თამთა ჩაჩანიძე
13.02.2026

პრემიერი არაბიზაციის წინააღმდეგ ოპოზიციის კამპანიას სპეციალური ვიდეორგოლით პასუხობს. მისი თქმით, საქართველოში უცხოელების 70% პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეა, თურქებისა და ირანელების წილი 0.7%-ია, საემიროებიდან, საუდის არაბეთიდან და ქუვეითიდან მიგრანტები პრაქტიკულად არ გვყავს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომლებსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით საქართველოში აწარმოებდა".

„რუსებს არ ახსენებს, არადა ყველაზე მეტნი რუსები არიან", „ყველაფერში სუსტი ხარ, მათემატიკის საერთოდ აზრზე არ ხარ, აცადე ქართველებს ორ კვირაში ზუსტად დაგიდებენ რამდენი მიგრანტი გყავთ", „კვერცხის ფასს ვერ ადგენთ და მიგრანტების რაოდენობას დაადგენთ?",- უწერენ ინფორმაციის კომენტარებში კობახიძეს კრიტიკოსები.

მანამდე, „ლელომ", „პატრიოტთა ალიანსმა",„კონსერვატორებმა" და სხვა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ საქართველოს არაბიზაცია ემუქრება განსაკუთრებით „იგლი ჰილსის" პროექტის განხორციელების შემთხვევაში. მათი შეფასებით, "ყველაფერი გვერდზე დაგვრჩება, თუ ამ ქვეყანაში ქართველები ეთნიკურ უმრავლესობაში არ ვიქნებით და ეს პროექტი ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიული სურათის ცვლილებას გამოიწვევს".

რა თქვა პრემიერმა

ირაკლი კობახიძის თქმით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3,914,000-ს შეადგენს, საიდანაც უცხოელი მაქსიმუმ 257 ათასი, ანუ მოსახლეობის 6.6 პროცენტია.„ამაში შედის ყველა უცხოელი, საქართველოში არალეგალურად მყოფი მიგრანტების ჩათვლით".

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაზუსტებულ მონაცემებს რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებს. თუმცა, მანამდე, საქართველოში მცხოვრები უცხოელების სავარაუდო რაოდენობა საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ. ამ მონაცემების თანახმად საქართველოში მყოფი უცხოელების დაახლოებით 70 პროცენტი (ანუ 180 ათასი ადამიანი) პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოქალაქეები არიან, აქედან, სულ მცირე 40 ათასი ადამიანი საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან ქართული გვარის მქონეა. საქართველოში მცხოვრები უცხოელების 7.4 პროცენტს თურქები, ხოლო 3.7 პროცენტს ირანელები შეადგენენ, ანუ, გავრცელებული სპეკულაციების წინააღმდეგ, რეგიონის ამ ორი ქვეყნის ჯამური წილი საქართველოს მოსახლეობაში 0.7 პროცენტია. ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი და ქუვეითი, მიგრანტები პრაქტიკულად საერთოდ არ გვყავს, რაც, სპეკულაციებით დაკავებული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საქმეში ჩახედული ადამიანისთვის სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი", - განაცხადა პრემიერმა.

  • კობახიძე: „ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი და ქუვეითი, მიგრანტები პრაქტიკულად საერთოდ არ გვყავს, რაც, სპეკულაციებით დაკავებული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საქმეში ჩახედული ადამიანისთვის სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი".

კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში 37 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რომელთა უმრავლესობა ინდოეთის მოქალაქეები არიან. სტუდენტების 7% იორდანიიდანაა, 6% ისრაელიდან, 5% სუდანიდან, ხოლო 3-3% - პაკისტანიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ეგვიპტიდან. მისი თქმით, ერთი უცხოელი სტუდენტი, სწავლის გადასახადის სახით, წელიწადში საშუალოდ 15,500 ლარს იხდის და ქვეყანაში დამატებით 16,300 ლარს ხარჯავს. მთლიანობაში, უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, უცხოელი სტუდენტების ხარჯზე, საქართველოში 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი და „უცხოელი სტუდენტების პროგრამების გაუქმებით, საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს და დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვანი დანაკლისი შეექმნებოდა". ამასთან, დასძენს, რომ სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ და ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან.

პრემიერი აცხადებს, რომ უცხოელების შრომითი საქმიანობა 1-ელი მარტიდან მნიშვნელოვნად იზღუდება,გასულ წელს კი იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევეს, ვიდრე 10 წელში ჯამურად. ასკვნის, რომ „საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან".

„მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა"

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ფარდა აეხადა იმას, რომ ე.წ. პროევროპული ძალები მსგავსი სპეკულაციებით ცდილობენ, ჩვენი ქვეყანა დააზიანონ.

  • პაპუაშვილი: „პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომლებსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით საქართველოში აწარმოებდა".

„პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომლებსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით საქართველოში აწარმოებდა. მათ შორისაა ის პარტიები, რომლებიც არიან „ალდეს" და სხვა ასეთი ევროპული გაერთიანების წევრები - ვგულისხმობ „ლელოს" და სხვებს, რომლებსაც გარდა იმისა, რომ ტერორისტი ჰყოლიათ საკუთარ გუნდში, მათ შორის, ფაშისტური კამპანიებით არიან დაკავებული და ისეთი ტერმინოლოგიით ჟონგლიორობენ როგორიცაა არაბიზაცია და ა.შ. რაც თავისი არსით უკვე არის ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი, თუ რასთან გვაქვს საქმე. მარტივი სტატისტიკაა, რამაც ყველაფერს ფარდა ახადა. საქართველოში ბოლო აღწერით, მოსახლეობა 3 900 000 არის, საიდანაც მხოლოდ 250 000 არის უცხოელი, ანუ 6.5%. ამ 250 000-დან 220 000 არიას ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველები, ან უცხოელები პოსტსაბჭოთა სივრციდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან. ეს არის რეალობა. რაც შეეხება წილს იმ ქვეყნებიდან, რომელზეც ე.წ. პროევროპული ძალები სამარცხვინოდ აპელირებდნენ - იქნება ეს ირანი, თურქეთი, თუ სხვა სამეზობლო ქვეყნები, მათი წილი წულ არის 0.7% მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში. ამით კიდევ ერთხელ დაესვა წერტილი სპეკულაციებს. ფარდა აეხადა იმას, რომ ე.წ. პროევროპული ძალები საქართველოში ცდილობენ მსგავსი სპეკულაციებით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა," - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×