
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გამოსცა დასკვნა, რომელშიც განსაზღვრულია 2019 წლის 30 მაისის მდგომარეობით შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება.
2019 წლის 30 მაისს სს „საქართველოს კაპიტალმა“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბრიტანული-ქართული აკადემიის კაპიტალში ნათია ჯანაშიასგან შეიძინა 70 პროცენტიანი წილი. შესაბამისად, ნათია ჯანაშიას საკუთრებაში დარჩა 30 პროცენტიანი წილი. ნასყიდობის საფასურად ნათია ჯანაშიამ საბანკო გადარიცხვით მიიღო 29 309 905. 66 ლარი.
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, მოცემული პერიოდისთვის შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება შეფასდა, საიდანაც 70 პროცენტის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 28 764 901.2 ლარი. გამოდის, რომ „საქართველოს კაპიტალმა“ 70 პროცენტიანი წილის შესყიდვის დროს ნათია ჯანაშიას საბაზრო ღირებულებაზე 545 ათასი ლარით მეტი გადაუხადა.
საქართველოს განათლების ჯგუფის განცხადებით, სამხარაულის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის პოზიციას და მთლიანად აქარწყლებს ბრიტანულ-ქართული აკადემიის ყოფილი მენეჯმენტის ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მანიპულაციურ ვარაუდებს, რომ მათ აკადემიის 70 პროცენტიანი წილი იაფად დათმეს.
„ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ, არაერთხელ განაცხადეს რომ მათი წილი იაფად, უსამართლო ფასად დათმეს, და რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს. სამხარაულის დასკვნამ დაადასტურა, რომ ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მიერწამოწყებული სპეკულაციურიკამპანია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70%-იანი წილისშეძენა განხორციელდა მხარეთა შორის შეთანხმებულ ფასად, რომელიც სამხარაულის დასკვნის მიხედვით იყო სამართლიანი ფასი. მეტიც, აღემატებოდა იმ მომენტისთვის არსებულ საბაზრო ფასს,“ - აცხადებენ „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილ კომპანიაში - „საქართველოს განათლების ჯგუფში“.