
ოპოზიციის ერთობის დოკუმენტზე „ლელომ" საბოლოოდ უარი თქვა. „ნაცმოძრაობაში" ამ საკითხზე ისევ აზრთა სხვადასხვაობაა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება. „კოალიცია ცვლილებებისთვის" კი აცხადებს, რომ დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მასზე ხელმოწერაზე უარს იტყვიან, საზოგადოებისათვის თავისი პოზიციის ახსნა მოუწევთ.
„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, თენგო თევზაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისგან" ელოდებიან ღია და ოფიციალურ პასუხს, ხოლო „ლელომ" უკვე დააფიქსირა პოზიცია, რომ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
- თენგო თევზაძე: „თუ ეს ერთობა ვერ შედგა, ყველას მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვინც ერთობის გულმხურვალე მხარდამჭერები არიან, მაგრამ ერთობა არასდროს შეუქმნიათ სხვასთან. პირიქით, ისინი ხელს უწყობენ მეტი ბარიერის შექმნას. "
„მინდა ვთქვა, რომ უკვე არსებობს შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც რედაქციული ხასიათის ცვლილებებს საჭიროებს, შინაარსი და პრინციპები შეთანხმებულია. უახლოეს დღეებში ეს დოკუმენტი გახდება საჯარო. დოკუმენტზე ხელის მოწერის ნაწილში ვის რა არ მოსწონს, რატომ არ აწერს ხელს, ამაზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ.
„თუ ეს ერთობა ვერ შედგა, ყველას მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვისაც აღებული აქვთ ხელში ერთობის დროშა, ერთობის გულმხურვალე მხარდამჭერები არიან, მაგრამ ერთობა არასდროს შეუქმნიათ სხვასთან. პირიქით, ისინი ხელს უწყობენ მეტი ბარიერის შექმნას.
„ეს დოკუმენტი გავლილია. ჩვენ ველოდებით ღია და ოფიციალურ პასუხს „ნაციონალური მოძრაობისგან". „ლელოსგან" მივიღეთ პასუხი, რომ ისინი ხელს არ აწერენ. ეს მათი პოზიციაა და გასაგებია", - განაცხადა თევზაძემ.
თევზაძემ ოპოზიციური ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოების ორ მთავარ მოთხოვნას - პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნას.
„ოპოზიციამ უნდა შევქმნათ ისეთი ერთიანობა, რომელიც საზოგადოების ორ მთავარ მოთხოვნას - პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნას შეასრულებს. ახალი სამართლიანი არჩევნები რომ დაინიშნება, ოპოზიცია უნდა დასხდეს და გადაწყვიტონ როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ დიახ, შესაქმნელია.
„საქმე საქმესთან რომ მიდგება, ერთიანობასთან დაკავშირებით მესმის ბუნდოვანი პოზიცია. ვინმეს არ მოსწონს თენგო თევზაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ა.შ. -მოწონებაზე არ არის საუბარი. აქ არის ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ეროვნული ინტერესი.
„ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა, გაერთიანება. ერთიანობასთან ერთად უნდა გავშალოთ ბრძოლის სტრატეგია, თუ როგორ უნდა დავასუსტოთ ივანიშვილის რეჟიმი. ოპოზიცია მრავალფეროვანია და ეს ერთობაც უნდა იყოს მრავალფეროვანი, რათა მას დიდი ძალა ჰქონდეს. უნდა გავიგოთ, თუ რატომ არ გამოდის ერთობა 13 წლის მანძილზე", - განაცხადა თევზაძემ.
- ნიკა ჩიტაძე: „შესაძლოა ოპოზიციაში ვიღაც „ოცნებასთან" დიალოგის მომხრეა, რასაც „ნაცმოძრაობიდან" ვიღაც ეთანხმება და ვიღაც - არა."
„ნაცმოძრაობაში" არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე „ფედერალისტების" ლიდერმაც ისაუბრა.
„ეს არ არის დახურული დოკუმენტი, ეს არ არის დროში შემოსაზღვრული დოკუმენტი. უბრალოდ, ჩვენ გვეჩქარება, პროცესი უნდა დავძრათ. „ნაციონალურ მოძრაობასთან" მიდის მოლაპარაკებები, მიშა სააკაშვილის წარმომადგენლების იქ, იყო ბოლო შეხვედრაზე. თვლის, რომ ბარამიძემ უნდა წარმოადგინოს მისი ინტერესები. ბოკუჩავა სხვა რაღაცაზე ლაპარაკობს და ჯობია შიგნით ჩამოყალიბდნენ და როცა ჩამოყალიბდებიან, მერე იტყვიან.
„მოლაპარაკებებში მონაწილეობს და თავის ვარიანტებს გვთავაზობს სააკაშვილის სახელით ბარამიძე და უნდა ხელმოწერა, ყოველ შემთხვევაში ამას ამბობს", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობის" გარეშე რეალური ერთობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდება. ამასთან, მისი ვარაუდით, აზრთა სხვადასხვაობა შესაძლოა მმართველ პარტიასთან მომავალი ურთიერთობის საკითხს უკავშირდებოდეს.
„ნამდვილად არ ვიცი, „ნაცმოძრაობაში" ვის რა პოზიცია გააჩნია. შესაძლოა ოპოზიციაში ვიღაც „ოცნებასთან" დიალოგის მომხრეა, რასაც „ნაცმოძრაობიდან" ვიღაც ეთანხმება და ვიღაც - არა. ვერ გეტყვით ვინ რა აზრზეა.
„მე მაინც მგონია, რომ გარკვეული დათქმებით ერთობას „ნაცმოძრაობა" მაინც შეუერთდება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეალური ერთიანი ოპოზიციური პლატფორმის ჩამოყალიბება რთული იქნება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".