ნატალია ჯვარიძე
16.02.2026

დეკემბერში, მარ-ა-ლაგოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ თუ ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ისრაელის მიერ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე დარტყმებს, - ინფორმაცის CBS News-ს საკითხზე ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.

გამოცემის ცნობით, ორი თვის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო და სადაზვერვო საზოგადოების მაღალჩინოსნებს შორის შიდა დისკუსიებში დაიწყო განხილვა ირანზე ისრაელის ახალი დარტყმების მხარდაჭერის შესაძლებლობის შესახებ.

დისკუსიები ნაკლებად იყო ფოკუსირებული იმაზე, შეეძლო თუ არა ისრაელს მოქმედება და ყურადღება უფრო მეტად გამახვილებული იყო, როგორ შეეძლო შეერთებულ შტატებს დახმარება, მათ შორის ისრაელის თვითმფრინავების საჰაერო საწვავის შევსების უზრუნველყოფაზე და პოტენციური მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებიდან ფრენის ნებართვის მოპოვების დელიკატურ საკითხზე.

CBS News-ი წერს, რომ გაურკვეველია, რომელი ქვეყნები მისცემენ აშშ-ს ფრენის ნებართვას ისრაელის თვითმფრინავების საწვავით შევსების მიზნით პოტენციური დარტყმისთვის. იორდანიამ, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ მათი საჰაერო სივრცის გამოყენებას ირანზე რაიმე დარტყმისთვის ან ირანის მიერ სხვა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ დარტყმებისთვის.

ეს ყველაფერი იმ დროს ხდება, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია თეირანთან მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ კი აცხადებს, რომ სკეპტიკურად უყურებს ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას.

ნეთანიაჰუმ, რომელმაც გასულ კვირას ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან მოლაპარაკებები გამართა, არაერთხელ განაცხადა, რომ ირანთან ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ბალისტიკური რაკეტების და „რეგიონში ირანის მარიონეტული ძალების" დაფინანსების შეზღუდვას.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, არცერთ მხარეს სამხედრო კონფლიქტი ამ ეტაპზე არ აწყობს.

„მგონი ამერიკა უბრალოდ ფსიქოლოგიური ომის სტრატეგიას ახორციელებს. ჯერჯერობით როგორც მე ვხვდები, ამერიკას ირანთან ომი არ აწყობს. ჯერ ერთი, ამერიკაში გარდამავალი არჩევნები მოდის და ახლა საომარ მოქმედებებში ჩაბმამ შეიძლება გამოიწვიოს ტრამპისა და მისი პარტიის არჩევნებში სერიოზული მარცხი. ამიტომ ტრამპი ახლა ამაზე არ წავა.

სხვათაშორის, ტრამპმა ვენესუალაზეც კი ვერ განახორციელა შეჭრა, მათ უბრალოდ მადურო გაიტაცეს. თუ რამე იქნებოდა, ამერიკა პირდაპირ ვენესუელას დაარტყამდა, რადგან მათი სამხედრო ძალების განადგურება უფრო მარტივი იყო, ვიდრე ირანის. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც კი აშშ-მ თავი შეიკავა სამხედრო ინტერვეციაზე. ირანი სამხედრო კუთხით გაცილებით ძლიერი და განვითარებულია.

ტრამპი ცდილობს მოლაპარაკებები მაინც დაიწყოს და ირანიც გარკვეულწილად მზადყოფნას გამოხატავს. ალბათ, მოლაპარაკებები ჟენევაში გაგრძელდება. ყოველ შემთვევაში, ოქტომბერ-ნოემბრამდე სიტუაცია ისეთი იქნება, როგორც ახლაა. არავითარი მოქმედების აქტიურ ფაზაში გადასვლას არ იქნება, არცერთი მხრიდან.

ბუნებრივია, ირანში სერიოზული გამოწვევებია და სამხედრო კონფლიქტში ჩართვა არ სურს. თან მას ძალების აღდგენა სჭირდება, რადგან ისრაელმა და ამერიკამ სერიოზულად მოახდინეს სამხედრო პოტენციალის შენჯღრევა. ასე რომ, ორივე მხარისთვის უკეთესია მოლაპარაკებების თუნდაც ფორმალურად დაწყება, რომ პროცესი უბრალოდ გაჭიანურდეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×