პრემიერი: „ცრემლმდენი საშუალების გამოყენება არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში. ყველაფერი დანარჩენი არის BBC- ის და სხვისი ტყუილები“
მარიამ ვეკუა
16.02.2026

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, 2024 წელს აქციებზე წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით, საია სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, რომ სასამართლოში წახვიდე და შესაბამის განაჩენს დაელოდო".

როგორც საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 2025 წლის დეკემბრამდე, მიუხედავად მოწოდებებისა, სახელმწიფო არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა.

მისივე განცხადებით, საია ამ ეტაპზე იცავს 7 დაზარალებულს, რომლებმაც ორგანიზაციას სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიაწოდეს ინფორმაცია და თითოეულ მათგანს აღნიშნული პრობლემები დღემდე აწუხებთ.

"ვითხოვთ გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციას, პირების დაზარალებულად ცნობას და ამის შემდეგ ყველა ნაბიჯს თანმიმდევრულად გავყვებით. ჩვენ მოგვმართა 7-მა ადამიანმა, რომელთაც სურთ ამ საქმეზე სამართალწარმოება", - განაცხადა თამარ ონიანმა.

"ჩვენ ყველა ნაბიჯს თანმიმდევრულად გავყვებით. თუკი ვერ შევძლებთ, რომ სამართალი ვიპოვოთ ქვეყნის შიგნით, ასევე გამოვიყენებთ ყველა იმ საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმას, სადაც საქართველო ანგარიშვალდებულია სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით",- აღნიანა ონიანმა.

  • საია:" ჩვენ მოგვმართა 7-მა ადამიანმა, რომელთაც სურთ ამ საქმეზე სამართალწარმოება"

შეგახსენებთ, BBC-იმ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციაზე საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. „ქართულმა ოცნებამ" მასალაში მოყვანილი ინფორმაცია უარყო და BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა. საქართველოს მმართველმა პარტიამ აღნიშნული საჩივრით BBC-სგან ბოდიშის მოხდა და მასალების აღება მოითხოვა.

 

"მათ შეუძლიათ ნებისმიერ რაღაცაზე მიმართონ სასამართლოს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, საია-ს სარჩელთან დაკავშირებით ისაუბრა, მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა BBC-მ.

„ყველამ დაინახა, რომ BBC -ზე გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით. ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა BBC- მ, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი რეპუტაციით.

საერთოდ არ აინტერესებთ, არც რეპუტაცია და არც არაფერი, მზად არიან, ნებისმიერი უხეში სიცრუე და ტყუილი გაავრცელონ BBC -ს ეთერით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ამასთან დაკავშირებით.

ის, რომ საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ინფორმაცია ნივთიერების შესახებ, ეს არის ტყუილი. იმიტომ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ბრიფინგი და დეტალურად გააცნო ეს ინფორმაცია საზოგადოებას. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ არცერთი საერთაშორისო დონეზე აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული შეკრების დაშლის დროს. ცრემლმდენი საშუალების გამოყენება, ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში. ყველაფერი დანარჩენი არის BBC- ის და სხვისი ტყუილები", - განაცხადა პრემიერმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა საია-ს სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, რომ სასამართლოში წახვიდე და შესაბამის განაჩენს დაელოდო".

„მათ შეუძლიათ ნებისმიერ რაღაცაზე მიმართონ სასამართლოს. ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, რომ სასამართლოში წახვიდე და შესაბამის განაჩენს დაელოდო. რაც შეეხება ზღაპრებს მოწამვლასთან და ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამასთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარა.

პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაც ძალაშია - ნებისმიერ დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორს შეუძლია ჩამობრძანდეს და ჩვენ მივაწვდით ყველა საგამოძიებო მასალას, რათა თავიანთი დასკვნა დადონ, თუმცა დღემდე გამოხმაურება არ ყოფილა.

  • მაჭავარიანი: "ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, რომ სასამართლოში წახვიდე და შესაბამის განაჩენს დაელოდო."

რაც შეეხება საია-ს, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ. ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა საია," - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×