
თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. სავარაუდო შესყიდვის ღირებულება 416 592 000 ლარს შეადგენს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 27 მარტს იწყება და 31 მარტს სრულდება.
ინფორმაციისთვის, მერიამ ტენდერი თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში გამოცხადდა. მოგვიანებით წინადადებების წარდგენის ვადები 2026 წლის 16 თებერვლამდე გადაიწია. თუმცა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელახალი ტენდერი 13 თებერვალს გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, ტრამვაის ხაზი იწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით უკავშირდება მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას.
სატენდერო პირობების მიხედვით, ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე - 7,5 კმ.; საორიენტაციო გაჩერების რაოდენობა - 11, ტრამვაის შემადგენლობა - 10; ხოლო ტრამვაის ერთი ვაგონის ტევადობა არანაკლებ 300 მგზავრი იქნება.
ამასთან, შესყიდვის თანახმად, ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის მეტროპოლიტენის ხაზთან მიბმა და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება.