
1-ლი აპრილიდან, ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება. კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, უკვე პარლამენტშია ინიცირებული. ახალი აკრძალვის მიზეზი არსებული ეკოლოგიური მდგომარეობისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ასევე მათი კომფორტული გადაადგილებაა. ავტოიმპორტიორები და ექსპერტები ამ აკრძალვაში დიდ საფრთხეს ხედავენ, რადგან ახალი რეგულაცია იმპორტს შეამცირებს და უმუშევრობას გაზრდის. გამოსავალი არსებობს - ავტოიმპორტიორები აკრძალვის გადავადებას, უფრო ზუსტად, გარდამავალ პერიოდს ითხოვენ, რომ ბაზარი ახალ რეგულაციას შეეგუოს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო წლებში, ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა. 2012 წელს, საქართველოში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, წლევანდელი მონაცემებით კი ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა. ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და რაც მთავარია, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას.
„შესაბამისად, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება აუცილებელია. ამისთვის, პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, რა თქმა უნდა, მცირე გამონაკლისები გათვალისწინებული იქნება. ეს მნიშვნელოვანია ეკოლოგიისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტული გადაადგილებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საინტერესოა, რა გამონაკლისებს გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი? საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, გამონაკლისები ვრცელდება იმ მ1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1-ელ აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მოხდება 1-ელ აპრილამდე არსებული პირობების შესაბამისად. გარდა ამისა, სამინისტროსვე ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება რეექსპორტს.
მთავრობის ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდნენ ავტოიმპორტიორები და დარგში დასაქმებულები. საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარბაისელმა „რეზონანსთან“ აღნიშნა, რომ მართალია, ახალი შეზღუდვა ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, მაგრამ ძალიან ბევრ დაუსაქმებელ ადამიანსაც მივიღებთ - ავტობიზნესში დასაქმებულები სამსახურს დაკარგავენ.
„არავინ იფიქროს, რომ მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან ვმსჯელობთ, ავტოსერვისებში დასაქმებული ადამიანებიც დაკარგავენ სამსახურს. ისინი პირდაპირ კავშირში არიან ავტოიმპორტიორებთან. საქართველოს იმ მოქალაქემ რა უნდა ქნას, ვისაც მანქანის გამოცვლა უნდა? რეალურად, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია ეს გადაწყვეტილება, მსოფლიოს რომელ ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს მსგავსი აკრძალვა, რომ წლოვანების მიხედვით განისაზღვრება ავტომობილის მდგომარეობა? გავიგეთ, რომ რაც უფრო ახალია ავტომობილი, მით უკეთესია, მაგრამ ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით ვსაზღვრავთ ავტომობილის ავკარგიანობას?“, - დასვა კითხვები ლაშა დარბაისელმა.
2014 წელს, ავტომობილების განბაჟება გაძვირდა, ამას მოჰყვა ახალი რეგულაცია - აიკრძალა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი, რასაც მოჰყვა ტექინსპექტირება. ლაშა დარბაისელის განმარტებით, ყველა ეს რეგულაცია მთავრობამ მიიღო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ავტოპარკის განახლების მიზეზით.
"ამ ყველაფერმა რა შედეგი გამოიღო? ყველა ეს აკრძალვა რეალურად არ მუშაობს, რის გამოც ყოველწლიურად იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობას ვიღებთ, ვიდრე აკრძალვამდე იყო.
ავტოპარკის განსაახლებლად და ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ოპტიმალური გამოსავალი განბაჟების გაძვირება და კონკრეტული წლოვანების აკრძალვა კი არა, პირიქით, განბაჟების გაიაფებაა, რომ ხალხმა შეძლოს ავტომობილების განახლება. გარდა ამისა, კარგი იქნება, მთავრობამ ერთი-ორი წელი მოგვცეს, რომ ადამიანებმა გაყიდონ ძველი, მანქანები და ახალი შეიძინონ. ჩვენ ჯერ ძველ ავტომობილებს ვყიდით, მერე ამას თანხას ვამატებთ და შემდგომ ჩამოგვყავს ახალი. ძველი თუ ვერ გავყიდე, ახალს როგორ ვიყიდი? ბიზნესიც სწორედ ამ პრინციპით მუშაობს, ამიტომაც ვითხოვთ დროს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ დარბაისელმა.
ზუსტად იგივე პოზიციას იზიარებს "კავკასიის ავტოიმპორტის" ხელმძღვანელი გიორგი სურგულაძე, რომელმაც ახალ რეგულაციაზე ეტაპობრივად გადასვლის საჭიროებაზე ისაუბრა. მიზეზი აქაც იმპორტის შემცირება და უმუშევრობის ზრდაა:
„აქამდე აკრძალული იყო 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა, მაგრამ ახლა უცებ 6 წლამდე ჩამოყვანა, ძალიან მკაცრი ზომაა. უმჯობესი იქნებოდა, ახალ რეგულაციაზე ეტაპობრივად გადავსულიყავით, რადგან ბაზარიც მოერგებოდა ამ სიტუაციას. მაგალითად, ჯერ შეეზღუდათ 10 წლამდე ავტომობილების იმპორტი, მაგალითად, 2027 წლის ბოლომდე, ამის შემდეგ შეეზღუდათ 8 წლამდე ავტომობილების იმპორტი და ბოლოს - 6 წლამდე მანქანების იმპორტი. ასეთი გარდამავალი ფაზები რომ ყოფილიყო, გაცილებით უმტკივნეულო და ლოგიკური იქნებოდა რეგულაცია“, - განუცხადა „რეზონანსს“სურგულაძემ.
კონსულტაციებს ითხოვს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, გელა კვაშილავა, რადგან ვიდრე ახალ რეგულაციას შემოვიღებთ, უამრავი საკითხია მოსაგვარებელი, რაც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა:
„ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, ავტომობილის წლოვანებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მდგომარეობაში შემოდის ეს ავტომობილი ქვეყანაში. შეიძლება, 10-12 წლის წინ გამოშვებული მანქანა ტექნიკურად უფრო გამართული იყოს, ვიდრე 6 წლის წინ გამოშვებული. საერთაშორისო სტანდარტები არსებობს, მანქანებს კატალიზატორი უნდა ჰქონდეს, როდესაც ტრანსპორტზე ვსაუბრობთ, ქალაქებს შორის, რკინიგზითაც უნდა შეგვეძლოს გადაადგილება და აეროპორტებიდანაც, ბევრი საკითხია მოსაწესრიგებელი, სატრანსპორტო სფეროში როდესაც ქალაქში მოძრაობის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას გელა კვაშილავამ.