
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ჩინურ ობლიგაციებში განთავსების გადაწყვეტილებას არაერთგავროვანი შეფასება მოჰყვა. სპეციალისტების ნაწილი სებ-ის ამ ნაბიჯს იწონებს და სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. ნაწილი კი ღიად აცხადებს, რომ მოულოდნელი, საზიანო გადაწყვეტილებაა მიღებული იმ თვალსაზრისით, რომ ჩინური იუანი სარეზერვო ვალუტა არ არის.
ერთი შეხედვით, დადებითი გარემოებაა, რომ რეზერვების ნაწილში მარტო დოლარსა და ევროზე არ ვიქნებით მიბმული, თუმცა სპეციალისტების ნაწილი რისკს ხედავს ჩინეთის საბაზრო მექანიზმიდან გამომდინარეც.
ასეთი მოსაზრებისაა საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე, რომელ;მაც "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ გაუგებარია, რა რისკების დაზღვევას ცდილობს ამით ეროვნული ბანკი და რატომ მიმართავს უცნაურ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, რომ რეზერვების დივერსიფიკაციის კუთხით ამ ეტაპზე რაიმე პრობლემა არ იკვეთება.
,,ჩვენ გვაქვს ვალდებულებები დოლარსა და ევროში, ამ დროს რეზერვცებს ვათავსებთ იუანში, რაც უცნაურია. გადაწყვეტილება ჩემთვის მიუღებელია ჩინეთის საბაზრო მექანიზმის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. კერძოდ, ჩინეთში არის რამდენიმე გაცვლითი კურსი - საგარეო და შიდა კურსი, ანუ იქ სახელმწიფო ვალუტის კურსებს თავისი მიზნებიდან და კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე ადგენს. ბაზარი კი არ განსაზღვრავს, არამედ სახელმწიფო. ვერ გეტყვით, რამდენად არის ეს რისკი გათვალისწინებული. გაუგებარია, ამას როგორ ახსნის ეროვნული ბანკი.
ცოტა დაბნეული ვარ ასეთი ნაბიჯით, რადგან ჩინური ვალუტა არ არის სარეზერვო, როგორიცაა დოლარი და ევრო, ასევე სტერლინგი და კიდევ რამდენიმე სხვა, რომლის გამოყენებაც შეიძლება, რათა ჩვენი რეზერვების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ. არ ვიცი, რას ემსახურება, რატომ უნდა შვიძინოთ ჩინური ფასიანი ქაღალდები და რას მოგვიტანს. სებ-მა უნდა განმარტოს, რატომ მიიღეს ეს გადაყვეტილება და რა რისკებს აზღვევენ", - აღნიშნა თუთბერიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".
რაც შეეხება რისკებს, პირველ რიგში, ეს არის გამოცდილების არქონა. შესაბამისად, მიუღებლად მიიჩნევს საქართველოს ეროვნული ბანკის მხირდან ისეთივე ნაბიჯის გადადგმას, რასაც მიმართავს რუსეთი.
,,ამას აკეთებს ამ ეტაპზე რუსეთი, მაგრამ ვიცით რატომაც, თავისი რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, რომელიც განთავსებული ჰქონდა დოლარსა და ევროში. იმისთვის, რომ დანაკარგი არ ჰქონდეს, ცდილობს ჩინეთში განათავსოს. ეს გასაგებია, მაგრამ ვერ ვხსნი, საქართველოს ეროვნული ბანკი ასე რატომ იქცევა, ვერ ვხედავ საშიშროებას, რომლის დაზღვევაც შეიძლება საჭირო იყოს", - აღნიშნა თუთბერიძემ.
განსხვავებული მოსაზრებისაა ექსპერტი ლია ელიავა, რომლის შეფასებითაც რეზერვების დივერსიდიკაციის კუთხით ჩინურ ობლიგაციებში მათი განთავსება სწორი გადაწყვეტილებაა.
,,მსოფლიო ტენდენციაც ისეთია, რომ დიდი მოთამაშეები ნელ-ნელა გარბიან ამერიკული აქტივებიდან, რაც აშკარად გამოხატულია. როგორც ვიცით, ჩინეთმა ორჯერ შეამცირა თავისი აქტივები აშშ-ს ფასიან ქაღალდებში. რა თქმა უნდა, მისი ვალუტაც საკმაოდ მყარია და პარტნიორ ქვეყნებს შორის უფრო ივაჭრება, შესაბამისად, იქ განთავსებული ფული უფრო საიმედოა.
