ქეთო გოგოხია
16.02.2026

საწვავის ბიზნესი პრემიერის ინიციატივას ფასის შემცირების შესახებ ადეკვატურად პასუხობს და საფასო პოლიტიკის გადახედვას გეგმავს. იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობპროდუქტების ღირებულებას დიდწილად გლობალური ტენდენცია განსაზღვრავს, ბიზნესს საკმაოდ ფრთხილი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ შემთხვევაში ასევე ლარის კურსია, რომელიც ჯერჯერობით სტაბილურია. 

როგორი განწყობა აქვთ იმპორტიორებს, რამდენად მოახდენს დადებით გავლენას პრემიერის ინიციატივა ფასებზე და როდიდან ველოდოთ ცვლილებას - ამ და სხვა კითხვებზე ,,ბიზნეს-რეზონანსს" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა უპასუხა.

,,ბიზნეს-რეზონანსი": პირველ რიგში,  პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას შევეხოთ, რაზე შეთანხმდით, რა მდგომარეობაა ბაზარზე ფასებთან დაკავშირებით და რა მოლოდინი გაქვთ?

ვახტანგ იობაშვილი: მინდა გითხრათ, რომ პრემიერთან მიღებისას იყო აბსოლუტურად დემოკრატიული ატმოსფერო, შეთანხმება არაფერზე ყოფილა, პრემიერ-მინისტრისგან არ მიგვიღია მითითება, თუ რა უნდა გავაკეთოთ, ამას ბიზნესი გადაწყვეტს იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც კონკრეტულ სიტუაციაში შეიქმნება. შესაბამისად, ითქვა, რომ გადავხედოთ შესაძლებლობებს და რა გამოსავალიც გამოჩნდება, გავაკეთოთ. 

ჩემი გადასახედიდან, ნავთობპროდუქტების ფასი პროგნოზირება რთულია, რადგან ყოველდღიურად იცვლება ,,პლატცის" ფასი, პოლიტიკური ვითარება და სხვა. ვიცით, რომ საწვავის ღირებულება მუდმივად განიცდის ცვლილებას, ამიტომ პროგნოზის გაკეთება რთულია, არასდროს ვიცით რა იქნება ხვალ. მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ, საერთო სიტუაცია ცნობილია  და ამისდა მიხედვით, ჩვენ განვსაზღვრათ შემდგომ რა შეიძლება გაკეთდეს. 

,,ბ-რ": თქვენი მოლოდინი როგორია, დღევანდელ მოცემულობაში რა გამოიკვეთა, რა შესაძლებლობებია რეალურად და გამონახავს თუ არა ბიზნესი, ასე ვთქვათ,  ,,ოქროს შუალედს"?

ვ.ი: დღეს ბიზნესი თავისუფალია იმდენად, რომ არც ერთი კომპანიის ფასწარმოქმნაში არავინ ერევა, ეს დამოკიდებულია შესასყიდ ფასსა და სავალუტო კურსზე როგორც წესი, ნავთობპროდუქტებს ვყიდილობთ დოლარში და ლარზე ვყიდით. აქედან გამომდინარე, ვერც ერთი დღე ვერ მოდუნდები. ყველა კომპანია ცდილობს, რომ რაღაც გზა გამონახოს, მაგრამ ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს მოცემულობა, პოლიტიკური სიტუაციაც მოქმედებს.

რაც შეეხება შესაძლებლობებს, მთავარია პროცესი გამჭვირვალე იყოს. ყველა ეძებს რესურსს, დადგინდება მოგების პროცენტული მონაცემი. ძალიან რთულია სხვა გზა გამოინახოს, უფრო იაფად ვერ ვიყიდით, არც გადაზიდვების ტარიფს შეამცირებენ, ეს არის საერთაშორისო დონის საკითხი და ძალიან დაკვირვებულად უნდა მოვიქცეთ, რათა არაფერი გაფუჭდეს.

