
2025 წლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 1.341 მილიარდი ლარის ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონებია დალომბარდებული. ეს კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 37%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2024 წელს მისო-ებში დალომბარდებული ოქროს მოცულობა 988.176 მილიონ ლარს შეადგენდა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სებ-ში წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, მისო-ებისთვის სალომბარდე კრედიტები ყველაზე შემოსავლიან სეგმენტად ითვლება. მთლიანობაში სალომბარდე სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის 78%-ს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ებს სულ გაცემული აქვთ 1.893 მლრდ ლარის მოცულობის სესხები, აქედან 1.476 მლრდ ლარი სალომბარდე სესხებზე მოდის.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ფიზიკური პირების მიერ მისო-ებში 1 341 105 319 ლარის ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები, 8 691 850 ლარის უძრავი ქონება და 125 070 679 ლარის სატრანსპორტო საშუალება დალომბარდდა.
გარდა ამისა, ანგარიშგების თანახმად, 2025 წლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსოების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემულია 1 871 706 950 ლარის სესხი, ხოლო იურიდიულ პირებზე - 21 371 755 ლარის.