
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის კუთხით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „კონკრეტულ ნაბიჯებს" ელოდება, თუმცა დეტალები დაკონკრეტებული არაა. თავის მხრივ, „ქართული ოცნებაც" ელოდება ნაბიჯების ვაშინგტონისგან. ანალიტიკოსების აზრით, „კონკრეტულ ნაბიჯებში", დიდი ალბათობით, გათვალისწინებულია, როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორები, მათ შორის ის,რომ ხელისუფლება დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებს. თავად „ოცნებისთვის" კი დამაკმაყოფილებელი იქნება, რომ საქართველო პოლიტიკური იზოლაციიდან გამოვიდეს.
„ნეტგაზეთის" ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ-ში განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად:
„ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის.
„სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია, როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობისა და კეთილდღეობისგან, რომელსაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.
„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად", - აცხადებენ სახდეპში.
საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხელი გაწვდილია და აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული.
„ჩვენ აშშ-ის შემხვედრ პოზიციას ველოდებით. დაველოდებით, რამდენიც იქნება საჭირო. იმედი გვაქვს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება. ჩვენი მთავარი ნაბიჯი გადავდგით - ჩვენ ღიად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. ვთქვით, რომ მზად ვართ ყველა დეტალი ყოველგვარი პირობების გარეშე განვიხილოთ და განვიხილოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ორივე მხარის ინტერესი იქნება ასახული. მზად ვართ, სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ. ეს არის ჩვენი პოზიცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რა ნაბიჯებს ელოდება აშშ და საქართველოს ხელისუფლება
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ „ოცნებისგან" დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნებას ელოდება.
„სასაცილოა... საქართველოს მთავრობა ამერიკელებისგან ნაბიჯების გადადგმას რომ ელოდება, ეს ნიშნავს, რომ „ოცნება" თავად არაფერს არ აპირებს. კომფორტულადაა, თათქარიძის სახელობის ტახტზეა წამოწოლილი და ელოდება, რომ ამერიკა საქართველოს გარშემო იცეკვებს.
- „ვენსი იტალიაში ყაველაშვილს რომ შეხვდა, არც კი დაუწერია... ალბათ ფიქრობდა, ნეტავ ვინაა ეს წვერებიანი კაციო.
„აშშ ელოდება, რომ საქართველო პოლიტიკას შეცვლის და თავს დაანებებს პროირანულ პოლიტიკას. რაც ანძასთან დაკავშირებით მოხდა, ეს თავხედური გამოხტომაა. ტრაგედია არაა ირანის საელჩოში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდეს, თან ისრორიაში იმ მტკივნეულ მომენტზე შენიშვნა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ტრაგედიაა, როცა მერიამ ანძა გაანათა.
„აშშ საქართველოსგან ელოდება, რომ შეცვლის პოლიტიკას და თავისივე აღიარებულ ღირებულებებს დაუბრუნდება, რომელიც კონსტიტუციაში თავადვე ჩაწერეს. ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ თქვენივე კონსტიტუცია შეასრულეთ და დაუბრუნდი შენს დემოკრატიულ პრონციპებსო", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნებისთვის" დამაკმაყოფილებელი იქნება ქვეყანა იზოლაციიდან გამოვიდეს.
„ოცნების" მოლოდინია საქართველო პოლიტიკური იზოლაციიდან გამოვიდეს, ეს მემგონი მისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება. დღეს ტრამპის ადმინისტრაციაში დაძაბულობას ჩინეთი იწვევს, მასთან ურთიერთობის ჩარჩო გარკვეული არაა. ამ დროს კი საქართველო ჩინეთთან კონტექტში აღიქმება.
- „სანამ აშშ ჩინეთთან ურთიერთობას არ გაარკვევს, იქამდე საქართველოსთან ურთიერთობაში დიდი ცვლილებების სურვილი არ ექნება.
