
დიპლომატიური მზადყოფნისა და სამხედრო ძალის დემონსტრირების პარალელურად, დონალდ ტრამპი, ირანი და მათი რეგიონული ოპონენტები შეთანხმების შანსსა და ახალი ესკალაციის რისკს ერთდროულად ზრდიან - მოლაპარაკებების მაგიდასა და სამხედრო პლატფორმებზე დაწყებული თამაში ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსის გადამწყვეტ ფაზაში გადადის.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანის ლიდერებმა ბოლო დღეებში გამოთქვეს მზადყოფნა, ბირთვული შეთანხმების მიღწევის ახალი მცდელობის ფარგლებში მოლაპარაკებები განაგრძონ, ამავდროულად, თითოეულმა მხარემ გადადგა ნაბიჯები, რათა ერთმანეთისთვის ეჩვენებინათ, რომ მზად არიან სამხედრო დაპირისპირებისთვის, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება.
„ეს ირანისთვის ძალიან ტრავმული იქნება, თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ", - განაცხადა ტრამპმა სოციალურ მედიაში Wall Street Journal-ის სტატიის გავრცელებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშშ-ის მეორე ავიამზიდის დარტყმითი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში პოტენციური განლაგებისთვის ემმზადებოდა.
აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, გამოცემა იტყობინება, რომ ავიამზიდი სავარაუდოდ ორ კვირაში აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროდან მობილიზაციისთვის ემზადება, განლაგების შემთხვევაში, ის შეუერთდება USS Abraham Lincoln-ის ავიამზიდების ჯგუფს, რომელიც უკვე ახლო აღმოსავლეთშია განლაგებული.
ოთხშაბათს, პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მრავალსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ „გადაწყვეტილი არაფერი" არ არის, გარდა მისი განზრახვისა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
- ტრამპი: „ეს ირანისთვის ძალიან ტრავმული იქნება, თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ",
„გუშინ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ნეთანიაჰუსთან. გვესმის, თუ შეთანხმება არ იქნება ძალიან სამართლიანი, ვფიქრობ, მათთვის (ირანისთვის) ძალიან რთული პერიოდი იქნება", - თქვა ტრამპმა.
ირანის ლიდერები მტკიცედ მოითხოვენ, რომ მოლაპარაკებები ბირთვულ საკითხებზე იყოს ორიენტირებული.
„თუ ამერიკელები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ირანი არ გახდეს ბირთვული სახელმწიფო, ეს ისეთი რამაა, რისი მოგვარებაც შესაძლებელია. თუმცა, მოლაპარაკებებში სხვა საკითხების შემოტანა გაართულებს კონსენსუსს", - განაცხადა ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ.
- ესმაილ ბაკაი: „ჩვენ მოქნილობა გამოვავლინეთ. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვიქნებით ურანის გამდიდრების დონეზე სასაუბროდ",
„ჩვენ მოქნილობა გამოვავლინეთ. ვთქვით, რომ მზად ვიქნებით ურანის გამდიდრების დონეზე სასაუბროდ", - თქვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაეილ ბაკაიმ.
ირანმა ასევე პირდაპირ განაცხადა სამხედრო ჩართვის მზადყოფნის შესახებაც.
ხუთშაბათს, ირანის სახელმწიფო მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საზღვაო ოფიცრები სკანდირებენ- „ძირს აშშ". კიდევ ერთმა სახელმწიფო მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ვიდეოკლიპი, სადაც საუდის არაბეთში ირანის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ამერიკული სამხედრო კომპლექსი იყო ასახული
ისრაელის პოზიცია
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანელები, შეიძლება, იძულებულები გახდნენ, „კარგ შეთანხმებას" დათანხმდნენ
„ახლახან დავასრულე მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ვიზიტი ვაშინგტონში, რომლის დროსაც ვესაუბრე ჩვენს დიდ მეგობარს, პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენ მჭიდრო, გულწრფელი და ღია ურთიერთობა გვაქვს", - განუცხადა ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებს აშშ-ში, ისრაელში გაფრენამდე.
მისი თქმით, მოლაპარაკებები ირანზე იყო ფოკუსირებული, თუმცა სხვა საკითხებიც განიხილეს.
„პრეზიდენტი თვლის, რომ ირანელებმა უკვე იციან, ვისთან აქვთ საქმე. [ტრამპი] ფიქრობს, რომ მის მიერ შექმნილმა პირობებმა, იმ ფაქტთან ერთად, რომ ისინი ნამდვილად ხვდებიან, რომ შეცდნენ, როდესაც შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, შეიძლება, კარგი შეთანხმების მიღწევის პირობები შექმნას", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, თავად არ მალავს სკეპტიციზმს ირანთან ნებისმიერი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
„ვთქვი, რომ შეთანხმება უნდა მოიცავდეს იმ კომპონენტებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ისრაელისთვის და, ჩემი აზრით, მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც - არა მხოლოდ ბირთვული საკითხი, არამედ ბალისტიკური რაკეტები და ირანის რეგიონული მარიონეტები", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.