რეზონანსი
19.02.2026

ელისო კილაძის დამცველად ვერ გამოვდგები, არც ვიცნობ და წაროდგენა არ მაქვს, რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა ამ ადამიანს „ქოლცენტრებთან“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

შარაშიძის თქმით, ყველა, ვინც შეიძლება გაბედოს პენსიონერისთვის თაღლითურად ფულის მოპარვა, დასასჯელია და პასუხი მკაცრად უნდა აგოს.

თუმცა, გიორგი შარაშიძის განმარტებით, პრობლემაა ის, რომ ხალხს დალუქული „ქოლცენტრები“ არ უნახავს და არ იცის, რამდენად ხდება ამ პრობლემასთან სისტემური ბრძოლა.

„დავუშვათ, ელისო კილაძე ერთ-ერთ „ქოლცენტრთან“ იყო დაკავშირებული, დანარჩენზე რა ხდება? სად არის ის ათობით, ასობით თანამშრომელი, ვინც მუშაობდა? სუს-მა გვაჩვენოს დახურული „ქოლცენტრები“ და დაგვარწმუნოს ხალხი, რომ შერჩევითად კი არ დააპატიმრეს რომელიმე ერთი ადამიანი, ვინც, შეიძლება, ამ საქმესთან დაკავშირებული ყოფილიყო, არამედ ამ პრობლემას სისტემურად ებრძვიან. ჩვენ დახურული და დალუქული „ქოლცენტრები“ არ გვინახავს. თუ იმაზეა საუბარი, რომ ერთი მეპატრონე და მფარველი მეორე მეპატრონემ ჩაანაცვლოს და „ქოლცენტრებმა“ საქმიანობა გააგრძელოს, მაშინ რაზე ვსაუბრობთ? არც მამუკა მდინარაძის ბიტკოინები ვიცი და არც ელისო კილაძის „ქოლცენტრები“. რა გითხრათ? ვიდრე არ ვნახავთ, ელისო კილაძე რამდენად შეძლებს, დაასაბუთოს, რასაც მდინარაძის თაობაზე ამბობს, მანამდე ვერაფერს გეტყვით. თუ დამტკიცდება, რომ იტყუება, რა თქმა უნდა, ეს თაღლითობა იქნება“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინა, ამავე საქმეზე დაკავებულია „ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი ელისო კილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×