
სტუდენტური პროტესტი განათლების რეფორმის წინააღმდეგ ახალ ფაზაში გადადის - 15 თებერვალს დაგეგმილი აქციის ფონზე, იკვეთება დაპირისპირება სახელმწიფოს განათლების პოლიტიკასა და აკადემიური წრეების მოთხოვნებს შორის, მაშინ როცა უნივერსიტეტებში მისაღები კვოტები მკვეთრად შემცირდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 15 თებერვალს, 15:00 საათზე განათლების რეფორმის საწინააღმდეგო აქცია დააანონსეს.
ისინი განათლების რეფორმის უკან გაწვევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის ხელშეუხებლობას და სრულფასოვანი განათლების უფლებას ითხოვენ.
„ასევე მოვუწოდებთ, პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიურ პერსონალს დაუმორჩილებლობისკენ - არ შეცვალოთ არსებული კურიკულუმები, ყველა შესაძლო ხერხით გააპროტესტეთ პროგრამების გაუქმების საკითხი. სტუდენტებო, ჩვენ ვართ გვერდიგვერდ, ჩვენს უკან არიან ჩვენი მშობლები, ოჯახები და საქართველოს წარსული.
„კვირას, 15:00 საათზე, ვიკრიბებით დედაენის ბაღში, დედაენის მონუმენტთან. ძალა სტუდენტების ერთობაშია! დამხობა რეჟიმს და თავისუფლება სინდისის ტყვეებს!"
განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების მიღებას - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) შეძლებს.
ილიაუნი წელს, საბაკალავრო პროგრამებზე მხოლოდ 300 სტუდენტს მიიღებს, მაშინ როცა გასულ წელს ეს რიცხვი 3 828 იყო. უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების კვოტა თითქმის 13-ჯერ შემცირდა. სამაგისტრო პროგრამებზე ილიაუნი 60 სტუდენტს მიიღებს. 2026-2027 სასწავლო წლისთვის მისაღები სტუდენტების რაოდენობის შესახებ დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.
ყველაზე მეტი კვოტა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერგო - 6 650 მისაღები ადგილით, ტექნიკურ უნივერსიტეტს კი 3 880 ადგილი.
ჯამურად მომავალ აკადემიურ წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა კვოტა 21 300-ით განისაზღვრა.
ილიაუნის პოზიცია
ჩვენ ყველანაირად, მათ შორის სამართლებრივი და პროტესტის გზით, დავიცავთ ოცი წლის მონაპოვარს, - ამის შესახებ ილიაუნის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ აკადემიური საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ განათლების მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პრობლემა, ეს არის ამ ქვეყნის მომავლის განადგურება.
„საზოგადოებას გამოუცხადეს, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ილიას უნივერსიტეტის 97-98% ფაქტობრივად დაშალეს, დაანგრიეს. ეს არ არის მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პრობლემა, ეს არის ამ ქვეყნის მომავლის განადგურება ისე, რომ ამაზე პასუხისმგებლობა არავინ არ აიღოს. ამას ვერანაირად ვერ დავუშვებთ.
„ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების დანგრევას და ჩვენ ყველანაირად, მათ შორის სამართლებრივი და პროტესტის გზით, დავიცავთ ამ ოცი წლის მონაპოვარს", - განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.
ოპოზიციის შეფასება
„ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ფეისბუქში წერს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული რეფორმები შინაარსით იგივეა რაც ბოლშევიკების მიერ ქართული საზოგადოებას „ვაგონებში ჩაყრა და დახვრეტა".
„ბოლშევიკები უფრო სწრაფად გაუსწორდნენ ქართულ საზოგადოებას - ვაგონებში ჩაყარეს და დახვრიტეს. ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში - დაუმორჩილებელი აკადემიური დაწესებულებების განადგურება, დამოუკიდებელი დაფინანსების კრიმინალიზაცია, ბიზნესის ტერორი და ა.შ. შინაარსით ანალოგიური აქტია
„განწირულია ეს მცდელობა - „არასასურველი ელემენტი" მგონია, რომ საკმარისად ბევრია. აკადემიურმა საზოგადოებამ კი, იმედია, სოლიდარობის ფასი დაინახა - მდუმარედ არ მიიღებს აკადემიური სივრცის რეჟიმისთვის დამორჩილების მორიგ მცდელობას."
სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.
- სააკაშვილი: „ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, ყველა ქართველის განათლების დონის, საკუთარ განათლების დონემდე დაყვანა, ე.ი. განათლებული ადამიანების გაქრობა საქართველოში"
„ილიაუნი, რომელიც ჩემს დროს და ჩემი აქტიური მონაწილეობით შეიქმნა - იხურება. მოხდა ის რასაც მე ვამბობდი და ვაფრთხილებდი, მათ ვისაც გეპეის არ გაუქმება გაუხარდა. აი, მიადგნენ ილიაუნის, შემდეგ ეგრევე მოჰყვება საქართველოს უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი. ამის შემდეგ კავკასიის და სხვები. ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, ყველა ქართველის განათლების დონის, საკუთარ განათლების დონემდე დაყვანა, ე.ი. განათლებული ადამიანების გაქრობა საქართველოში. ახლა კი წავიდეს ზოგიერთი და „ედებატონ" პითეკანთროპებს," - წერს სააკაშვილი.
„ოცნების" პასუხი
პარლამენტის თავმჯდომარეს განათლების რეფორმის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ჰკითხეს.
„რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი. როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი, ძალიან დავფიქრდებოდი რასთან გვაქვს საქმე, თუ იქ ვინმე არის გულწრფელი. თუ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები არიან, გასაგებია რასთანაც გვაქვს საქმე.
- პაპუაშვილი: „რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი. როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი"
„რაც შეეხება გუშინ გაცხადებულ საკითხებს. რა არის ამაში ახალი?! ჯერ კიდევ შარშან გამოქვეყნდა კონცეფცია, რომელზეც სამთავრობო კომისია მუშაობდა, რომელშიც 7 გამოწვევა დასახელდა უმაღლესი განათლების წინაშე. არ არსებობს არცერთი ადამიანი, არცერთ უნივერსიტეტსა და სასწავლებელში, საექსპერტო წრეში, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რომ არ არსებობს ეს 7 პრობლემა, მათ შორის არის განათლების ხარისხი, ინსტიტუციური მოწყობა და ა.შ. ჩვენ პრობლემური უმაღლესი განათლების სისტემა გვაქვს, ეს უნდა გავაცნობიეროთ. არის მცდელობა ისე წარმოაჩინონ, თითქოს ყველაფერი კარგადაა", - აღნიშნა პაპუაშვილმა.