ნატალია ჯვარიძე
15.02.2026

რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ითხოვს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ ეს დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანდა საქართველოს და ქვეყნის ხელისუფლება წესით უნდა დაფიქრდეს ამაზე. რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ავერჩუკმა კი განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთის გავლით საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე. რა გეგმა ჩანს ამ განცხადებების მიღმა და როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია?

15 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს, განიხილოს მათთან კონტაქტები. მოწოდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა გააკეთა.

  • მიხაილ გალუზინი: „იქნებ საქართველოს ხელისუფლება დაფიქრდეს, თუ რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში".

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოს ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია. თუმცა, მან თქვა, რომ მხოლოდ ასეთი წარმატებები საკმარისი არ არის.

„ეკონომიკაში არსებული წარმატებები მკვეთრად კონტრასტირებს პოლიტიკური დიალოგის არარსებობასთან. იქნებ საქართველოს ხელისუფლება დაფიქრდეს, თუ რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში", - განაცხადა მიხაილ გალუზინმა.

გარდა ამისა, 12 თებერვალს რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთის გავლით საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხს განიხილავს.

მისი თქმით, მიმდინარეობს სამუშაოები კავკასიაში ყველა დაზიანებული მარშრუტის განბლოკვის მიზნით.

„ეს მოიცავს რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის განხილვას", - თქვა მან.

ოვერჩუკმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მარშრუტის აღდგენა მნიშვნელოვანია მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და რუსეთისთვის.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, საქართველოს ითრევენ ჩრდილოეთ-სამხრეთის გეოეკონომიკური პროექტის რეალიზაციააში. მისივე აზრით, საქართველოს ხელისუფლება ამაზე არ უნდა წავიდეს.

  • ვახტანგ მაისაია: „როგორც ჩანს, საქართველოს ითრევენ ჩრდილოეთ-სამხრეთის გეოეკონომიკური პროექტის რეალიზაციაში, ვინაიდან რუსეთს უკვე პრობლემები შეექმნა აზერბაიჯანთან."

„ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვთქვი, რომ რუსეთი ამას მოითხოვდა და ასეც მოხდა. მინდა გითხრათ, რომ ოვერჩუკი, ფაქტობრივად, რუსეთის პრემიერია და პუტინი ამ პოსტისთვის მას უკვე ამზადებს. ამიტომ ჩათვალეთ, რომ მისი განცხადება პირდაპირ პუტინის გზავნილია. ამას ემატება გალუზინის განცხადებაც.

„ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს დღევანდელ რეჟიმს ხედავს სტრატეგიულ პარტნიორად. როგორც ჩანს, საქართველოს ითრევენ ჩრდილოეთ-სამხრეთის გეოეკონომიკური პროექტის რეალიზაციაში, ვინაიდან რუსეთს უკვე პრობლემები შეექმნა აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანმა უარი განაცხადა, რომ ჩართულიყო ამ პროექტის რეალიზაციის საქმეში, რაც ვახსენე. ფაქტობრივად, აფხაზეთის ე.წ. რკინიგზის აღდგენა პირდაპირ კავშირშია რუსეთ-ირანის გეოეკონომიკური და გეოსტრატეგიული ალიანსის კიდევ უფრო გაძლიერებასთან.

„სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლება ამაზე დათანხმდება. როგორც ჩანს, რუსეთი ამ საკითხს ულტიმატუმის დონეზე აყენებს. როგორც აქამდე იყო საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, ასევე უნდა გაგრძელდეს - როგორც ჩვენ გვქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი, რომ სანამ ჩვენი რეგიონის დეოკუპაცია არ მოხდება, ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ზედმეტია. თუ ასე არ მოხდა, ეს იქნება საქართველოს მხრიდან ძალიან ტრაგიკული ნაბიჯი. ჯობია საქართველო „ტრამპის მარშრუტს" მიურთდეს და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით განავითაროს მუშაობა, ვიდრე რუსულ პროექტში ვიყოთ მთავარი მონაწილეები და მერე ჩვენი ტერიტორია კრემლმა გამოიყენოს სომხეთზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლის განხორციელების მიზნით", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×