ეს არის უპრეცედენტოდ სამარცხვინო ქმედება, როდესაც ბრალდების მხარე საქმეში მტკიცებულებად იყენებს საოკუპაციო რეჟიმის სააგენტოს პოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან მიმდინარე სასამართლო პროცესი, „ბიძინა ივანიშვილის შურისძიებით მიმდინარე სამართლებრივი პროცესია, პოლიტიკური დასჯის მიზნით“.
„დაცვის მხარის აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება დასაშვებად იქნა ცნობილი. ათეულობით მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან მიღებული ინფორმაცია დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც პირდაპირი ფორმით ადასტურებს იმას, რომ გიორგი გახარიამ არა თუ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა, არამედ დაიცვა სოფელი ჩორჩანა გარდაუვალი ოკუპაციისგან.
ასევე, გვქონდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ნაწილზე დაუშვებლობა, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება არის ოსური და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის [მედია] სააგენტოს სტატია, რომელშიც კონკრეტული პოზიციაა გადმოცემული. ეს სააგენტო ფინანსდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის“ მხრიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, იყენებს ატრიბუტიკას „ალანიას“ და საუბრობს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე. შესაბამისად, ეს მტკიცებულება არის არასანდო და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სწორედ, ამ მოტივით ვშუამდგომლობდით, რომ ეს მტკიცებულება საქმეზე არ დართულიყო, ეს არის უპრეცედენტოდ სამარცხვინო ქმედება, როდესაც ბრალდების მხარე საქმეში მტკიცებულებად იყენებს საოკუპაციო რეჟიმის სააგენტოს პოზიციას და ეს დაადასტურა ბრალდების მხარემ.
ჩვენ, ასევე მოვითხოვეთ სისხლის სამართლებრივი საქმის შეწყვეტა, რადგან საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა ადამიანს, რომ გიორგი გახარიამ დანაშაული ჩაიდინა, ეს შუამდგომლობა სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა, თუმცა მოსამართლემ საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა ვერ აიღო. ეს პროცესი სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში მიმდინარე პროცესი არ არის, ეს არის ბიძინა ივანიშვილის შურისძიებით მიმდინარე სამართლებრივი პროცესი, პოლიტიკური დასჯის მიზნით",- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ასევე, ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი გახარიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. როგორც ბრალდება განმარტავს, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.