, როგორც ეს შეიძლება თბილისში იყოს.

ასე რომ, ეს მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას. ბანკიდან სესხი აიღო და შედარებით ახალი მანქანა იყიდო, ბანკის პროცენტების საქართველოში ისეთი მაღალია, ესეც მძიმე ტვირთად დააწვება. დღეს აკრძალულია 13 წელზე ნაკლები მანქანის შემოყვანა, იყოს ეს არა 6 წელი, არამედ 10 წელი და შემდეგ გავაკეთოთ გრადაცია. ეს მოსახლეობასაც არ დააწვება მძიმე ტვირთად და მანქანების პარკის განახლებაც უფრო ჯანსაღი პროცესით წარიმართება. ახლა ადამიანები ეცდებიან ავტოპარკი კი არ განაახლონ, გაუხანგრძლივონ სიცოცხლე იმ ავტოანქანებს, რომლებიც დღეს მათ მფლობელობაშია“, - აღნიშნა სუბარმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×