„თუ აშშ-ს კეთილგანწყობის ჩვენების სურვილი ექნება, „ოცნება" ამ მხრივ მიიღებს რასაც ელოდება, ოღონდ უფრო შორს გეგმები არ წავა, რადგან ჯერ ჩინეთთან აშშ-ის ურთიერთობაა გასარკვევი", - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, საგარეოს პოლიტიკის გარდა, „ნაბიჯების გადადგმაში" ხომ არ იგულისხმება ბოლო დროს მიღებული კანონების გაუქმება-გაწვევა, ანალიტიკოსმა გვითხრა:
„კი, მათ შორის ეს კანონებიც იგულისხმება. მაგ შენიშვნების ავტორები ძირითადად ულტრალიბერალები იყვნენ - აშშ-ში დემოკრატიული პარტია და ევროკავშირი. მათ პოლიტიკაში ბევრი აკვიატებული იდეა აქვთ, რომელსაც ვინც არ დაიცავს, იმას დაარტყამენ - შენ ჩვენიანი არ ხარო.
„დაგაბრალებენ რუსეთთან ურთიერთობას, დემოკრატიიდან გადახვევას. არაა გამორიცხული ირანის თემა ამოტივტივდეს, ოღონდ არა როგორც გადამწყვეტი, რადგან ბევრი არაფერი გვაკავშირებს. ანძა რომ განათდა, ამაზე ჰქონდა ისრაელს ზედმეტად მძაფრი რეაქცია, ასეთი თემები შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ აშშ-სთვის ირანის თემაც არაა დამთავრებული.
„პროცესი მიდის ჯერ დაუდგენელ ფაქტორების ფონზე, შიდა ფაქტორებს ყურადღებას არ მივაქცევდი, რადგან აშშ-ს როცა სჭირდება, ნებისმიერი ხარისხის დიქტატორთან დაამყარებს ურთიერთობას", - განაცხადა საყვარელიძემ.
რას იზამს "ოცნება" და აშშ
პაატა ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ „ოცნება" არაფერზე წამსვლელი არაა, აშშ-ს კი არაფერი აქვს დასათმობი.
„ოცნებას" აკვიატებული იდეა აქვს, რომ ჩვენ აშშ-ს ვჭირდებით და ადრე თუ გვიან მას დათმობა მოუწევსო. ეს მათი საკმაოდ იდიოტური და ჯიუტი პოზციაა. ეს მას აწყობს, რომ სხვას დააბრალოს. იტყვის - ამერიკამ არ გადმოდგა ნაბიჯიო. მას უნდა დააჯეროს ამომრჩეველი, რომ „კარგები ვართო".
„ოცნება" არც აშშ-ზე მუშაობს და არც ევროკავშირზე. ისინი ამომრჩეველზე მუშაობენ ძალაუფლებისთვის, არაფერზე წამსვლელები არ არიან, ამერიკას კი არაფერი არ აქვს დასათმობი" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ მხარეები რა ნაბიჯებს გადადგამენ, აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზეა დამოკიდებული.
„არ მგინია „ოცნებამ" უკან დაიხიოს. ევროპის ხათრით არ გადადგა ნაბიჯი და აშშ-ს ხათრით გადადგამს? ეს ევროპული ქვეყნების უკმაყოფილებას გამოიწვევს. აშშ-ს ჯერ არ დაუსახელებია კონკრეტულად რა ნაბიჯებს გულისხმობს და რუბიომ რომც გითხრას ეს კანონები ხელს მიშლისო, არ შეიძლება უკან გაწვევა.
„ვაშინგტონიდან ჯერ არაა დაკონკრეტებული ნაბიჯები, ნუ ვჩქარობთ. თუ აშშ-მა ჩინეთთან ურთიერთობა ვერ გაარკვია, შენთან ვერ გაარკვევს.
„გაზაფხულზე ტრამპი-სი ძინპინის შეხვედრებია დაგეგმილი, დავუცადოთ. იქ გამოჩნდება ჩვენ უნდა დავიხიოთ უკან, ამერიკამ, თუ საერთოდ მთელი მსოფლიო ფეხზე დავიკიდოთ და ჩვენი ცხოვრება გავაგრძელოთ - ეგეთი არჩევანიც შეიძლება იყოს", - განაცხადა საყვარელიძემ.