
იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი საბოლოოდ მოექცეს სტაბილურ კალაპოტში და ქვეყნის თანმიმდევრულ განვითარებას საფრთხე აღარასდროს შეექმნას, აუცილებელია, პოლიტიკური ველის გაჯანსაღება. ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნა კი, აზრთა სხვადასხვაობის და ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ საკითხზე მსჯელობის გარეშე შეუძლებელია! ამიტომაც, მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე დებატების წახალისებასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისთვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.
მისივე თქმით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ წვდომა დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციასა და სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკური ძალების დისკუსიაზე.
„ჩვენ ვალდებული ვართ შევქმნათ ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციასა და სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკური ძალების დისკუსიაზე ჰქონდეთ წვდომა, რადგან ეს ყველაფერი ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებელი წინაპირობაა. აღნიშნული ინიციატივა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დეზინფორმაციული კამპანიების მავნე გავლენის შემცირებას, მეორე მხრივ კი ხელოვნურად თავსმოხვეული პოლარიზაციის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება გახდეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.