
ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „კლანური“ ბრძოლა, - ასე აფასებს პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატი, ტატა ხვედელიანი კორუფციულ დანაშაულებში თანამდებობის პირების მხილებას.
როგორც ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ოცნების“ წევრები კორუფციაზე წლების განმავლობაში დუმდნენ და ახლა ამ საკითხს ფასადურად ებრძვიან.
„ოცნების“ დღევანდელი მუშაობა ტრიალებს ბიტკოინებისა და ფულის ირგვლივ. დავაკვირდეთ ქვეყნის მმართველობაში მყოფ ძალას, როგორი უპრეცედენტო შერჩევითი სამართლით მართავს. „ოცნება“ წლების განმავლობაში დუმდა ყველაფერ იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, თუ როგორ ღარიბდებოდა ჩვენი ქვეყანა და მოქალაქეები. ამ ყველაფერზე „ოცნების“ წევრები დუმდნენ, იცავდნენ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს მოსახლეობას ჰპარავდა ფულს და ახლა ვიგებთ, რომ ვითომ კორუფციას ებრძვიან. ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „კლანური“ ბრძოლა. ეს არის ლილუაშვილი- ღარიბაშვილის „კლანის“ მთლიანად ჩამოცილება“, - განაცხადა ხვედელიანმა.
ამასთან, მან ყოფილი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისაუბრა. ტატა ხვედელიანის შეფასებით, ლევან დავითაშვილი საქართველოდან გაიქცა, გააქციეს თუ არსად წასულა, ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა ჩანს ის, რომ „ხელისუფლებისთვის მთავარი ფულია“.
„მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღეს საგამოძიებო უწყებები არ ემსახურება ხალხს და ემსახურებიან მხოლოდ ერთი ადამიანის და ერთი პარტიის ინტერესებს“. „ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბიტკოინები და ფული, ყველა ის გარჩევა, რომელსაც ჩვენ გვაყურებინებენ, ამისკენ არის მიმართული. ამას ემსახურება დაკავებებიც და ამ პირების გამოვლენაც. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, გააქციეს, გაიქცა თუ საერთოდ არ გასულა ქვეყნიდან, რადგან საქმე გვაქვს არასტაბილურ რეჟიმთან, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი არის საკუთარი ძალაუფლება, სარგებელი და არა ხალხის ინტერესები. უამრავი შემთხვევა შეგვიძლია მოგიყვანოთ, როდესაც ეროვნული ინტერესების დაზიანებითაც კი, რეჟიმი ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ საკუთარი საწადელი აისრულოს“, - განაცხადა ხვედელიანმა.