მარიამ ვეკუა
15.02.2026

მმართველი პარტია ევროინტეგრაციის საჭიროებაზე საჯარო დისკუსიის გახსნას ცდილობს. ამ თემაზე საჯარო ტელე-დებატებია დანიშნული, თუმცა მას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და ექსპერტების ნაწილმა. ისინი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციური კურსია და არა საკამათო საკითხი.

ევროინტეგრაციის საჭიროებაზე დებატები „რუსთავი 2"-ის ეთერში იგეგმება. მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის". შესაბამის განცხადებას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„ევროინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანი, რასაც საქართველოს მოსახლეობა ურყევად უჭერს მხარს. შესაბამისად, სადებატო არაფერია!".

დებატებში მონაწილეობაზე ასევე უარი განაცხადა სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა, რომელმაც თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე „ფეისბუქში" ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:

„მირეკავენ. უცხო ზარია. არ ვპასუხობ. ცოტა ხანში მომდის სმს:

„იაგო, გამარჯობა. „რუსთავი 2"-დან გიკავშირდებით, დებატებზე გვინდა თქვენი მოწვევა. რომ მოიცლით შემეხმიანეთ და გადმოვრეკავ. მადლობა."

  • იაგო კაჭკაჭიშვილი: „ევროინტეგრაციის მიმართ ნიჰილიზმის ეს ახალი ათვლის წერტილი ამ ხელისუფლებამ გააჩინა - თანაც ისე, რომ მარგინალიზაციის არ ეშინია."

„საპასუხო სმს ჩემგან: „სალამი. რას ეხება დებატები?"

„რუსთავი 2": „კიდევ ერთხელ გამარჯობა. თემა: „სჭირდება თუ არა ქვეყანას ევროინტეგრაცია?" დადასტურებული სტუმრები არიან: ირაკლი კირცხალია, ვატო შაქარაშვილი, გოგა ხაინდრავა, ნოდარ კაპანაძე, ეკა სეფაშვილი."

„მე: „ეს ხალხი ამბობს, რომ ქვეყანას არ სჭირდება ევროინტეგრაცია? ამაზე აწყობთ დებატებს?"

„რუსთავი 2": „ყველას თავისი აზრი აქვს. ამ შემთხვევაში თქვენი აზრი გვაინტერესებს".

მე: „ამ თემაზე დებატებია თავად მავნებლობა. თავი რომ გავანებოთ იმას, რომ ანტიკონსტიტუციურია."

„რუსთავი 2": „გასაგებია. მადლობა".

„დებატების საგანსაც ხომ გააჩნია, მართლა?

„ძალიან სიმპტომატურია ეს მიმოწერა: არასოდეს, პოსტსაბჭოთა საქართველოში, საჯარო რევიზიის ქვეშ არ დამდგარა ევროინტეგრაციის სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ამის უარყოფა მიიჩნეოდა ნებისმიერი ვინმეს მარგინალიზაციის უტყუარ საფუძვლად.

„ევროინტეგრაციის მიმართ ნიჰილიზმის ეს ახალი ათვლის წერტილი ამ ხელისუფლებამ გააჩინა - თანაც ისე, რომ მარგინალიზაციის არ ეშინია.

„ჰოდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეეშინდეს!"

სურს თუ არა „ოცნებას" 78-ე მუხლის შეცვლა

ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და კონსტიტუციის 78-ე მუხლში ვკითხულობთ:

„კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად."

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძეს აზრით, ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ პოლიტიკაზე უარის თქმა არ იქნება.

„ევროკავშირში გაცხადებულ პოლიტიკაზე უარის თქმა არ იქნება. ეს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს და ეს კონსტიტუციაში ჩაწერილია. მაგრამ მსჯელობა ამ საკითხზე უნდა იყოს.

„ეს მე სრულიად გამართლებულად მიმაჩნია, ვინაიდან, რასაც ევროკავშირი, გარდა ორი ქვეყნისა, საქართველოს მიმართ აკეთებენ უკვე მერამდენე წელია... მხედველობაში მაქვს სლოვაკეთი და უნგრეთი და ამ ბოლო დროს ჩეხეთი - დანარჩენებს კი საქართველოს მიმართ დიდმპყრობელური კოლონიური პოლიტიკის გატარება სურთ. ახლა ევროკავშირი, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირად არის გადაქცეული. ამიტომ, ვფიქრობ, მსჯელობა ამ საკითის გარშემო უნდა იყოს", - განაცხადა გვენეტაძემ.

  • ედიშერ გვენეტაძე:„ევროკავშირში გაცხადებულ პოლიტიკაზე უარის თქმა არ იქნება. ეს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს და ეს კონსტიტუციაში ჩაწერილია. მაგრამ მსჯელობა ამ საკითხზე უნდა იყოს."

განსხვავებულად ფიქრობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. მისი აზრით, აშკარაა, თუ რა მიზანი აქვს დებატებს ევროინტეგრაციაზე.

„მემგონი, ამ კითხვაზე პასუხი სრულიად ცხადია - უკვე ორი წელია ხელისუფლების მოქმედება მიუთითებს სწორედ იმის საწინააღმდეგოდ, რაც კონსტიტუციაში, 78-ე მუხლში წერია. ამ მუხლში წერია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების თუ კონსტიტუციური ორგანოები ვალდებული არიან ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ყველანაირად ხელი შეუწყონ. ზუსტად ამის საწინააღმდეგოს აკეთებენ და აკეთებენ ღიად.

„თუ მოქმედებებს შეხედავთ, მაშინ ის განცხადება, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი, სრული სიყალბე გამოდის.

„მე რა ინფორმაციაც მაქვს ამ დებატებთან დაკავშირებით და დებატების მონაწილეთა შემადგენლობაც, ესეც აშკარად მიუთითებს იმაზე თუ რა აქვს მიზნად ამ დებატების მოწყობით ხელისუფლებას.

„როცა დებატებში მოანაწილეთა 80 თუ 90 % ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგეა და ასე აპირებენ დებატების მოწყობას, ხომ ცხადია, სურთ იმ შთაბეჭდილების შექმნა, რომ აი, დიდი უმრავლესობა ევროინტეგრაციის წინააღმდეგია და მხოლოდ მარგინალი ადამიანები არიან ევროინტეგრაციის მომხრეები", - განაცხადა ხმალაძემ „რეზონანსთან".

  • ვახტანგ ხმალაძე: „მე რა ინფორმაციაც მაქვს ამ დებატებთან დაკავშირებით და დებატების მონაწილეთა შემადგენლობაც, ესეც აშკარად მიუთითებს იმაზე თუ რა აქვს მიზნად ამ დებატების მოწყობით ხელისუფლებას.

მისივე თქმით, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება მსმენელზე, თუ როგორ შეაფასებს მოსმენილს.

„ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება მსმენელზე, რამდენად სწორად შეაფასებს მოსმენილს. ხშირი გამეორებით, ერთი და იგივეს სხვადასხვა ფორმით თქმით, გამუდმებით ამის ჩიჩინით, რომ ეს ადამიანიები დაარწმუნონ რომ თეთრი არის შავი და შავი არის თეთრი, როცა პროპაგანდისეტბს ბევრად მეტი რესურსი აქვთ ამის საკეთებლად, მაშინ ეს საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენს", - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×