
პრემიერი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებას აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის განახლება სუფთა ფურცლიდან სურს და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან, გაკეთებული განცხადებები აიმედებს. ამასთან, როგორც მან თქვა, რადიკალები „ატყუებენ ადამიანებს, რომ ევროკავშირის წევრი თუ გავხდებით, ხვალ ბრიუსელში ან ბერლინში გავიღვიძებთ".
„კლიპებს ავრცელებენ იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, მას შემდეგ, რაც პირობითად, ესტონეთი ევროკავშირის წევრი გახდა, მისი ეკონომიკა 2-ჯერ გაიზარდა და ასე შემდეგ. 2003 წელს გაწევრიანდა თუ არ ვცდები ესტონეთი ევროკავშირში. თქვენ რომ შეადაროთ ეკონომიკური ზრდა ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ასე შემდეგ, რომ აიღოთ საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმ მომენტიდან დღემდე, საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებში.
ასეთი რაღაცეებით არ შეიძლება მანიპულირება და ჭარბი ემოციების გამოწვევა საზოგადოებაში. დებატების საგანი არ არის იმის გადახედვა, რაც კონსტიტუციაში წევრია. ეს არ არის მიზანი.
მაგალითად, ეს დებატები ადამიანებს მისცემს იმის თქმის საშუალებას, რომ გავრცელებული ინფორმაცია, პირობითად, ეკონომიკასთან დაკავშირებით არის სრული სიყალბე და ამით ცდილობენ ადამიანებში ჭარბი ემოციების გამოწვევას იმისთვის,რომ ეს ჭარბნი ემოციები შემდეგ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართონ. ამიტომ, ჭარბი მოლოდინები რომ არ შეიქმნას, ზუსტად უნდა გაიგოს საზოგადოებამ, რა შედეგებს იწვეს ეკონომიკური კუთხით მაგალითად, ევროინტეგრაცია, რა პლუსები და მინუსები აქვს. ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიზანშეწონილია", - განაცხადა კობახიძემ.
მან ამასთან, რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად ალექსანდრე წულაძის დანიშვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექცია იმ მოცემულობის შესაბამისად იმუშავებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები, თუმცა არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები.
„ალექსანდრე წულაძე გამოცდილი ადამიანია, იყო განათლების მინისტრი და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. თქვენ იცით, რომ არის პოლიტიკური წესით ელჩის ან ელჩთან გათანაბრებული პირის განმწესების პრაქტიკა და არსებობს არაპოლიტიკური ნიშნით. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები - ამ მოცემულობის გათვალისწინებით იმუშავებს სექცია რუსეთის ფედერაციაში," - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "რასაც ვისმენთ კონკრეტულად მარკო რუბიოს მხრიდან, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს".
„ჩვენ ვეყრდნობით უშუალო კომუნიკაციას, რომელიც შედგა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტს შორის. ეს არის ჩვენთვის საინტერესო. იქ მივიღეთ ჩვენ კონკრეტული გზავნილები, რაც კიდევ ერთხელ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. რამდენიმეწუთიან შეხვედრაზე დეტალები ვერ იქნებოდა განხილული. გაჟღერდა გზავნილი, რომელიც გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მაღალი დონის მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა, როგორც კობახიძემ განმარტა, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, ვიზიტის შინაარსის კონკრეტიკისგან თავს შეიკავებს.
„მგრძნობიარე თემაა, აქედან გამომდინარე კონკრეტიკაში ვერ შევალ, მგრძნობიარე- არა, უფრო სწორად, უსაფრთხოებას უკავშირდება და არ არის მიზანშეწონილი ყველა დეტალის გარეთ გამოტანა. მას ჰქონდა ძალიან მაღალ დონეზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, ეს შეხვედრაც გვინარჩუნებს ჩვენ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენი მხრიდან ხელი გაწვდილია, მთავარია ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები აშშ-ის მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომასთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა, რომ თავიდან ბოლომდე ენდობა ეროვნული ბანკის საქმიანობას.
„კონკრეტულ პასუხს არ გაგცემთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს არის ეროვნული ბანკის პრეროგატივა. ეროვნული ბანკი განმარტავს თავის ყველა გადაწყვეტილებას რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს. ასეთ საკითხებზე კომენტარის გაკეთება არის ეროვნული ბანკის პრეროგატივა. იცით, რომ ეროვნული ბანკმა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სათავეში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა ნათია თურნავას და ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი შემადგენლობის სახით, დიდი წარმატებით მუშაობს და რეკორდულ ნიშნულზეა ჩვენი სავალუტო რეზერვები. მარტო იანვრის განმავლობაში 141 მლნ დოლარით შეივსო ჩვენი სავალუტო რეზერვები.
იცით, რომ მყარია ლარის კურსი. ინფლაციური პროცესები სწორად რეგულირდება. კონკრეტულ თემებზე არ ვაკეთებ კომენტარს, თავიდან ბოლომდე ვენდობი ეროვნული ბანკის საქმიანობას, გამომდინარე იმ ორწლიანი გამოცდილებიდან, რომელიც გვაქვს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის კუთხით",- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე, მმართველ გუნდს „სანქციების ხომ არ ეშინია?", კობახიძემ უპასუხა, რომ „არაფრის არ გვეშინია".