მსოფლიოში იზრდება ჩინეთის გავლენა, რომელიც ცდილობს, რომ იუანი მსოფლიო სარეზერვო ვალუტად აქციოს. იგი თავისი მნიშვნელობით დოლარს თანდათან უახლოვდება და ეს მსოფლიოს ფინანსების სფეროში მიმდინარე პროცესებს აშკარად ეტყობა. ამდენად, რეზერვების განთავსება ზოგადად უცხოურ ფასიან ქაღალდებში ნიშნავს, რომ ფული უნდა მუშაობდეს და ამაზე მოდიოდეს გარკვეული მოგება.
ჩინური ფასიანი ქაღალდებით დაინტერესება მიანიშნებს, რომ სებ-ი გრძნობს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციას და სარეზერვო ვალუტების დივერსიფიცირებას მიმართავს, მათ შორის, ჩინურ სარეზერვო ვალუტაში, რაც მნიშვნელოვანია. რამდენიმე სარეზერვო აქტივები უნდა გაგვაჩნდეს სხვადასხვა ქვეყანაში, რათა გვქონდეს გარკვეული გარანტია, რომ საერთაშორისო რეზერვები არ დაიკარგება და მოიტანს გარკვეულ შემოსავალს", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ლია ელიავამ.
ანალოგიური მოსაზრებისაა „თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია, რომლის შეფასებითაც, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მოპოვება დივერსიფიცირებაა არაერთი გაგებით, როგორც ეკონომიკური ციკლების, ისე სხვა ფაქტორების გათვალისწინებითეკონომიკური თვალსაზრისითაც.
მისივე თქმით, ჩინეთის ეკონომიკა და საფინანსო სისტემა უკვე გლობალური მასშტაბის მოთამაშეა, რაც ასეთ ნაბიჯს სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს.
როგორც ნადარაიამ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით გამონაკლისი არ არის და ჩინურ ბაზარზე უკვე არაერთი ევროპული ქვეყანა ოპერირებს.
„მსოფლიო ეკონომიკაში ობიექტური რეალობაა, რომ ყველაზე დიდი სამი ვალუტა არის დოლარი, ევრო და იუანი“, - განაცხადა ეკონომისტმა და დასძინა, რომ რეზერვების სტრუქტურაში იუანის ეტაპობრივი გაზრდა სტრატეგიულად ლოგიკური ნაბიჯია, თუმცა დომინანტ ვალუტებად კვლავ დოლარი და ევრო დარჩება.
აღსანიშნავია ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის განცხადება, რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანი იუანისთვის გლობალური სარეზერვო ვალუტის სტატუსის მოპოვებაა. კომუნისტური პარტიის წამყვან იდეოლოგიურ ჟურნალში, „ციუშიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა ძლიერი ვალუტის აუცილებლობა, რადგან ის მომავალში ფართოდ იქნება გამოყენებული საერთაშორისო ვაჭრობაში, ინვესტიციებსა და სავალუტო ტრანზაქციებში.
მისი თქმით, ჩინეთმა უნდა ააშენოს ისეთი ფინანსური სისტემა, რომელიც შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ამერიკული დოლარის ჰეგემონიას და შეამციროს დამოკიდებულება დასავლურ ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე.
ჩინეთია პრეზიდენტმა რამდენიმე ძირითადი მიზანიც განსაზღვრა, მათ შორისაა: ძლიერი და სტაბილური ცენტრალური ბანკის განვითარება, გლობალურად კონკურენტუნარიანი ფინანსური ინსტიტუტების შექმნა და ისეთი ფინანსური ცენტრების ფორმირება, რომლებიც გლობალურ ფასწარმოქმნაზე გავლენის მოხდენას შეძლებენ.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ გეგმის ნაწილია ციფრული იუანის პოპულარიზაცია და ალტერნატიული საგადასახადო სისტემების განვითარება, რაც ჩინეთს საშუალებას მისცემს, თავი აარიდოს პოტენციურ დასავლურ სანქციებს და გააძლიეროს თავისი გავლენა ბრიქსის ქვეყნებზე.