,,ბ-რ": მსოფლიო ბაზრის ტენდენციები როგორია, რამდენად დასტაბილურდა ვითარება სანავთობო ბაზრებზე და იმპორტის კუთხით, რა მდგომარეობაა?

ვ.ი: წინა კვირას ცოტათო მომატებილი იყო ,,პლატცის" ფასი და ახლა  დაიწყო კლება. პროცენტულად დიდი ციფრით არ არის, მცირე სხვაობაა კომპანიები ასეთ ცვლილებებზე არც რეაგირებენ. რა თქმა უნდა, ირანის გავლენა გლობალურ პროცესებზე დიდია. ჩვენ ირანიდან არანაირ ნავთობპროდუქტს არ ვიღებთ, საგზაო ბიტუმის იმპორტს ვახორციელებდით და დღეს უკვე ამასაც აღარ ვეკეთებთ. 

რაც შეეხება ვენესუელას ფაქტორს, მსოფლიოში იგი თავისი მარაგებით პირველ ადგილზეა. მასაც ჰქონდა შეზღუდა, მაგრამ ჩვენზე არ უმოქმედია, რადგან ამ ქვეყნდიან საწვავი არ მოგევწოდება. თუმცა ვენესუელაში ბევრი მარაგია, რომელიც მძიმე ნავთობის კატეგორიას მიეკუთვნება. ეს უფრო ბლანტი, სქელი ნავთობია და ყველა გადამამუშავებელი ქარხანა ვერ ამუშავებს. ყველაზე კარგი და მისაღები ჩვენთვის, არაბული ქვეყნების, რუსეთის და აზერბაიჯანის ნავთობია. გვშველის, რომ გეოგრაფიულად კარგად ვართ განლაგებული და ყველანაირი ტიპის იმპორტზე ხელსაყრელი მდებარეობა და პირობები გვაქვს. 

,,ბ-რ": აქედან გამომდინარე, რამდენად თამამად შეიძლება თქმა, რომ ბაზარზე სტაბილურობა გარანტირებულია, რა შეიძლება იყოს გამოწვევა ბაზრისთვის, თუნდაც ხარისხიდან გამომდინარე?

ვ.ი: ხარისხის საფრთხე იმდენად ახლა არ გვაქვს, უხარისხო საწვავს დღესდღეობით ფაქტობრივად არც ერთი ქვეყანა არ უშვებს, რეგულაციას და სტანადრტს კარგად ვიცავთ. დღესდღეობით ბაზარზე ,,რეგულარის" ტიპის საწვავზე დაბალი კატეგორია არც არსებობს, არ არის გამორიცხული, მომავალ წელს ჩვენც მასიურად გადავიდეთ ,,პრემიუმზე" შესაძლოა, ამისთვის დაახლოებით 2-3 წელი დაგვჭირდეს. 

სტაბილურობის კუთხითაც ყველაფერი წესრიგშია. ქართულ ბაზარზე გავლენას იქონიებს მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე ფასების ცვლილება, რაც არა მარტო ჩვენზე, მთლიანად გლობალური მასშტაბით აისახება. ჩვენ სტაბილურობას ვინარჩუნებთ. ამის ხელშემწყობია სავალუტო  ვითარება და მოწოდების რეჟიმი, არც ერთი მიმართულებით ცუდი მოლოდინი არ არსებობს. არ არის ისეთი რყევა, რომ ბაზარზე ცუდად ემოქმედა. მით უმეტეს, აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, საიდანაც დიზელის დიდი რაოდენობა მოგვეწოდება, 40%-ს გასცდა. ბენზინს, ძირითადად, ევროპული ქვეყნები გვაწვდიან, ასევე ბელარუსიიდანაც ვიღებთ. რამდენიმე თვეა, მოხმარების 1 მლნ ტონას გადავცდით. ამ მაჩვენებლით დავხურეთ 2025 წელი, ტენდენციას მიმდინარე წელსაც შევინარჩუნებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×