
რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის - საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხაილ გალუზინი რუსულ მედიასთან ამბობს, რომ მოსკოვი თბილისთან კავშირების ნორმალიზებისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს, პრემიერი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ამ საკითხზე რუსეთთან კომუნიკაცია არ ყოფილა და რაიმე ცვლილების შემთხვევაში საზოგადოებას თავად აცნობებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი მზად არის რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად.
„ჩვენ მზად ვართ რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად. ეკონომიკური თანამშრომლობა ამჟამად ამ პროცესის მამოძრავებელი ძალაა. 2025 წელს სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 2.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩვენს ბაზარზე ქართული ღვინის ორი მესამედი, ალკოჰოლური სასმელების ნახევარზე მეტი, მინერალური წყლის 40% და ხილის 90% მოდის. რუსეთი, თავის მხრივ, საქართველოს ხორბლისა და ზეთის წამყვანი მიმწოდებელია. მსგავსი სიტუაციაა საქართველოს ძირითად ტურიზმის ინდუსტრიაში. თითქმის ყოველი მეოთხე ტურისტი ჩვენი ქვეყნიდანაა. მე მჯერა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია", - აღნიშნა გალუზინმა.
მისი თქმით, პოლიტიკური დიალოგის არ არსებობა მკვეთრად ეწინააღმდეგება ამ ეკონომიკურ წარმატებებს.
„თუმცა, პოლიტიკური დიალოგის არ არსებობა მკვეთრად ეწინააღმდეგება ამ ეკონომიკურ წარმატებებს. ალბათ, ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, თუ რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში. თუმცა, ეს მათი საქმეა. ჩვენ უბრალოდ გვინდა, თბილისმა იცოდეს, რომ მოსკოვი ღიაა თანამშრომლობის გაფართოებისთვის იქ, სადაც ეს ორმხრივ სარგებელს მოიტანს", - აღნიშნა გალუზინმა.
შგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაც.
„რუსეთთან კომუნიკაცია არ გვქონია"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობისა და რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ყოფილა. კობახიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სიახლე იქნება, საზოგადოებას თავად აცნობებენ.
„ჩვენ არ გვქონია ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია, ეს შემიძლია გითხრათ. თუ რაიმე სიახლე იქნება ამ მიმართულებით, ჩვენ თვითონ წარვუდგენთ შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას", - განაცხადა კობახიძემ.
რითია განპირობებული რუსეთის ეს განცხადება
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ფაქტობრივად, ერთადერთი სახელმწიფოა რომელთანაც ურთიერთობა არ აქვს, მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს დემონსტრაციას რომ ყველაფერი კარგადაა.
„საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა პოსტსაბჭოთა სივრცეში, (უკრაინასთან ესესაა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა თორემ, ომამდე უკრაინასაც კი ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთოებები) რომელსაც არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა".
„ის, რომ საქართველოსთან რუსეთს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მეტყველებს რამდენად რთულადაა საქმე საქართველოსთან, ხოლო რუსეთის დემონსტრირება თითქოს საქართველოსთან ყველაფერი კარგადაა, იჭედება ამისთანა რაღაცებში. თუ ყველაფერი კარგადაა, მაშინ დიპლომატიური ურთიერთობა რატომ არ აქვთ აღდგენილი ხო? ანუ „ოცნება" ხმას არ იღებს, ვერ ამბობს, რომ ჩვენც უკრაინა ვართ და რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ განახორციელა ისეთი აგრესია , როგორიც უკრაინასთან განახორციელა."
ზაქარეიშვილი საუბრობს „ოცნების" პოზიციაზეც, ამბობს, რომ მმართველ გუნდს ძალაუფლების შენარჩუნება ბალანსით სჭირდება.
- ზაქარეიშვილი: "დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკს საქართველო ნეგატიურად უპასუხებს, ჯერ გაიყვანე ჯარები, უკან წაიღე აღიარება აფხაზეთის, სამხრთ ოსეთის და მერე ვილაპარაკოთ დიპლომატიურ ურთიერთობეაზე
(...) რუსეთი ვერანაირად ვერ ამართლებს თავის კარგ ურთიერთობას საქართველოსთან, თუ ყველაფერი კარგადაა სადაა დიპლომატიური ურთიერთობა, ამას კარგად იყენებს „ოცნება", „ოცნებას" სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება ბალანსით, დაუთმოს რუსეთს იმდენი რამდენიც სჭირდება მას და არ შევიდეს იმაზე მეტ სიღრმეებში რამდენიც მას არ სჭირდება- მაგალითად, ნატოში არ მიდის, ევროპაში არ მიდის, ეს კარგია რუსეთისთვის, მაგრამ დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან არ აღადგენს,
მაგალითად, ოდკბ-ში არ მიდის , დსთ-ში არ მიდის, „3+3"-საკმაოდ უდღეური ფორმატია, იქაც კი არ მიდის. საკმაოდ მკაფიოდ უტევს ჟენევის შეხვედრების დროს, ხმას აძლევს გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წინააღმდეგ, აშკარად, ჩანს რომ „ოცნება" თავის ამომრჩეველთან თამაშობს-ხომ ხედავთ მე პრორუსი არ ვარ ევროპასთან, რუსეთთან- ხომ ხედავთ მე პროევროპელი არ ვარ. ...ორივესთან თამაშის წესი აქვს აგებული".-გააცხადა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, დღევანდელი მოცემულობით რა ნაბიჯები შეიძლება რუსული მხარის საპასუხოდ გადადგას, ანალიტიკოსი გვპასუხობს:
„დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა საქართველოს არაფერში არ სჭირდება, ამით დადასტურდება ის მოსაზრებები, რომ, თითქოს, საქართველო მიდის რუსეთისკენ.
„ამ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკს, ჩვენ ვნახავთ, საქართველო ნეგატიურად უპასუხებს, ჯერ გაიყვანე ჯარები, ჯერ უკან წაიღე აღიარება აფხაზეთის, სამხრთ ოსეთის და მერე ვილაპარაკოთ დიპლომატიურ ურთიერთობებზე - დღეს თუ არა ხვალ მაინც გააკეთებენ ამ ტიპის განცხადებას, თუ არ გაუკეთებიათ ჯერ კიდევ" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.