
ოკუპირებულ ცხინვალში ორი დღის წინ საზეიმოდ გაიხსნა რუსული პასპორტების გამცემი პუნქტი. ეს იმ ფონზე ხდება, როცა გასულ კვირას ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალურად შეწყდა რუსული პასპორტების და მართვის მოწმობების გაცემა და შესაბამისი პუნქტებიც დაიხურა. ექსპერტების შეფასებით, ეს მოსკოვმა დემონსტრაციულად გააკეთა და აფხაზებს დემონსტრაციულად სჯის.
აფხაზური მედიის ცნობით, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა სამუშაო ვიზიტით მოსკოვშია. როგორც 13 თებერვლის ინფორმაციაშია აღნიშნული, დაგეგმილია შეხვედრები ხელმძღვანელობასთან, სადაც განიხილება „რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრი". რეალურად კი მისი ვიზიტის მიზანი სწორედ კრემლის ზემოთ აღწერილი გადაწყვეტილების შეცვლაა.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული პასპორტების გამცემი პუნქტები 6 თებერვალს დაიხურა. ამას ადგილობრივი მცხოვრებლების დიდი უკმაყოფილება და ანტირუსული ისტერია მოყვა. ბადრა გუნბამ კი პირობა დადო, რომ რუსეთს სთხოვდა გადაწყვეტილების გადახედვას.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სოხუმის ე.წ. პარლამენტის „თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის" სკანდალური სხდომა, რომელსაც, დე ფაქტო ლიდერებთან ერთად, რუსეთის ე.წ. ელჩი მიხაილ შურგალინიც ესწრებოდა.
„4 თებერვალს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის კან კვარჩიამ, რომელმაც მოგვიანებით საჯაროდ გააკეთა კომენტარი, ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურის სპეციალისტების აფხაზეთში ყოფნის კანონიერება და ეს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნია. შედეგად, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ოფიცრების გამოწვევა და რესპუბლიკაში დოკუმენტების გაცემის შეწყვეტა", - განმარტა შურგალინმა.
რაც შეეხება ცხინვალს, „ეხო კავკაზას" ცნობით, 13 თებერვალს რუსული პასპორტების გაცემის პუნქტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა რუსეთის ე.წ. ელჩმა მარატ კულახმეტოვმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის მეთაურმა, ძამბოლატ თედეევმა მიიღეს.
კულახმეტოვმა განაცხადა, რომ რუსული პასპორტების გაცემის პუნქტის გახსნა „ორი ქვეყნის ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია".
„ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ნათელი დადასტურებაა და იმაზე მიუთითებს, რომ საერთო დიდი სამშობლო და დიდი ისტორია გვაქვს", - აღნიშნა ე.წ. ელჩმა.
რატომ სჯის მოსკოვი ოკუპირებულ სოხუმს
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოსკოვი აფხაზებს ასე დემონსტრაციულად დამამცირებლად ურჩობისთვის სჯის.
„აფხაზები, სხვადასხვა მიზეზის გამო, მოსკოვში სხვადასხვა კურატორის წინაშე ერთს ლაპარაკობენ და სოხუმში სახალხოდ კი - მეორეს. ახლა რუსეთმა მიდგომები შეცვალა.
„უკრაინის მიმდინარე კონფლიქტისა და იმის ფონზე, რომ ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ბიუჯეტი კატასტროფულ მდგომარეობაში აქვთ, კრემლში უკვე სერიოზული გუნდი ჩამოყალიბდა, რომლებიც აქცენტს აკეთებენ მუდმივად უკმაყოფილო „ვიღაც ვიღაცეებზე", რომელშიც აფხაზები იგულისხმებიან.
„აფხაზებმა ტოტალური უკმაყოფილების ტალღა 2024 წლის ზაფხულში დაიწყეს. პირველად ეს იყო ცნობილი სამი „კანონის" მიმართ (აპარტ-ოტელების, საარბიტრაჟო სასამართლოებისა, ბიჭვინთის აგარაკებზე). ითვლებოდა, რომ ამ კანონების მიღება აფხაზეთის ანქესიას ხელს შეუწყობდა და ავიწყდებოდათ, რომ რუსეთის გამოგზავნილი ტრანშებით არსებობდნენ და ბიუჯეტის ნახევარზე მეტი რუსული მხრიდან ფინანსდება. ახლა ოსებს აფაზების დასანახად ეფერებიან, ოსებთან არაფერი სხვა განსაკუთრებული მიზანი არ აქვთ.
