
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირველადი ანალიზით გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის, 8% შეძლებულია. ეს მაშინ, როდესაც ექსპერტების განცხადებით, სოციალური დახმარება მოუხსნეს მართლაც გაჭირვებულ ადამიანებს მხოლოდ იმის გამო, რომ კეთილისმსურველმა ძველი მაცივარი და ტელევიზორი აჩუქა. პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა პირდაპირ განაცხადა, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზას გადახედვა და განახლება სჭირდება. ზუსტად იგივეს ფიქრობენ დარგის სპეციალისტებიც, ოღონდ ხელისუფლებას ურჩევენ, რომ დახმარების გარეშე არ დარჩნენ ისინი, რომლებსაც სახელმწიფოს დახმარება ნამდვილად ესაჭიროებათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზას გადახედვა და განახლება სჭირდება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიის დროს, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ხოლო დახმარების მიმღებთა შორის 8%-ს არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, არამედ შეძლებულია: „კოვიდის დროს, 2020 წელს, გაიზარდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. მას შემდეგ, ერთგვარი მორატორიუმი მოქმედებდა ბაზის გადახედვაზე. რეალურად, ბაზა არის გადასახედი, არ შეიძლება გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული. ჩვენ ერთგვარი, პირველადი ანალიზი ჩავატარეთ და გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის მხოლოდ 8% არის ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებულია. არათუ, სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ამ 700-800 ათასიდან, დაახლოებით, 8%-ს, არამედ შეძლებულია.
რა თქმა უნდა, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, რაც 2020 წლის შემდეგ, არსებითად არ მომხდარა. ბუნებრივია, ესეც არის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის პოზიციას იზიარებს ეკონომისტი და სტატისტიკოსი, გივი მომცელიძე, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიის დროს, სოციალური დახმარების მიმღებთა ერთგვარ სტატისტიკასაც აწარმოებდა.
„დიახ, ეს სია გადასახედია, უდავოდ. 2020 წლიდან დაიწყო სოციალური დახმარების მიმღებთა სიის ზრდა. მაშინ ერთგვარ სტატისტიკას ვაწარმოებდი და ვიცი, რომ ნახტომისებური ზრდა იყო, რადგან მართლაც სერიოზული პრობლემა შეიქმნა - პანდემიის გამო, ხალხი კარგავდა სამსახურს და შემოსავლების გარეშე რჩებოდა. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ეს დახმარება, მართლაც შვება იყო მათთვის.
ამის შემდეგ, სამწუხაროდ, აღარ შეცვლილა მდგომარეობა და ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკური ფაქტორის გამო მოხდა - ის ადამიანი, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებს, უფრო ლოიალურია მმართველი პოლიტიკური კლასის მიმართ“, - განუცხადა „რეზონანსს“ მომცელიძემ.
რაც შეეხება შეძლებულ ადამიანებს, რომლებიც სოციალური დახმარების მიმღებთა სიაში არიან. გივი მომცელიძისთვის გაუგებარია, მაგრამ ეს ადამიანები თითქოს ამაყობენ კიდეც, რომ სოციალურ დახმარებას იღებენ. შეძლებულების გარდა, ამ სიაში არიან საშუალო ფენის წარმომადგენლებიც, რეალურად, სოციალური დახმარების მიღება არც მათ სჭირდებათ, რადგან დასაქმებულები არიან.
„ვისაც ნამდვილად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება, მხოლოდ ის უნდა იყოს ამ სიაში. ვგულისხმობ უპოვარ ადამიანები, მარტოხელებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ჩემი ნება რომ იყოს, ამ ადამიანებს რამდენჯერმე გავუზრდიდი დახმარებას. სიმართლე გითხრათ, მართლა მივესალმები ამ სიის 8%-ით კი არა, უფრო მეტით შემცირებას, სამაგიეროდ კი იმ ადამიანების დაფინანსების გაზრდას, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება“, - მიაჩნია გივი მომცელიძეს.
ანალოგიური პოზიცია აქვს ეკონომისტ სოსო სიმონიშვილს, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა სიაშიც ისეთივე კორუფციაა, როგორც ჩვენი ცხოვრების სხვა სფეროებში. იგი სრულად იზიარებს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომ სიას გადახედვა სჭირდება, ოღონდ ერთი პირობით - დაფინანსების გარეშე არ დარჩნენ მართლაც შეჭირვებული ადამიანები, რომლებსაც დახმარება ნამდვილად სჭირდებათ.
„ამ შემთხვევაში, პრემიერი მართალია. სია უნდა გადაიხედოს, რადგან ბევრი შეძლებული ადამიანი იღებს სახელმწიფოსგან დახმარებას. მე პირადად შემიძლია ბევრი მაგალითი მოგიყვანოთ, როდესაც აბსოლუტურად გაჭირვებულ, ლუკმაპურის უქონელ ადამიანებს მოუხსნეს სოციალური დახმარება იმის გამო, რომ მეზობელმა თუ ნათესავმა ძველი ტელევიზორი, ან მაცივარი აჩუქა. ეს იმიტომ, რომ ერთხელ შეადგინეს სულელური კრიტერიუმები და დღესაც ამის მიხედვით ხელმძღვანელობენ.
სისტემა დასახვეწია, კრიტერიუმებიც გადასახადია და ამის ძალიან კარგი მაგალითები არსებობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. გასაგებია, რომ მთავრობა ცდილობს, ხარჯები შეამციროს, ოღონდ ისე არ მოხდეს, რომ უპოვარი ხალხი მშიერი დატოვოს. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ღიად და გამჭვირვალედ“, - განუცხადა „რეზონანსს“სიმონიშვილმა.
სხვათა შორის, სოციალური დახმარების მიმღებთა სიაში შეძლებული ადამიანები მხოლოდ კოვიდპანდემიის შემდეგ არ გაჩენილან. სოსო სიმონიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დასაწყისი გაიხსენა, როდესაც „აღმოჩნდა“, რომ სოციალურ დახმარებას მისი ერთ-ერთი მინისტრი იღებდა...