
თბილისის პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. ბრალდების მხარის მტკიცებით, 22 წლის ტექნოლოგიური სტარტაპერის სიცოცხლე 25 წლის წინ მოსკოვში მომხდარ კრიმინალურ გარჩევას შეეწირა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს არის ამბავი ორ გავლენიან "კანონიერ ქურდს" შორის არსებულ მტრობაზე, რომელიც მამებმა დაიწყეს და ერთ-ერთი "ქურდის" შვილებმა გააგრძელეს.
დავით კაკულია კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. იგი 1963 წელს თბილისში დაიბადა და მისი ცხოვრების გზა ადრეულ ასაკშივე დაუკავშირდა ქურდულ ტრადიციებს.
კაკულია "კანონიერ ქურდად" 1991 წელს, 28 წლის ასაკში "აკურთხეს". მისი "ნათლიები" იმ დროის კრიმინალური „ელიტის“ წარმომადგენლები იყვნენ: ავთანდილ ჩიხლაძე („კვეჟო“), რობერტ კალანდაძე („რობერტა“), ნოდარ ფარიზიანი („ნონო“) და პაატა ჩლაიძე („პაატა ბალშოი“).
1993 წელს იგი მოსკოვში, სასტუმრო "მოსკოვში“ აიყვანეს ცხრაკაციან დაჯგუფებასთან ერთად, სადაც კრიმინალური სამყაროს სხვა „ვარსკვლავებიც“ ფიგურირებდნენ. საქმე ეხებოდა მსხვილი ბიზნესმენების გატაცებასა და წილების გამოძალვას. ეს იყო პერიოდი, როცა ქართული კრიმინალური კლანები მოსკოვის ცენტრს სრულად აკონტროლებდნენ. სწორედ აქედან დაიწყო მისი სერიოზული კონფლიქტები სხვა კლანებთან, მათ შორის იმათთან, ვინც მოგვიანებით „სოხუმის კლანად“ ჩამოყალიბდა. კაკულიამ სასჯელი არაერთხელ მოიხადა როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ციხეებში. 2001 წელს მან თბილისის ე.წ. „რესბალნიცა“ დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მისი ცხოვრების უკანასკნელი დრამა გათამაშდა.
2001 წლის 25 აგვისტოს, დღის პირველ საათზე, მოსკოვში, ვუჩეტიჩის ქუჩაზე, დავით კაკულიას ავტომობილში ხელნაკეთი ყუმბარა შეუგდეს. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ „დათო თბილისკიმ“ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
რუსული საგამოძიებო საიტები წერდნენ, რომ დაპირისპირება ეხებოდა მოსკოვისა და უკრაინის ბიზნეს-ობიექტების კონტროლს. გია კვარაცხელია უფრო „დიპლომატიურ“ და ფინანსურ სქემებზე ორიენტირებულ ჯგუფს წარმოადგენდა, კაკულია კი – ძალისმიერ ფრთას. მათ შორის მოხდა "ქურდული შეკრება", სადაც კაკულიამ კვარაცხელიას პრეტენზიები წაუყენა, რამაც სიტუაცია გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანა.
ასაფეთქებელი მოწყობილობა დატენილი იყო 200 გრამი ტროტილითა (TNT) და ლურსმნებით, რაც მაქსიმალურ გამანადგურებელ ეფექტს იწვევდა. კაკულიას სახე და თვალები დაეწვა, მიიღო კიდურების მრავლობითი მოტეხილობა და შინაგანი ორგანოების დაზიანება. იგი მეორე დღეს, გონს მოუსვლელად გარდაიცვალა.
საინტერესოა, რომ კაკულიას ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ანალოგიური ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ეს მიანიშნებდა, რომ კრიმინალური ომი უკვე დაწყებული იყო და კაკულია თავადაც ემზადებოდა თავდასხმისთვის, თუმცა მოწინააღმდეგემ დაასწრო.
ამ მკვლელობის უკან კრიმინალურ წრეებში მაშინვე გაჟღერდა გია კვარაცხელიას სახელი. გია კვარაცხელია და დათო კაკულია ორივე წალენჯიხიდან იყვნენ. კვარაცხელია, რომელსაც ორი უმაღლესი განათლება ჰქონდა, განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა.
მიუხედავად იმისა, რომ გია კვარაცხელია 2003 წლიდან ევროპაში ცხოვრობდა და შვილი, ნიკო, ყველანაირად მოარიდა ქურდულ სამყაროს, კაკულიების ოჯახისთვის მამის სიკვდილი დაუმთავრებელ ვენდეტად დარჩა. როგორც ანონიმური წყაროები ჰყვებიან, კაკულიები წლების განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი სწორედ გია კვარაცხელია იყო.
პროკურატურის ვერსიით, ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, რომლებმაც მამა ბავშვობაში დაკარგეს, შურისძიება 20 წლის შემდეგ აღასრულეს. ვინაიდან ისინი გია კვარაცხელიას ვერ სწვდებოდნენ, სამიზნედ მისი შვილი, 22 წლის ნიკო აირჩიეს.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე