
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ყველაზე უფრო მსხვილ დაავადებებთან, ყველაზე დიდ მკვლელებთან, ეს არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, სიმსივნეები და დიაბეტი, რომელიც მთლიანი სიკვდილიანობის დაახლოებით 97% შეადგენს საქართველოში, - განაცხადა NCDC-ს გარემოს ჯანმრთელობის სპეციალისტმა ნია გიუნაშვილმა.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაანგარიშებების შესაბამისად, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 7 000-მდე სიკვდილი არის ასოცირებული სწორედ ჰაერის დაბინძურებასთან.
„ჰაერის დაბინძურება დიდ პრობლემას წარმოადგენს ურბანული დასახლებებისთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში თბილისისთვის, სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის 35% ცხოვრობს. თავად ჰაერის დაბინძურებაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი არის საავტომობილო ტრანსპორტის გამონაბოლქვი. შესაბამისად ყველა ტიპის რეგულაცია, რომელიც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, რა თქმა უნდა უნდა მოიაზრებდეს მათ შორის ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებსაც", - აღნიშნა ნია გიუნაშვილმა.
ახალ რეგულაციებზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