„მიუხედავად იმისა, რომ კურატორი შეუცვალეს - კოზაკის მაგივრად სოხუმელი კირიენკო დანიშნეს - ჯერჯერობით აპარტ-ოტელების და სხვა საკითხები შეაჩერეს, აფხაზები და განსაკუთრებით ოპოზიციის დამშვიდება-დაკმაყოფილება რუსებმა მაინც ვერ შეძლეს.
- მამუკა არეშიძე: აფხაზები, სხვადასხვა მიზეზის გამო, მოსკოვში სხვადასხვა კურატორის წინაშე ერთს ლაპარაკობენ და სოხუმში სახალხოდ კი - მეორეს. ახლა რუსეთმა მიდგომები შეცვალა."
„რუსები მიხვდნენ, რომ ოპოზიცია არა მხოლოდ თავის, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს გამოთქვამს. თან ახლა გაუხსენეს ტურისტების შევიწროება, რამდენიმე მკვლელობა, ფულის არასწორი ხარჯვა, კორუფციული სქემა შეზღუდეს - ბევრი ნაბიჯი გადადგეს, თუმცა აფხაზები მაინც ვერ გააჩერეს და ახლა უკვე რეპრესიებზე გადავიდნენ. ახლა ცხინვალში გახსნეს, რადგან დემონსტრატიულად აფხაზებს აჩვენონ, რომ ვინც ჭკვიანად მოიქცევა, იმასთან კარგად მოვიქცევითო", - განაცხადა არეშიძემ.
მან „რეზონანსთან" გუნბას მოსკოვში ვიზიტზეც ისაუბა.
"არ მგონია რუსებმა ეს (რუსული პასპორტების გაცემა აფხაზეთში) დააბრუნონ. თუ აფხაზურ სოციალურ ქსელს გადავხედავთ, აფხაზები რუსების ამ ნაბიჯს ამართლებდნენ. კანონის თვალსაზრისით, რუსებმა სწორი ნაბიჯი გადადგეს. რაც კეთდებოდა, უკანონო იყო, ჩვენს მიმართ კი არა, რუსული და მათ შორის აფხაზური „კანონის" მიხედვითაც. ამდენად, გუნბას მოსკოვთან სასაყვედურო ვერაფერი ვერ ექნება.
- მამუკა არეშიძე: „მაგრამ როგორც სჩვევიათ ხოლმე, რუსეთის გაუთვლელმა და უტვინო პოლიტიკურმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ ქართველებთან ვერ მოილაპარაკეს და ეს გეგმა შეჩერდა."
„რუსეთმა 2024 წელს დაიწყო პოლიტიკის შეცვლა აფახზეთის მიმართ არა მხოლოდ დასჯის თვალსაზრისით, არამედ იმისთვისაც, რომ გარკვეული პოლიტიკური ვითარება შეეცვალა. ეს რუსეთს პირველ რიგში იმისთვის სჭირდებოდა, რომ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი თავის სავაჭრო გზის დივერსიფიკაცია გაეკეთებინა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის. რადგან აზერნაიჯანი თურქეთის მოკავშირედ ითვლება, რუსეთს მათზე დამოკიდებულება არ უნდოდა და ორი კურდღლის მოკვლა სცადა - აფხაზეთში გამავალი რკინიგზა აემუშავებინა, დანარჩენ საქართველოში გამავალ რკინიგზაზე გაევლო ტვირთებს, მერე სომხეთში და პერპენდიკულარში გადაეჭრა ზანგეზურის დერეფანი, რომ ირანში შესულიყო.
„მაგრამ როგორც სჩვევიათ ხოლმე, რუსეთის გაუთვლელმა და უტვინო პოლიტიკურმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ ქართველებთან ვერ მოილაპარაკეს და ეს გეგმა შეჩერდა.
„ამერიკელებმა დაასწრეს და ზანგეზურის მიმართულებით სხვა ნაბიჯები გადადგეს. ახლა ამ პროექტის რეალიზაცია ვითომ თავიდან დაიწყეს. ოვერჩუკმა თქვა კიდეც, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიზგა უნდა აღდგესო, ვნახოთ ახლა მოსკოვი თბილისს კულუარულად რა წინადადებას შესთავაზებს", - განაცხადა არეშეიძემ.